გველის თუ არა ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი?! - კვირის პალიტრა

გველის თუ არა ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი?!

ევროპელი მეტეოროლოგების მტკიცებით, ყველაზე ცივი თვეები იანვარ-თებერვალი იქნება, ზამთრის დასრულებას კი აპრილში თუ ვიგრძნობთ

გასულ კვირას საზოგადოების განსჯის საგნად იქცა სოციალურ ქსელებში სტატია ამინდის შესახებ - ევროპელი სინოპტიკოსები იუწყებოდნენ, რომ 2016-2017 წელს ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ცივი ზამთარი გველოდება. კერძოდ, გერმანელი მეტეოროლოგი, დომინიკ იუნგი წერდა, რომ ყველაზე ცივი თვეები იანვარ-თებერვალი იქნება, ზამთრის დასრულებას კი აპრილში თუ ვიგრძნობთ.

"კვირის პალიტრა" გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიურ დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც ეს ინფორმაცია არც დაადასტურეს, არც უარყვეს. თუმცა განმარტეს, რომ 15 ნოემბერს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ატარებს ღონიძიებას, რომელსაც ქართველებიც დაესწრებიან და სწორედ ამის შემდეგ გამოქვეყნდება ოფიციალური ინფორმაცია მოსალოდნელი ამინდის შესახებ.

რამაზ სიჭინავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური დეპარტამენტის უფროსი: - ამინდის პროგნოზს მსოფლიოს ბევრი პროგნოსტიკური ცენტრი აკეთებს.

ინტერნეტში გავცელებული სენსაციური განცხადებაც რომელიღაც სამეცნიერო წრის მიერ იქნება შემუშავებული და ალბათ, აქვს გარკვეული საფუძველიც, მაგრამ მსოფლიოს ოფიციალური პროგნოსტიკური ცენტრები, რომლებთანაც ვთანამშრომლობთ, ამგვარი დასკვნის საფუძველს არ იძლევიან.

ჯერ ადრეა, ზამთარი დეკემბერში იწყება...

დოდო გვაზავა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის უფროსი: - ახლო წარსულში ყველაზე ცივი 2014 წლის ზამთარი ყოფილა.რაც შეეხება უახლოესი დღეების პროგნოზს, 31 ოქტომბერს აღმოსავლთ საქართველოში ზოგან მოსალოდნელია მცირე ნალექი, დასავლეთ საქართველოში მცირე წვიმას ელოდებიან, მთიან და მაღალმთიან რაიონებში მცირე თოვლიც იქნება. ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დროგამოშვებით ძლიერიც შეიძლება იყოს. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა თბილისსა და მთელ საქართველოში 8-10 გრადუსამდე იმერყევებს, ღამით კი 2-3 გრადუსი იქნება. 2 და 3 ნოემბრიდან მთელ საქართველოში კვლავ არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი, თუმცა ტემპერატურის 9-გრადუსიანი ბარიერი შენარჩუნდება. რაც შეეხება თბილისს - მცირე წვიმა გველოდება. როდესაც ნალექი დასავლეთიდან შემოდის, მას ტემპერატურის ვარდნა არ ახასიათებს, აღმოსავლეთიდან შემოსულ ნალექს კი ტემპერატურის ვარდნა სდევს.

ყველაზე ცივი ზამთარი საქართველოში

ყველაზე ცივი თბილისური ზამთარი იყო 1972 წელს (-160C), 2008 წელს (-120C) და 2014 წელს (-140C).

მთიან რაიონებზე თუ ვისაუბრებთ, ფასანაურში ყველაზე ცივი ყოფილა 1950 წელი, როდესაც -230C დაფიქსირებულა. 2006 წელს კი -210C, 2014 წელს -160C.

რაც შეეხება მაღალმთიან რაიონებს, მაგალითად ახალქალაქს, აქ 1976 წელს -300C დაფიქსირებულა, 2008 წელსაც ამდენივე, 2014 წელს კი -250C.

ეკა სალაღაია