"მაგთიკომი" აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მხიარულ დღეს ჩუქნის - კვირის პალიტრა

"მაგთიკომი" აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მხიარულ დღეს ჩუქნის

კომპანია "მაგთიკომმა" აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს მიულოცა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ხარება.

8 აპრილს კინომსახიობთა თეატრში გაიმართა ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შედიოდა როგორც სპექტაკლის ჩვენება, ისე "ბალი-ბიჭის" მხიარული მიღება და "მაკდონალდსის" მენიუთი გამასპინძლება.

"მაგთიკომმა" სპეციალურად შეარჩია სპექტაკლი კინომსახიობთა თეატრის რეპერტუარიდან. ეს გახლდათ რაფიელ ერისთავის კომედია "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - სპექტაკლი, რომელიც მთელმა საქართველომ იცის, ხალხს უყვარს და მისი ყოველი ჩვენება ანშლაგით მიმდინარეობს. თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ ამ სპექტაკლს სახალხო, რადგან მართლაც ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს.

კინომსახიობთა თეატრის ფოიეში სტუმრების დასახვედრად დილიდან ემზადებოდნენ. მოიტანეს მაგიდები, მოიყვანეს მხიარული და ხალისიანი "ბალი-ბიჭი".

თათული ღვინიაშვილი, "მაგთიკომის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:

- ჩვენ მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მოეწოდებინა 2008 წლის ომში დაღუპული სამხედროების ოჯახების სია და სულ 180 ოჯახის ჩამონათვალი მივიღეთ. გვინდოდა, ყველა მოგვეწვია ღონისძიებაზე, მაგრამ მხოლოდ 160 ოჯახს დავუკავშირდით, სხვებთან კავშირი ვერ დავამყარეთ. დავიქირავეთ ავტობუსი, რომ გორიდან ჩამოსვლა არავის გასჭირვებოდა. ამ ღონისძიებით მადლიერებას გამოვხატავთ იმ ჯარისკაცების მიმართ, ვინც სამშობლოსათვის თავი გასწირეს. იმედი გვაქვს, მათი ოჯახის წევრებს ცოტა ხნით მაინც შევუმსუბუქებთ ტკივილს, რაც აგვისტოს ომმა მიაყენა.

- სპექტაკლის შემდეგ რა იგეგმება?

- სპექტაკლის შემდეგ იგეგმება "მაკდონალდსის" მენიუთი გამასპინძლება, მომზადებულია საჩუქრებიც ჩვენი სტუმრებისათვის. ეს ერთჯერადი აქციაა აღდგომის დღესასწაულისა და ხარების მისალოცად, ქველმოქმედებას "მაგთიკომი" კვლავაც გააგრძელებს.

აგვისტოს ომში დაღუპულ ჯარისკაცთა ოჯახების წევრები ნელ-ნელა იკრიბებოდნენ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში. უფროსებს სახეზე ჯერ კიდევ ეტყობოდათ 2008 წლის ომის საშინელი კვალი, ოჯახის წევრის დაკარგვით მიღებული ენით აუწერელი ტკივილი. პატარები კი მხიარულად ეგებებოდნენ "ბალი-ბიჭს", მის წითელ მაისურსა და დიდ, სასაცილო თავს ხელით ეხებოდნენ, მერე უფროსებთან გარბოდნენ და ხელჩაკიდებულ მშობლებს "ბალი-ბიჭის" გასაცნობად მოარბენინებდნენ:

- დედა, ნახე, ვინ არის! ნახე, რა მაგარია! ფოტოს გადამიღებ?

ახალი სულაც არ იყო "ბალი-ბიჭისათვის", რომ ასეთი პოპულარულია. პატარა მეგობრებთან მაშინვე ჩაება მხიარულებაში, ფოტოებიც გადაიღო, ყველას მეგობრულად ჩამოართვა ხელი და დარბაზშიც შეუძღვა. 8 წლის ლევან კოპალიანს იმდენად უხაროდა "ბალი-ბიჭთან" ხელგადახვეული დგომა, რომ გულწრფელად აღიარა, მე "ბალი-ბიჭის" სანახავად მოვედი, იმიტომ, რომ ძალიან მიყვარსო...

- "ბალი-ბიჭი" მეც მიყვარს, - თქვა 6 წლის ლუკა დოლიძემ და კმაყოფილმა გახედა მასპინძელს. მერე მის დიდ ხელს თავისი პატარა ხელით წაეპოტინა და ეშმაკურად შესცინა.

გორიდან ავტობუსი თავის დროზე ჩამოვიდა და სტუმრებიც ერთდროულად შემოვიდნენ ფოიეში. პატარები მოუთმენლად მირბოდნენ წინ, ცხადია, მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან და პოპულარულ მასპინძელთან. ლაშა ბერიანიძე დედასა და ძმასთან ერთად იყო. რამდენჯერმე გაახედა დედა დარბაზის ცენტრში შეგროვილი ბავშვებისაკენ:

- მიდი, ნახე "ბალი-ბიჭი", - მიუხვდა დედა საწადელს.

ისიც მხიარულად გაემართა ბავშვებისაკენ. ამ წუთებში პატარა ლაშა სულ არ ფიქრობდა იმ დიდ ტკივილზე, რაც დედამისს - ნათიას თვალებში ჩაგუბებოდა, მისი 36 წლის სიცოცხლით სავსე მამა რუსეთთან ომს შეეწირა... ვინ იცის, რამდენჯერ გაჰკრა გულში დედამისს, რომ ყველაფერი დასრულდა, სიხარული მათთვის აღარ იქნება, მაგრამ ყელთან მომდგარი ცრემლები გადაყლაპა, ისევ შვილებისათვის:

- ძალიან მადლობლი ვართ, რასაც ჩვენთვის აკეთებენ, ეს ყურადღება ისე ახალისებთ ბავშვებს, ისეთი ბედნიერები არიან, რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის.

- მართლაც დიდი მადლობა, - გამომეხმაურა შავოსანი ქალბატონი, - შინაც ვცდილობ, ცრემლი არავის დავანახო, მაგრამ მაინც ავტირდები ხოლმე და მერე ბავშვები მეცოდება, ისედაც დამეჩაგრნენ... რომ დაგვირეკეს და გვითხრეს, სპექტაკლზე მობრძანდითო, ამათ თვალებში ისეთი სიხარული ამოვიკითხე, რომ მეც გავიხარე... ღმერთმა სიკეთედ დაუბრუნოს მთელ საქართველოს, რასაც ჩვენთვის აკეთებთ.

ორსაათ-ნახევარი მიდიოდა სპექტაკლი კინომსახიობთა თეატრში. ორსაათ-ნახევარი დაუცხრომელი სიცილი ისმოდა დარბაზიდან. ყველას გვიხაროდა, რომ ამ ადამიანების კაეშანი ამ მცირე მონაკვეთში მაინც გადავიდა მეორე პლანზე.

სიხარული ამით არ დამთავრებულა. სპექტაკლის შემდეგ მიღება გაიმართა. ბავშვებს რაც ყველაზე მეტად უყვართ, ის მიართვეს - "მაკდონალდსის" მენიუ... ზოგმა პირველადაც გაუსინჯა გემო უამრავი თანატოლის საყვარელ საჭმელს.

"ბალი-ბიჭს" გუნდად დასდევდნენ პატარები, მათი ხმაურიანი შეძახილები, სიცილი, მათი სპექტაკლის იმიტაცია, უფროსების ლაღი იუმორით განათებული სახეები - ეს გახლდათ ის, რისი ნახვაც "მაგთიკომს" უნდოდა ამ ბრწყინვალე დღესასწაულებზე. ეს გახლდათ ის, რაც ჩვენც, ყველას, გვინდა, რომ ვნახოთ აგვისტოს უსამართლო ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებში, რომ ოდნავ მაინც შევამსუბუქოთ მათი გაუსაძლისი ტკივილი...

R