"ვეძებ სახელებს, რომლებიც დრომ გაახუნა" - კვირის პალიტრა

"ვეძებ სახელებს, რომლებიც დრომ გაახუნა"

გალერეა IArt-ში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ევგენია დონცოვას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

გარდა იმისა, რომ აქაურობას იერი შევუცვალეთ, ბოლო თვეებში IArt-ი მდებარეობითაც უფრო მიმზიდველი გახდა, ვინაიდან ზაარბრიუკენის მოედანს ესაზღვრება, რომელიც უკვე ფეხით სასეირნო ზონაა

17 ოქტომბერს გალერეა IArt-ში ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ევგენია დონცოვას ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. გალერეის ხელმძღვანელმა და ორგანიზატორმა იკა ბოკუჩავამ თავის ჯგუფთან ერთად დაახლოებით ერთწლიანი სამუშაო გასწია, რომ თბილისში მცხოვრები მხატვრის, ევგენია დონცოვას გარდაცვალების შემდეგ მისი გაფანტული ნამუშევრები შეეგროვებინა.

საღამო ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის დირექტორმა ნიკოლაი სვენტიცკიმ გახსნა: "თბილისი არის ქალაქი, რომელშიც არასოდეს არავის აინტერესებდა, ვინ რა ეროვნების იყო, იმიტომ, რომ ჩვენ ერთი საწყისი გვქონდა, საწყისი, რომელსაც თბილისელობა ერქვა და ამ ქალაქის სიყვარულში მუდამ ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. თბილისს თავისებურად უტყდებოდა სიყვარულში ევგენია დონცოვაც, რომლის ნამუშევრები დღეს IArt-ში გამოიფინა".

დამთვალიერებლისთვის სიურპრიზი იყო მოსკოვის ვახტანგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რიმას ტუმინასისა და მხატვარ ადომას იაცოვსკისის გამოჩენა, რომლებიც საპატიო სტუმრების რიცხვში შედიოდნენ.

ინა ბეზირგანოვა, ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი: "დიდი მადლობა გამოფენის ორგანიზატორს იკა ბოკუჩავას, რომელმაც სული და გული ჩააქსოვა მის მოწყობას. ის ნამდვილი გალერისტია, გემოვნებიანი, ალღოიანი და ეს გამოფენასაც ეტყობა. ევგენია დონცოვას ბევრ ცნობილ რეჟისორთან უმუშავია: მიხეილ თუმანიშვილთან, ალექსანდრ ტოვსტონოგოვთან, გიგა ლორთქიფანიძესთან, მედეა კუჭუხიძესთან, გიზო ჟორდანიასთან, გოგი მარგველაშვილთან... 70-ზე მეტი სპექტაკლი აქვს გაფორმებული გრიბოედოვის თეატრში, რომლის მთავარი მხატვარი იყო მრავალი წლის განმავლობაში".

დასასრულ, გამოფენის მასპინძელს, IArt-ის ხელმძღვანელს, იკა ბოკუჩავასაც გავესაუბრეთ:- ორიოდე წლის წინ შენობა, სადაც ეს გალერეაა განთავსებული, სხვაგვარად გამოიყურებოდა. გარდა იმისა, რომ აქაურობას იერი შევუცვალეთ, ბოლო თვეებში IArt-ი მდებარეობითაც უფრო მიმზიდველი გახდა, ვინაიდან ზაარბრიუკენის მოედანს ესაზღვრება, რომელიც უკვე ფეხით სასეირნო ზონაა. დიდი ხანია, მხატვრების ნამუშევართა კოლექციონერობით ვარ გატაცებული. სულ ვეძებდი ისეთ სივრცეს, რომელშიც გამოვფენდი იმ სილამაზეს, წლებია, რომ ვაგროვებ. დროთა განმავლობაში კოლექციონერობასთან ერთად გალერისტობაც დავიწყე. ყოველთვის ვეძებ ისეთ სახელებს, რომლებიც დრომ გაახუნა.

მაქვს ჩანაფიქრი, რომლის სახელწოდებაა "მემორი", რომლის ფარგლებშიც წარმოჩენილი იქნება იმ მხატვართა სახელები, რომლებიც მიავიწყდათ, თუმცა რამდენიმე ათეული წლის წინ ყველა მათგანი კარგად ცნობილი იყო. მხატვარი ევგენია დონცოვაც ერთ-ერთი მათგანია. ის 40-იან წლებში მოხვდა თბილისში, თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა და სიცოცხლის ბოლომდე გრიბოედოვის თეატრში მუშაობდა. მისი მეუღლეც, რობერტ ნალბანდიანი, საქართველოს სახალხო მხატვარი გახლდათ. ეს წყვილი ისე წავიდა ამ ქვეყნიდან, შვილები არ დარჩენიათ და მათი ნამუშევრები გაიფანტა. დონცოვას ორ სურათს შემთხვევით წავაწყდი ერთ კოლექციონერთან და მაშინვე დავინტერესდი მისი ავტორის ვინაობით. სამწუხაროდ, თეატრს მისი ერთადერთი ნამუშევარი დარჩა, რომელიც ამ გამოფენაზეა წარმოდგენილი. დონცოვას ნამუშევრების მოძიებაში ძალიან მეხმარებოდა კოლექციონერი და ქართული მხატვრობის "არქივარიუსი", ბატონი გივი ფარასტაშვილი. მას აღმოაჩნდა 1985 წელს რუსთაველის თეატრში გამართული ევგენიას გამოფენის კატალოგი. ამის შემდეგ დავიწყე ძებნა გალერეებში, სანაცნობო წრეში, მშრალ ხიდზე... საბოლოოდ 130 სურათის მოგროვება მოხერხდა.

- პროფესიით ვინ ბრძანდებით?

- მათემატიკის დოქტორი ვარ. ყოველთვის მიყვარდა ხელოვნება, განსაკუთრებით, ფერწერა, გრაფიკა. კოლექციიდან კოლექციამდე, პრეზენტაციიდან პრეზენტაციამდე სხვადასხვა მხატვრის ცხოვრებითა და პრობლემებით ვცხოვრობ.

ეკა სალაღაია