"მითხრა რომ მოვწონდი, - ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც ასე კარგად ხუმრობსო" - ქართველი დაფნასა და არაბი ამერის სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"მითხრა რომ მოვწონდი, - ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც ასე კარგად ხუმრობსო" - ქართველი დაფნასა და არაბი ამერის სიყვარულის ამბავი

ელენე ფოცხიშვილს ფართო საზოგადოება უმეტესად, ფსევდონიმით (დაფნა) იცნობს: რადიოწამყვანისთვის ეთერში მეტსახელით მუშაობა ჩვეულებრივი რამ არის. დაფნა წლების მანძილზე არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი იყო. დღესდღეობით რადიო "იმედში" სექსოლოგთან ერთად, "აკრძალული ხილი" მიჰყავს, რომელიც ადამიანების სქესობრივ განათლებას ემსახურება და ხუმრობით ამბობს, რომ ის "დაფნა განმანათლებელია".

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა.

- პროფესიით ვინ ხარ?

- აღმოსავლეთმცოდნე - არაბისტი ვარ და "აუდიენციაში" მუშაობის პარალელურად, თავდაცვის სამინისტროში თარჯიმანი ვიყავი. რადიოში მუშაობის დაწყებიდან 2 წელიწადში ამ სამსახურს თავი დავანებე და ბევრი პოცედურის გავლა დამჭირდა, რომ სამსახური დამეტოვებინა. არ იყო მარტივი იქიდან წამოსვლა...

- არაბულის სწავლა არ იყო რთული?

- მიყვარს სირთულეები. თუმცა, სტუდენტობისას ხელი 90-იანმა წლებმა შეგვიშალა. იყო უშუქობა, უწიგნობა, მთელ კურსზე ერთი სახელმძღვანელო გვქონდა, რომელსაც ვაქსეროქსებდით და 90-იანი წლების უხარისხო ქსეროქსის გამო, მერე ლუპით ვარჩევდით... პრაქტიკაზე სირიაში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვინაიდან საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს ამ ქვეყანასთან კავშირები არ ჰქონდა, ეს ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება წარწერას, რომლის ამოკითხვაც მინდოდა: მხოლოდ ფოტოს გადაღების თარიღი აღმოჩნდა, სხვა არაფერი...

...

- ყველაფერი ისე წარიმართა, რომ ახლა არაბი მამაკაცის მეუღლე ხარ. მოგვიყევი, როგორ გაიცანი ის?

- ერთ მშვენიერ დღეს "სკაიპში" რაღაც აციმციმდა, შევხედე და არაბულ, ტრადიციულ სამოსში ჩაცმული ადამიანის ფოტომ შემომანათა. ის საუდის არაბეთიდან იყო. ესღა მაკლდა-მეთქი, - ეს იყო ჩემი პირველი რეაქცია. 10 დღე მისი წერილი არ გამიხსნია. მერე ვიფიქრე, - განა, ისეთს რას უნდა მწერდეს, რომ არ წავიკითხო-მეთქი? წერილში ეწერა: მოგესალმებით. მე ვარ ესა და ეს. სცენაზე ვნახე ქართული ცეკვა, გავგიჟდი ისე მომეწონა. ცოტა ხანში საქართველოში ჩამოვდივარ და მეგობრებს ვეძებო. გავეხუმრე: - უი, მართლა? შენც ჩადრი ხომ არ გახურავს და რომ ჩამოხვალ, ჩემთვისაც მის დაფარებას ხომ არ აპირებ-მეთქი? ხუმრობაში ავყევით ერთმანეთს, დაახლოებით 10 დღეში კი მაცნობა, უკვე ბილეთი ავიღეო. მითხრა ისიც, რომ მოვწონდი, - ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც ასე კარგად ხუმრობს. კომპიუტერთან ვზივარ და ხმამაღლა ვხარხარებო. მისმა სიტყვებმა დამაფიქრა.

- ცხადია, ერთმანეთი პირველად "სკაიპით" ნახეთ...

- კი, ასე იყო. კამერა რომ ჩავრთე, პირველად მისმა თეთრმა კბილებმა და ღიმილმა შემომანათა და ეს ღიმილი დანახვისთანავე შემიყვარდა. ჩემს მეუღლეს ამერ ალატალა ჰქვია. როგორც მითხრა, კარგი გვარის წარმომადგენელია და ბევრი ადამიანი იცნობს...

განათლებით ფანანსისტია, მაგრამ დღესდღეობით, ძმასთან ერთად, იურიდიულ ფირმას უძღვება. მისი ძმა ადვოკატი გახლავთ.

ის საუდის არაბეთში, ქალაქ დამამში ცხოვრობს - ეს მსოფლიოს მასშტაბის, უმსხვილესი საპორტო ქალაქია. ჩემს ქმარს ჰყავს 7 დედმამიშვილი: 4 ძმა და 4 და არიან. მათი მამა თანამდებობის პირი იყო და მაქსიმალურად ცდილობდა, შვილებს კარგი განათლება მიეღოთ. თითქმის ყველა საზღვარგარეთ სწავლობდა, მაგრამ ჩემმა მეუღლემ მამას აწყენინა იმით, რომ ამერიკიდან შინ 15 წელი აღარ დაბრუნდა. ამერი ჩემსავით, გულით აღმოსავლელია და გონებით - დასავლელი.