"ჩვენში პური იღებება!" - კვირის პალიტრა

"ჩვენში პური იღებება!"

"ბევრჯერ დამიპირისპირდნენ მეწარმეები, გინდა ხალხი დააშინო და პური აღარავინ იყიდოსო, მაგრამ ვერ გავჩუმდები!"

ამ დღეებში ინტერნეტსივრცეში ხშირად კამათობდნენ - იღებება თუ არა პური საქართველოში და მავნებელია თუ არა ის ჯანმრთელობისთვის. ჩვენ სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და სპეციალისტებს მივმართეთ. სააგენტოში განგვიმარტეს: - 2015 წლიდან ამოქმედებულია რეგლამენტი, რომელიც ფქვილის უვნებლობას ამოწმებს, მიმდინარეობს პურ-პროდუქტების კონტროლი უვნებლობის მაჩვენებლებზე, თუმცა პურის ხარისხი მაინც მეწარმეების კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. ამჟამად მათი ბოლომდე კონტროლი შეუძლებელია. შემუშავების პროცესშია ახალი რეგულაციები, რომლებიც მეწარმეს პასუხისმგებლობას აიძულებს, პურზე ძირითადი დარღვევები კი ეტიკეტირების წესშია გამოვლენილი, რაც იმას გულისხმობს, რომ დახლზე გამოტანილ პროდუქტს წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია არ ახლავს"...

სპეციალისტების აზრით, "ძაღლის თავი" სწორედ ამ ინფორმაციაშია დამარხული - უნდა ეწეროს, შეიცავს თუ არა პროდუქტი ქიმიურ დანამატებსა და საღებავებს, რის შესახებაც გამუდმებით ლაპარაკმა საზოგადოებაში შიში დანერგა. ზოგიერთი მეწარმე დაუფარავად ამბობს, რომ რადგან ხარისხიანი შავი ფქვილის შემოტანა ძვირი ჯდება (კილოგრამი 4 ლარი), შეუძლებელია, ჩვენთან იმდენი შავი პური გამოცხვეს, რამდენზეც მოთხოვნა არსებობს. ამდენად ე. წ. შავი პურის 90% შეღებილია. ამ თემაზე საჯაროდ ლაპარაკს დამოუკიდებელი ლაბორატორიების თანამშრომლები გაურბიან, თუმცა ფაქტს პირად საუბარში ყველა ადასტურებს. სამაგიეროდ, არსებობს დასკვნები, რომლებიც ლაბორატორიებმა კერძო პირებს პურის შესწავლის შემდეგ გადასცეს.

პურ-პროდუქტების ანალიზი რამდენჯერმე ჩაატარა სოფლის მეურნეობის აკადემიის აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა. ამბობს, რომ დასკვნების გასაჯაროების გამო მეწარმეებისგან წინააღმდეგობა შეხვდა.

- მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მეწარმეთა ნაწილი მოსახლეობას სრულ სიბნელეში ამყოფებს და ისეთ პურს აჭმევს, რაც ორგანიზმისთვის დამანგრეველია. ბევრჯერ დამიპირისპირდნენ მეწარმეები, გინდა ხალხი დააშინო და პური აღარავინ იყიდოსო, მაგრამ ვერ გავჩუმდები. მით უფრო, რომ შეგვიძლია გვქონდეს ტრადიციული ხორბალი და ტრადიციული პური, რომელიც სიცოცხლის გახანგრძლივებას ემსახურებოდა და არა შემოკლებას.

მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არაფერი იცის იმის შესახებ, რომ პროდუქტი, რომელიც კვების რაციონის 60%-ს შეადგენს, ქიმიური დანამატებით არის სავსე.

უცხოეთიდან შემოტანილი ფქვილის 80% ქიმიურ დანამატებს შეიცავს. არ ვამბობ, რომ ეს დანამატები მაშინვე კლავს, მაგრამ მას ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს, ილექება და გარკვეული დროის შემდეგ დაავადებებად იქცევა. მათ შორისაა ე. წ. ჰიდრირებული, ანუ გამყარებული ცხიმი, რომელსაც ფქვილს დასარბილებლად უმატებენ და ორგანიზმში არ იშლება, ქოლესტერინის სახით ილექება სისხლძარღვებში.

ამასთან, მაღალი ტექნოლოგიით დაფქულ (მტვრის სახის) ფქვილს გამოცლილი აქვს ყველა ის სიკეთე, რასაც ხორბლის ჩენჩო შეიცავს. ის მკვდარი რაფინირებული ფქვილია და საზიანოა ორგანიზმისთვის. ეს ასე შეგვიძლია ვთქვათ, - მარცვლეული ცოცხალი სხეულია, მისი დაბერება დაფქვისთანავე იწყება, ჩვენთან კი იმდენი ხნის დასაწყობებული ფქვილი შემოდის, ორგანიზმს სასარგებლოს ვერაფერს შესძენს. სწორედ ამიტომაც აცხობდნენ ჩვენი წინაპრები ახალი და მსხვილად დაფქული ხორბლისგან პურს. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ

პურის ყველაზე სახიფათო ფაქტორი მაინც საფუარია, რომელსაც მეწარმეთა უმეტესობა ტომრობით აყრის ფქვილს. ეს არის ე. წ. სწრაფი საფუარი, გამოყვანილი იმ ბაქტერიებით, რომლებიც რადიკალურად განსხვავდება ჩვენი ორგანიზმის ბაქტერიებისგან და არ მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმში შხამად ილექება და იწვევს მთელ რიგ დაავადებებს. ყოვლისმომცველი პრობლემაა პურის შეღებვაც. ცალსახად ვიტყვი - რასაკვირველია, ჩვენში პური იღებება! ქვეყანაში იმდენად ცოტა ჭვავის ფქვილი შემოდის, სხვანაირად შეუძლებელია.

- პურის საღებავებიც მომწამვლელია?

- პირველ რიგში, სასტიკად ტყუვდება ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჯანმრთელობისთვის ძვირს იხდის (ჭვავი მართლაც ითვლება დიეტურ და რიგი დაავადებების, მათ შორის გულისა და სიმსივნურ დაავადებათა პროფილაქტიკურ საშუალებად) და ვითომ ჭვავის პროდუქტს ყიდულობს, რეალურად კი იმავეს იძენს, რაშიც სხვა იაფს იხდის. დღემდე ვერავინ შეძლო უსინდისო მეწარმეების გაკონტროლება... რაც შეეხება საღებავის შემადგენლობას, ეს ნივთიერებები ე.წ. ნორმის ფარგლებშია, თუმცა კიდევ საკითხავია, ვისთვის არის ნორმა და რას იწვევს მისი დაგროვება. მაგალითად, დამწვარი შაქრით შეღებილი პური დიაბეტიანებისთვის ნამდვილად ვერ იქნება ნორმა. საკონდიტრო ნაწარმის საღებავები კი რეალურად შხამია.

სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის წამომადგენელი ლია თოდუა პურის ყველაზე გავრცელებული საღებავის - კოლერის შესახებ გვესაუბრა.

- შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენს ბაზარზე გამოტანილი პური ნამდვილად იღებება. მომხმარებელთა თხოვნით ე.წ. შავი პურის შემოწმებისას არაერთხელ დადგინდა, რომ პური იღებება ე. წ. შაქრის კოლერით, ანუ დამწვარი შაქრით, თუმცა ამ საღებავის გამოყენება დაშვებულია. ყველა ცივილიზებული ქვეყანა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პროდუქტებში, რომელსაც ადამიანი ყველაზე ხშირად მოიხმარს, საღებავები არ უნდა იყოს, ევროპულმა ქვეყნებმა პურის შეღებვა აკრძალეს.

- როგორ უნდა მოიქცნენ, მაგალითად, დიაბეტიანები, რომელთაც ექიმები მხოლოდ შავ პურს ურჩევენ, ან ჭარბწონიანები?

- სანამ ბაზარზე რეგულაციები არ შემუშავდება და პროდუქტზე არ გაჩნდება ეტიკეტი, რომლის მიხედვითაც ჭვავის პური იქნება ჭვავის პური და არა უბრალოდ გაშავებული ხორბლის პური, არაფერი გვეშველება... შესაძლოა, ამ დროს დახლზე კოლერით შეღებილი პურიც გამოჩნდეს, თუ მომხმარებელს მისი ყიდვა მოესურვება, ეცოდინება, რომ შეღებილ პურს ყიდულობს. ვიმეორებ, თუკი მოესურვება! ამ რეგულაციებზე წლებია ლაპარაკია, მაგრამ, სამწუხაროდ, შედეგი არ ჩანს.

ეთერ ერაძე