ნინი ბადურაშვილი: "კრივზე დავდივარ, რაც მელანქოლიას შველის"
24-10-2016
ნინი  ბადურაშვილი: "კრივზე დავდივარ, რაც მელანქოლიას შველის"
ნინი ბადურაშვილს წონის პრობლემა­ არასდროს ჰქონია, თუმცა იმისთვის, რომ სისტემატურად სტუმრობდეს სატრენაჟორო დარბაზს, სხვა არგუმენტები აქვს:

- ყველა ქალმა უნდა გამოძებნოს დრო ვარჯიშისთვის. ფიზიკური აქტივობისას სისხლის მიმოქცევა იზრდება და მელანქოლიაც ქრება­. თუ მოდუნებული და დაღლილი ხარ, ვარჯიშის შემდეგ უფრო ენერგიული ხდები.
6-7 წელია, ინტენსიურად ვვარჯიშობ, ამჟამად კრივზე დავდივარ, რაც ძალიან კარგია წონის კორექციისთვის - ზედმეტ ცხიმს ადვილად წვავ. თუმცა კრივი და ფიტნესი ერთად უფრო შედეგიანია... სამწუხაროდ, სისტემატურად ვერ ვახერხებ სატრენაჟორო­
დარბაზში სიარულს, რადგან დაულაგებელი გრაფიკი მაქვს, მაგრამ თუ ვაცდენ, სახლში მაინც ვვარჯიშობ.

"ვარჯიში წონის დასაკლებად არ დამიწყია"


"მის სამყაროზე" გამგზავრებამდე ჯანეტ ქერდიყოშვილმა ვარჯიში აქტიურად­
დაიწყო:

- ვარჯიშს ყველას ვურჩევ - ვისაც წონის პრობლემა აქვს ან მოდუნებულია. 2015 წლის დეკემბერში მივემგზავრებოდი "მის სამყაროზე", მაშინ გავეცანი კიკბოქსინგს და ძალიან მომეწონა. ჩემი აზრით, ქალებისთვის კარგია, რადგან ყველა კუნთი მუშაობს. დაახლოებით ერთ საათში 1200-1500 კალორიას წვავ. თუმცა ვარჯიში წონის დასაკლებად არ დამიწყია, ძალიან მოდუნებული ვიყავი და კონკურსზე გამგზავრებამდე გადავწყვიტე, უკეთეს ფორმაში ჩავმდგარიყავი. ერთ თვეში ძალიან კარგი შედეგიც მივიღე. ყველას ვურჩევ, იაროს კიკბოქსინგზე და ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ივარჯიშოს. ახლა ვცდილობ, კვირაში სამჯერ მივიდე სპორტდარბაზში. ძალიან მიყვ­არს აკვააერობიკაც - სხეულს ამკვრივებს. ამასთან, ბევრად შედეგიანია, თუ სწორად იკვებები. დიეტა სწორად კვებაა და არა შიმშილი... ვცდილობ, მეტი ცილა მივიღო და ნაკლები ტკბილეული, ხილიც ზომიერად.

"ჩემი საუზმე და ვახშამი კარაქიანი პურია ლოგინში"


მომხიბლავმა ეკო ფანგანმა იოგაზე სიარული რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ტელეწამყვანი თვლის, რომ ვარჯიში ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის აუცილებელია.

- იოგას ვარჯიში აპრილში დავიწყე. ზაფხულში გამიჭირდა და თავი დავანებე. ახლა ვაპირებ, ისევ გავაგრძელო. არასდროს გავსუქებულვარ, წონის პრობლემა არა მაქვს, მაგრამ მაინც საჭიროა, სხეული მუდმივად ტონუსში იყოს, განწყობილებასაც ამაღლებს და სულ კარგ ხასიათზე ხარ. როცა ბევრი საქმე მაქვს, ვარჯიში ძალიან მეხმარება - უფრო მობილიზებული და ენერგიული ვხდები.
მიყვარს ჭამა.­ ჩემი საუზმე და ვახშამი კარაქიანი პურია ლოგინში."

გენეტიკურად არა მაქვს წონის პრობლემა, მაგრამ არაჯანსაღი კვება ორგანიზმისთვის საზიანოა. ფიტნესინსტრუქტორი სულ მეხვეწება, მისი მითითებები შევასრულო, თუმცა ამის საჭიროებას ვერ ვხედავ­. როცა ჭამა გიყვარს და არ სუქდები, თავს ბევრის უფლებას აძლევ. სწორად კვება დღეში 5-ჯერ ჭამაა, თანაც, სასარგებლო პროდუქტების.

სილამაზის ფორმულა


ლაშა უჩავა, ენდოკრინოლოგი:
- ჯანმრთელი ადამიანის მიერ დღის განმავლობაში მიღებული კალორია მამაკაცებში­ არ უნდა აღემატებოდეს 2500 კკალ-ს (ნორმა 1800-2500), ქალებში - 2000 კკალ-ს (ნორმა 1200-2000). გარდა სქესისა, გასათვალისწინებელია ასაკი, სამუშაო გრაფიკი, ფიზიკური/გონებრივი დატვირთვა და ზოგადად­, ცხოვრების წესი... თუ ფიზიკური აქტივობის ასამაღლებლად სავარჯიშო დარბაზებსაც მივმართავთ, უნდა დავიცვათ გარკვეული წესები: სასურველი­ა, ვარჯიშამდე ერთი საათით ადრე ვჭამოთ ნახშირწყლებით ან ცხიმებით მდიდარი საკვები, ვიდრე ვარჯიშის შემდეგ, რადგან ფიზიკური აქტივობისას ორგანიზმი არ დასუსტდეს და გლუკოზა/ცხიმი ენერგიის წყაროდ გამოიყენოს. ცილების მიღება რეკომენდებულია ვარჯიშის შემდეგ, რადგან კუნთოვანი ქსოვილი კუმშვადობის გასაძლიერებლად ცილოვანი სტრუქტურით უნდა შეივსოს. ამასთან, წყალს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სპორტული მედიცინის მსოფლიო ორგანიზაციის ფორმულის მიხედვით, ჩვენი წონა უნდა გავამრავლოთ 0,033-ზე და მიღებული ციფრის რაოდენობის წყალი მივიღოთ დღის განმავლობაში. თუ ვარჯიშობთ, სითხის დანაკარგი უფრო მეტია და სასურველია ფორმულით დადგენილზე მეტი სითხის მიღება.

ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით