გურულები ანუ... "ჩათხრაშნილი", "აბლაუცე" და "ენაგაპარტყალებული"... - კვირის პალიტრა

გურულები ანუ... "ჩათხრაშნილი", "აბლაუცე" და "ენაგაპარტყალებული"...

"არიქაობა - რაიმე ამბავი მიწაზე არცაა დავარდნილი და გურულმა უკვე იცის, მიადგება მეზობლის ეზოს და მიაკივლებს, - არიქა, გამეიხედე, რაცხა უნდა გითხრაო"

"ოჩიფეხე", - იგივე გურული "პლატფორმები", რომელიც სულაც არ განსხვავდება დღევანდელი ქოშებისაგან და ჩოხატაურელი ქალები ათაბაბადან იცვამდნენ სატალახოდ

ამას წინათ ხელთ ჩამივარდა ერთი პატარა წიგნი, "ზემოგურული მარგალიტები". გურულებთან დაკავშირებით გემრიელი სიცილი რა გასაკვირია, მაგრამ წიგნაკი სულ კისკის-ხარხარით ჩავათავე. არადა, ანეკდოტები კი არა, მხოლოდ ზემოგურული გამონათქვამები და სიტყვები იყო თავმოყრილი (მაგალითად, "დრიქინე", ანუ მსუქანი და ტუნტულა; "თავდრიგინე" - დიდთავა; "ყინტორიე" - კისერშიშველა), რამაც უნებურად სულ ორღობეში მიმავალი რაღაცნაირად ნიჭიერი გურულები და, რაც მთავარია, ნოდარ დუმბაძე და მისი გმირები დამიყენა თვალწინ.

წიგნის ავტორი, 23 წლის ნაბეღლაველი ბიჭი, ნიკოლოზ კიწმარიშვილი გამოდგა. დღეს კი ნიკოლოზი დედაქალაქში ზურიკელასავით ნაქირავებ სტუდენტურ ბინაში ცხოვრობს და სწავლობს, მაგრამ 12 წლის იყო, როცა ზემოგურული მარგალიტების შეგროვებას მოჰკიდა ხელი და იმდენი ქნა, რომ სერიოზულ ნაშრომად იქცა.

ნიკოლოზ კიწმარიშვილი: - ჩემი სოფელი უსაშველოდ ლამაზია და საჭირო, რადგან ნაბეღლავის წყლები გვაქვს. აქ ქარხნის აშენების შემდეგ ხალხიც დაბრუნდა და სკოლაც გაივსო. წელს პირველ კლასში 8 ბავშვი შევიდა. 1999 წელს კი სკოლაში მხოლოდ ორნი ვიყავით. რაც შეეხება სწავლა-განათლებას, - აგი ისედაც კი გვინდოდა; მაგრამ ძალიანაც რომ არ გვნდომოდა, ჩვენსას მაინც ვინ გაგვასვლევინებდა, მთელი სკოლის მასწავლებელები ჩვენ ორს დაგვტრიალებდნენ თავზე. გაკვეთილს რომ მოვრჩებოდით, მასწავლებლებთან ერთად, ასე ვთქვათ, ზოგადსაკაცობრიო საკითხებს განვიხილავდით. ჰოდა, ერთხელაც ვარ მეხუთე კლასში, ფანჯრიდან დელგმა წვიმას გავცქერი და მასწავლებელი გვეუბნება, - დააყურეთ, რა სასაცილო სიტყვაა, "ჩათხრაშნილიო". "დავაყურე" და წარმოვიდგინე, როგორ მოაბიჯებდა ამ დელგმა წვიმაში ადამიანი, რომელიც წელს ქვემოთ ლამის ტალახშია ამოვლებული. მას შემდეგ, გურიის ყველა იმ სოფელში, სადაც ბებია-ბაბუა სტუმრად წამიყვანდა, თუ ასეთ საინტერესო სიტყვა-გამოთქმას მოვკრავდი ყურს, ვიწერდი. კონსულტანტად ბებიაჩემი მყავდა, რომელიც სხარტად მიხსნიდა ყველა სიტყვის მნიშვნელობას. განსაკუთრებულად მიყვარდა სოფელ თავპანტაში, მამაჩემის მამიდასთან ასვლა.

"სახლის გახსნა" - ასე ჰქვია წლების წინ დაკეტილი კარის გაღებას. გადმოფენ აივანზე ფარდაგებს, გააღებ ფანჯრებს, სახლიც ხარობს და ჩვენც"

- რა საინტერესო სახელია.

- ასეთი იმდენი საინტერესო სიტყვაა რომ სანამ იტყვი, მანამდე გეცინება. აბა, როგორი სიტყვებია "აბლაუცე" "დახლიფართებული", "გადაკვინკვილებული" ე.ი ძირფესვიანად ამოგდებული, ან "ენაგაპარტყალებული" ან "ენაგაშარშხალებული" - რაც ენაჭარტალას და ენამწარეს ნიშნავს. შემდეგ სამუშაო იარაღის, საყოფაცხოვრებო ნივთების და სამოსის სახელებსაც ვიწერდი. ზოგიერთი მათგანის სახელი პირდაპირ "ტყვიას ტყვიაში აჯენს". მაგალითად, ჩემი მეზობლის ნალიაში დღესაც ინახება ხიდან ყავრის ასახდელი ხერხი "აღმადაღმა". ასე ალბათ აქეთ-იქით რომ ექაჩებოდნენ ყავრის ახდისას, ამიტომ დაარქვეს. "ოჩიფეხე" კი მეც მაქვს შინ. ეს იგივე გურული "პლატფორმებია", რომელიც არანაირად არ განსხვავდება დღევანდელი ქოშებისაგან, არადა, ჩოხატაურელი ქალები ათაბაბადან იცვამდნენ თურმე სატალახოდ. მე რომ მოვიკითხე ოჩიფეხები აღარავის ახსოვდა, მაგრამ ბაბუაჩემმა თავის ნაცნობ დურგალს გამოათლევინა ძველი მოგონებების მიხედვით.

- წიგნის დაბეჭდვა როგორ მოახერხე?

- ერთმა ნაბეღლაველმა მირჩია, თბილისში ნინო რამიშვილი ნახე, აუცილებლად დაგეხმარებაო. მეც მივადექი, ვუთხარი, ფოტოების გადაღება მინდოდა, მაგრამ რა ვქნა, ფოტოაპარატი არ მაქვს-მეთქი. მე გიშოვიო და ნაბეღლავში რომ ჩავედი, ქარხნის დირექტორმა სახლში მომიტანა, - ქალბატონმა ნინომ დამირეკა და ჩემს ფოტოაპარატს გათხოვებო. სხვათა შორის, ამის შემდეგ კიდევ მეორე წიგნიც დავწერე ჩემს გურიაზე.

- ახლა მაინც თუ გაქვს ფოტოაპარატი?

- არა. როცა მაგისტრატურას დავამთავრებ, ალბათ ვიყიდი. მობილურით ვიღებ ყველა გურულივით "არიქაობაში". ამ კადრებში ზოგჯერ გურული სიურრეალიზმიც აისახება ხოლმე.

"ოჩიფეხე", - იგივე გურული "პლატფორმები", რომელიც სულაც არ განსხვავდება დღევანდელი ქოშებისაგან და ჩოხატაურელი ქალები ათაბაბადან იცვამდნენ სატალახოდ

- ეგ რას ნიშნავს?

- რას და, სამზადში ოჯინჯალეს (შესაბოლი ხორცის ჩამოსაკიდს) ზედ მიყუდებულ "აღმადაღმას" და კერიაზე შემოდგმულ ჩახანას და ყველაფერს ერთად, რასაც გურულს შეუძლია სამზადში თავი მოუყაროს და სტუმარი მიიპატიჟოს.

- სიტყვა არიქაობაც მომწონს, რას ნიშნავს?

- როცა რაიმე ამბავი მიწაზე არაა დავარდნილი, გურულმა კი უკვე იცის, უნდა მეზობელსაც გააგებინოს, მიადგება მის ჭიშკარს და ეზოში გადასძახებს,- არიქა, გამეიხედე, რაცხა უნდა გითხრაო.

- ახლა სამწუხაროდ, ბევრი ეზო ცარიელია გურიაშიც.

- ჰო, მაგრამ ალბათ მაინც გაივსება და გაიხსნება. ისე, როგორც ჩვენების სახლი გაიხსნა სურებში. 15 წელი დაკეტილი იყო და შიგ არავინ შესულა. მერე მივიდა მამიდაჩემი ბათუმიდან შინ, მივყევი მეც და მოვაწყვეთ "სახლის გახსნა" - ასე ჰქვია წლების წინ დაკეტილი კარის გაღებას. გადმოფინა აივანზე ფარდაგები, გავაღეთ ფანჯრები, გავახარეთ სახლი და გავიხარეთ ჩვენც.

- გურულ ანეკდოტებს არ იწერ?

- გურიაში ნამეტანი პოპულარულია გასვენება-დაკრძალვის ხუმრობები, ალბათ იმიტომ, რომ სადაც სიკვდილია, იქვე სიცოცხლე მოდის. მთავარია, ამ დროს გაცინება არ გაბედო, თორემ მეც ვყოფილვარ ამისი შემსწრე. ერთხელ ავედი თავპანტაში გულივერის (კიკიტოს) დაკრძალვაზე. იანვრის თოვლჭყაპი და სიცივეა. გამოსვენებისას ცოლმა კიკიტოს დაატირა: "სად მიგყავენ, ბიჯოო, დამისვით ფუხართან, საცხა უყვარდა ჯდომა, იქინე მეიყვანეთ, რეიზა მიგყავენ, ბიჯო?!". ანდა, მთელ გურიაში მოგიყვებიან, როგორ დაიტირა აფრასიონა მეზობლის ქალმა, - "ჩემებს უთხარი, კარგად არიენოო; შენმა ბიჭმა ქალი მეიყვანა და ბაღანას ელოდება-თქვააა; შენმა წასვლამ დაგვიბუგა გული-თქვაა", - რო აღარ გაათავა, უკან მდგარმა ჭირისუფალმა პირზე ხელმიდებულმა გადაძახა, - დეიდა, მაგას პაწე სკრელოზი ჭირდა, წითელი ძაფი შეაბი, არ დაავიწყდესო!

- ქორწინების ამბებს არ მომიყვები?

- ჩემი მეზობელი ვარდო ბებია სასწაულ ამბავს ჰყვებოდა: "მიმიყვანეს ისლით გადახურულ მიწურში, ნოხებით იყო მოფენილი იი ერთი ოთახი, ძვირფასი ნიშანი დამადუეს. ქორწილის მესამე დღეს ერთი ნოხი გაქრა; შემდეგ მეორე, ამას მიყუა ვაზები, ბოლო ნოხიც რომ გაშპა, მოვიხსენი აგი ჩემი ძვირფასი ბეჭდები და მივეცი ჩემს პარმენას, - სანამ ამიზაც მოგვაკითხავენ, დუუბრუნეთ პატრონს-მეთქი.

- პოლიტიკაზე რას იტყოდი?

- მე არაფერს, მარა ყველა გურული დიდი პოლიტიკის პატარა ნაწილი გახლავთ!

ეთერ ერაძე