"დღემდე თავს ვიდანაშაულებ, რომ მაშინ არ დავიყვირე - ეს გოგონა ჩემია-მეთქი"
24-10-2016
"დღემდე თავს ვიდანაშაულებ, რომ მაშინ არ დავიყვირე - ეს გოგონა ჩემია-მეთქი"
მერი ჯეინმა ამერიკაში 2 ათასზე მეტი ებრაელი გაიყვანა. "ამერიკელმა შინდლერმა" ვარიან ფრაიმ მოგვიანებით მის მიერ გადარჩენილთა სიას "მერი გოლდის სია" უწოდა

მშვენიერი და მდიდარი ამერიკელი მერი ჯეინ გოლდი არაფერს იკლებდა და ევროპის კურორტებზე ერთობოდა, მაგრამ როცა 1940 წლის მაისში, პარიზიდან მარსელში მიმავალმა დაინახა, როგორ გადმოათრიეს ნაცისტებმა მატარებლიდან ებრაელი გოგონა, ყველაფერი შეიცვალა... მომდევნო 13 თვეში მერი ჯეინმა ამერიკაში 2 ათასზე მეტი ებრაელი გაიყვანა. მისიის ხელმძღვანელმა, "ამერიკელმა შინდლერმა" ვარიან ფრაიმ მოგვიანებით მის
მიერ გადარჩენილთა სიას "მერი გოლდის სია" უწოდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მერი საფრანგეთში გადასახლდა და ფრანგულ რივიერაზე დიდ, მყუდრო სახლში დაბინავდა. მშვიდად გაატარა სიცოცხლის დარჩენილი წლები ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რომელიც ოდესღაც მისთვის ებრაელთა გადასარჩენად ბრძოლის ველად იყო ქცეული.

1940 წლის ივნისში საფრანგეთში გერმანიის ჯარები შეიჭრნენ. პარიზი
დაეცა, საფრანგეთი შუაზე გაიყო. ერთი, პარიზითურთ, ჰიტლერელთაგან იყო ოკუპირებული, მეორე, სამხრეთ ნაწილს კი, მარშალ პატენის კოლაბორაციონისტული მთავრობა მართავდა. მისი ცენტრი ქალაქი ვიში იყო. კაპიტულაციის პაქტის ერთ-ერთი პუნქტით ანტინაცისტურად განწყობილი მოქალაქეები და ებრაელები გერმანიაში უნდა გაესახლებინათ. ამის გამო ათასობით ადამიანი, უპირველესად კი ებრაელები, პარიზიდან ქვეყნის მეორე, თავისუფალ ნაწილში"გარბოდნენ. თუმცა, ვიშის მთავრობა გამალებით ეძებდა ნაცისტთა შავ სიაში შეტანილ მეცნიერებს,­ მხატვრებს და მწერლებს.
როცა ამერიკაში მოხვედრილი პირველი ლტოლვილებისგან ამერიკის ხელისუფლებამ გაიგო ამ "შავსიელთა" გვარები, 200-კაციანი სია შეადგინა და ამერიკაში ებრაელთა გადასაყვანად 1940 წლის აგვისტოში მარსელში ანტიფაშისტი ვარიან ფრაი გაგზავნა. მარსელის ამერიკის საკონსულოში ათასობით ლტოლვილი ცდილობდა ვიზების მიღებას. ფრაი მიხვდა, რომ მათი გაყვანაც კი, ვის საშველადაც გამოეშურა, არ გამოვიდოდა: ვიზები საფრანგეთის ხელისუფლების უნებართვოდ არ გაიცემოდა, ისინი კი ნაცისტების დასტურის გარეშე ხელს ვერ გაანძრევდნენ. დამხმარეებისა და თანამოაზრეების გარეშე ფრაი ფონს ვერ გავიდოდა. ამ მძიმე ვითარებაში მას გვერდით მერი ჯეინ გოლდი დაუდგა.

მერი ჯეინ გოლდი 1909 წელს ჩიკაგოში, მდიდარ ოჯახში დაიბადა. 20 წლისა თვეობით ცხოვრობდა ხან ლონდონის, ხან პარიზის ყველაზე ძვირად ღირებულ სასტუმროებში. ასე გრძელდებოდა მთელი ათი წელი. მაგრამ 1940 წლის მაისში, მორიგი კურორტიდან პარიზში დაბრუნებული "ოქროს" გოგონა მიხვდა, რომ დრო იყო, შინ დაბრუნებულიყო.

მერი გოლდი მარსელისკენ გაეშურა, საიდანაც ამერიკაში გამგზავრებას აპირებდა. გემზე ადგილი დაჯავშნული ჰქონდა. ქალმა უნებურად ყურადღება მიაქცია ხალხს, რომლებსაც ფაშისტების მიერ კონტროლირებად გამშვებ პუნქტებზე ანაწილებდნენ. ესენი ძირითადად ებრაელები იყვნენ, რომლებსაც გზის გაგრძელება აღარ ეწერათ.

მოგვიანებით მერი თავის მემუარებში აღიარებს, რომ მიუხედავად იმ ასობით ადამიანისგან მიღებული მადლობისა, რომლებსაც დაეხმარა, არაერთგზის დაუფლებია დანაშაულის გრძნობა პატარა, თვალცრემლიანი ებრაელი გოგონას გახსენებისას, რომელიც ფაშისტებმა ჩანთებს­ შორის დამალული იპოვეს და მატარებლიდან გამოათრიეს, თან კითხულობდნენ, - ბავშვი ვისიაო."

"თავს ვიდანაშაულებ, რომ მაშინ არ დავიყვირე - ჩემია-მეთქი, არ გამოვგლიჯე ხელებიდან და გულში არ ჩავიკარი, - წერდა მერი, - არც კი მიცდია მისი გადარჩენა, რადგან ეს აზრი მოგვიანებით დამებადა, როცა უკვე ვაგონის ფანჯრიდან მოვკარი თვალი"...

მარსელში, ამერიკის საკონსულოს ჭიშკართან, მერი გოლდმა ასობით ებრაელი ბავშვი დაინახა, რომლებიც ამაოდ ცდილობდნენ საფრანგეთიდან გამგზავრების ნებართვის მიღებას. მარსელშივე გაიცნო ვარიან ფრაი და შეიტყო თუ არა მისი მისიის შესახებ, მაშინვე შეუერთდა იმ 200 ადამიანის მძებნელებს, რომელთა სახელზეც ვიზები იყო გაცემული. ძირითადად ესენი იყვნენ ხელოვანნი: მოქანდაკე ჟან ლიფშიცი, მხატვარი მარკ შაგალი, ფილოსოფოსი ჰანა არენდტი და სხვები. როცა ყველა იპოვეს და საზღვარს იქით გადაიყვანეს, საქმის შეწყვეტაზე საუბარიც არ ყოფილა: სია ახალი გვარებით შეივსო. მისი დაფინანსება კი მერი ჯეინმა იკისრა. იქირავა დიდი ვილა მარსელის გარეუბანში, სადაც ებრაელებს მალავდა, მოისყიდა სხვა­დასხვა ქვეყნის საკონსულოები, რომლებიც დიდი ფულის სანაცვლოდ პასპორტებს ზედმეტი შეკითხვების გარეშე გასცემდნენ. მMარსელელ განგსტერებთანაც კი, რომლებსაც ებრაელები საზღვარზე გადაჰყავდათ, მოლაპარაკებებს სწორედ "ოქროს"გოგონა" მართავდა და ფულსაც ის იხდიდა.

ვარიან ფრაისთან ერთად მერი ჯეინმა ამერიკაში 2000-ზე მეტი ებრაელი გადაიყვანა. მას შემდეგ კი, რაც ფრაის უარი უთხრეს საერთაშორისო პასპორტის ვადის გაგრძელებაზე, იძUულებული გახდა, ნიუ-იორკში დაბრუნებულიყო.
მერი ჯეინს არასოდეს არავისთვის მოუყოლია, თუ რას აკეთებდა საფრანგეთში. მერი ჯეინმა მემუარები მხოლოდ 1980 წელს გამოაქვეყნა სათაურით "მარსელის გზაჯვარედინი 1940 წელს".

"ოქროს" გოგონა არ გათხოვილა, არც შვილები ჰყოლია. ის 1997 წელს 88 წლისა პანკრეასის სიმსივნით აღესრულა თავის ვილაში.

მოამზადა ნანა ჩარკვიანმა
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით