"მადლობა ყველას, ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა" - კვირის პალიტრა

"მადლობა ყველას, ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა"

სურამელმა, 12 წლის ნინო ბეგალაშვილმა "კვირის პალიტრას" წერილით მოულოცა 15 წლის იუბილე. გოგონა ჩვენთან უკვე სამი წელია მეგობრობს.  "კვირის პალიტრის" საქველმოქმედო პროექტში, "ახდენილი ნატვრა", მატერიალურად ხელმოკლე მოქალაქეები წერილებით გვიმხელდნენ სანუკვარ ოცნებებს იმ იმედით, რომ ვინმე მადლიანი გამოეხმაურებოდათ.

ნინომაც მოგვწერა, ხშირად ვხდები ავად, ბებიას საშუალება არ აქვს ტელეფონით სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახოს, ეგებ ვინმემ მობილური ტელეფონი გვაჩუქოს, რომ ექიმთან დაკავშირება შევძლოთო.

ნინო და მისი მოხუცი გამზრდელი სურამში, მეზობლის ქოხში სამადლოდ შეფარებულნი მოვინახულეთ. გოგონა ფსიქიკურად დაავადებულ მშობლებთან და ბებიასთან ერთად უმძიმეს პირობებში ცხოვრობდა. მაშინ სტატიას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა.

ამჯერად ვბეჭდავთ ნინოს წერილს. ის ყველა იმ ადამიანისადმი სიყვარულით არის გამსჭვალული, ვინც მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა.

"საყვარელო "კვირის პალიტრა"! გილოცავ დაბადების დღეს. შენ ჩემი საუკეთესო მეგობარი ხარ. გახსოვს? 9 წლის ვიყავი, როცა გამიცანი, მე კი მანამდეც გიცნობდი, რადგან ბებია ყოველ ორშაბათს ერთი პურით ნაკლებს ყიდულობდა, რომ ჯიხურში გაზეთი ეყიდა. როცა კითხულობდა, ამბობდა, რა ღვთისნიერი გაზეთიაო.

დრო გავიდა და ამაში მეც დავრწმუნდი. შენი დახმარებით გამიცნო უამრავმა ადამიანმა,  მათ მასწავლეს, რომ ამქვეყნად ყველაზე სასიამოვნო საკეთებელი სიკეთეა.

როდესაც მკითხველს ჩვენი  გასაჭირი უამბე, ჩვენს გაყინულ ბინაში ჯერ გაჩნდა ღუმელი, მერე შეშა, საჭმელი, ჩასაცმელი და ფულიც კი გამოგვიგზავნეს საბერძნეთიდან. დიდი მადლობა ყველას.

მე და ბებია როდესაც რედაქციაში მოვედით პირველი დახმარების მისაღებად, თქვენმა თანამშრომელმა მითხრა, - რა ლამაზი ხარ, წამოდი ბუფეტშიო და მერე ისე გამითბა გული, რომ სურამში დაბრუნებულს გაყინულ სახლშიც კი აღარ მციოდა. ახლა  ჩემს სიხარულზეც გეტყვით. უკვე საკუთარი ბინა მაქვს. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა როინ მახარობლიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძემ და საქალაქო სამსახურის უფროსმა იოსებ ბუაძემ გვაჩუქეს ოროთახიანი ბინა. სულ ვოცნებობდი ლამაზ საწოლსა და მაგიდაზე. ეს ოცნებაც ამიხდა, ბინაში გადმოსვლის მეორე დღეს დიდი მანქანა მოგვადგა.

ფსიქოლოგმა თამარ მუმლაძემ თბილისში არასამთავრობო ორგანიზაციების: "საქართველოს ბავშვები" და "გადავარჩინოთ ბავშვები", დახმარებით უამრავი რამ შეგვიძინა. დიდი მადლობა მათ და ჩემს "პალიტრას" ჩემი დიდი სიხარულისთვის. უკვე მჯერა, რომ თუ ირწმუნებ, ყველაზე დაუჯერებელი ზღაპარიც კი სინამდვილედ იქცევა. რითი გადაგიხადო, "კვირის პალიტრავ", მადლობა? შევეცდები, კარგად ვისწავლო. ნინო ბეგალაშვილი."

გვიხარია ნინოს კარგად ყოფნა და ისიც, რომ გოგონა ერთადერთი არ არის, ვისაც ჩვენ მიერ გახმაურებული ინფორმაციის შემდეგ გულმოწყალე ადამიანები ეხმარებიან.

KvirisPalitra.Geამჯერად კიდევ ერთი, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი 24 წლის სოხუმელი გიორგი ლომიძე გვინდა გაგაცნოთ. ჩვენი თანადგომა მასაც სჭირდება. მამამისი, მერაბ ლომიძე ერთი კვირის წინ გვესტუმრა და პრეზიდენტის სახელზე დაწერილი წერილი მოგვიტანა:

"ბატონო პრეზიდენტო, აფხაზეთიდან ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დევნილის სტატუსით ვცხოვრობ, არასოდეს მიცდია სახელმწიფოს ტვირთად დავწოლოდი. უსახლკაროდ დარჩენილმა ჩემი შრომით თავიდან შევქმენი ყველაფერი, რადგან მიმაჩნდა, რომ ასე უნდა დავხმარებოდი ჩემს ოჯახს და ქვეყანას, რომელსაც ორი შვილი გავუზარდე. არ გთხოვთ სახლს, არც რაიმე თავშესაფარს, მხოლოდ შვილის გადარჩენას გემუდარებით. ჩემი ვაჟი საშინელ სენს ებრძვის. მისი დამარცხება შესაძლებელია, მაგრამ ფული გვჭირდება, საკმაოდ ბევრი ფული.

ნუ გადადებთ ამ წერილს გვერდზე, ბატონო პრეზიდენტო. ღმერთმა დაგიფაროთ, მაგრამ შეეცადეთ, მიხვდეთ, რას შეიძლება გრძნობდეს მამა, რომელსაც შვილი უკვდება.

ჩემს ვაჟს, გიორგის, უმძიმესი და უიშვიათესი დაავადება - ჰიპოპლასტიკური ანემია დაემართა. საქართველოში ამ სენის დამარცხება შეუძლებელია. გვირჩიეს, გერმანიაში ან თურქეთში, სტამბოლის გერმანულ კლინიკაში გადაგვეყვანა.

გავყიდეთ სახლი და გიორგი სტამბოლში გავამგზავრეთ. თუმც, თანხა, რომელიც ერთადერთი თავშესაფრის გაყიდვით მოვაგროვეთ, საკმარისი არ აღმოჩნდა მკურნალობის სრული კურსის დასამთავრებლად... მისი განკურნების სრული კურსი 80 ათასი ევრო ჯდება. ამ თანხის მხოლოდ მცირე ნაწილის გადახდა შევძელით. უფულობის გამო   იძულებული გავხდით, ბიჭი კლინიკიდან სასტუმროში გადაგვეყვანა.  ახლა გიორგი სასტუმროში ელოდება ფულს, რომ კლინიკაში დაბრუნება შეძლოს.

მხოლოდ წამალი 20 ათასი ევრო ღირს. მისი მიღების დროს აუცილებელია, პაციენტი კლინიკაში იწვეს ექიმის მეთვალყურეობით, რადგან შესაძლოა ძალიან ძლიერი რეაქცია გამოიწვიოს. ასევე ძვირი ჯდება კლინიკაში გატარებული თითოეული დღეც. ვხვდები, რომ ჩემი შვილის სიცოცხლე ძალიან ძვირი ღირს სახელმწიფოსთვის, მაგრამ მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, ბატონო პრეზიდენტო? დახმარება ვთხოვე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს, ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მაგრამ თურმე არც ერთ მათგანს არ აქვს იმის საშუალება, რომ მცირედით მაინც გაგვიმართონ ხელი. თბილისის მერიამ კი დაუფიქრებლად გამოგვიყო 5.000 ლარი.

ბატონო პრეზიდენტო, თუ თქვენც არ შეგიძლიათ ფულის მოძიებაში დაგვეხმაროთ, კაცურად  მირჩიეთ, რა ვქნა?

პატივისცემით, მოწყალების მიღების მოლოდინში მყოფი მამა, სოხუმელი მერაბ ლომიძე."

გიორგის დახმარების მსურველთ შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ შემდეგ ანგარიშებზე:

ჯეოსელი: 700-349

"თიბისი" ბანკი: საბანკო კოდი (მფო) 220101819

მიმღების დასახელება: გიორგი ლომიძე

ანგარიშსწორების ანგარიში - 27636512500031