განახლებული ბატონის ციხე მნახველებს ელის... - კვირის პალიტრა

განახლებული ბატონის ციხე მნახველებს ელის...

პროექტში მნიშვნელოვანი დეტალები შეიცვალა. დაემატა საგამოფენო სივრცე, ბეტონისგან ჩამოსხმული ორნამენტები თიხის ფიგურებით შეიცვალა, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებულია კირი, აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირი გამოიყენეს. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა

რამდენიმე დღის წინ თელავს ვესტუმრე. სიღნაღის მერე ამ ქალაქში თავს ყველაზე უკეთ ვგრძნობ და რაც მთავარია, წარსულში ვმოგზაურობ. საყვარელი ადგილი - ქალაქის ცენტრი. თელავის სავიზიტო ბარათი - უზარმაზარი ჭადარი, ცხენზე ამხედრებული ერეკლე მეორის ძეგლი და იქვე - ბატონის ციხე. გვიან ფეოდალური საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ძეგლი, რომელიც XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო, წლების განმავლობაში არავის გახსენებია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მნახველს ყოველთვის აოცებდა სასახლე, კარის ეკლესია და აბანო... აქ 1720 წლის 7 ნოემბერს უფლისწული ერეკლე დაიბადა და 1798 წლის 11 იანვარს, 77 წლისა, აქვე აღესრულა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რეზიდენცია დაკეტილი იყო სარესტავრაციო სამუშაოების გამო...

27 ოქტომბერი. გალავანს მიღმა დიდი ფუსფუსია. ხელოსანი მეუბნება, რომ სასახლის სარესტავრაციო სამუშაოები დასრულდა და 29 ოქტომბრიდან ბატონის ციხე დამთვალიერებლებს მიიღებს. ვთხოვ, შიგნით შემიშვას და სასახლე დამათვალიერებინოს, მაგრამ უარს მეუბნება და გახსნაზე მეპატიჟება...

არქიტექტურული კომპლექსი 29 ოქტომბერს საზეიმოდ გაიხსნა. ახლა ყველას შეუძლია, რესტავრირებული ძეგლი პირვანდელი სახით ნახოს. ის დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. მთავარი ნაგებობა ერეკლეს სასახლეა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, მაგრამ არ დაუცავთ საერთაშორისო სტანდარტები...

ძეგლის ავთენტურობა ირღვეოდა

არქიტექტურული კომპლექსის რეაბილიტაცია 2012 წელს დაიგეგმა, თუმცა პროექტი არ იყო შეთანხმებული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან და მისი განხორციელების შემთხვევაში ძეგლის ავთენტურობა ირღვეოდა.

მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი ჯუანშერ ბურჭულაძე: - საჭირო გახდა პროექტის შეცვლა და შესაბამის უწყებებთან დეტალების დაზუსტება. ყველაზე რთული ვიტრაჟებთან დაკავშირებული სამუშაო იყო. ძველ პროექტში ვიტრაჟების მხოლოდ ერთი ფენა იყო გათვალისწინებული, ძეგლის ავთენტურობის დასაცავად კი საჭირო გახდა მეორე ფენის დამატება... ცდომილება იყო მოცულობაშიც. ჩვენი პროექტის მიხედვით, შეიცვალა მოსაპირკეთებელი მასალაც."ბატონის ციხის კონსერვაციის სამოქმედო გეგმა მუნიციპალური განვითარების ფონდმა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით 2013 წელს შეიმუშავა.

"ეს პროექტი საამაყოა"

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, რომ პროექტში მნიშვნელოვანი დეტალები შეიცვალა. დაემატა საგამოფენო სივრცე, ბეტონისგან ჩამოსხმული ორნამენტები თიხის ფიგურებით შეიცვალა, შენარჩუნებულია სახურავის თაღის ავთენტურობა, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებულია კირი, აღმოჩენილი არტეფაქტები ადასტურებს, რომ სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად სწორედ კირი გამოიყენეს. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა.

ილია დარჩიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე: - თელავი და მთელი კახეთი ტურიზმის თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, როგორც ჩვენი მოქალაქეების, ასევე - უცხოელებისთვის. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ტურისტულ ობიექტად კი სწორედ ბატონის სასახლე იქცევა. ეს პროექტი საამაყოა. ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი განახლდა და მომავალშიც არაერთი ძეგლი აღდგება."

ბატონის ციხის რეაბილიტაციასთან ერთად, მიმდინარეობს მუზეუმის რეაბილიტაციაც. ამოყვანილია კედლები და დაწყებულია გადახურვა. სამუშაოები 2017 წლის გაზაფხულზე დასრულდება. სასახლის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე მცირე ნაგებობა დარჩა, რომელთა რეაბილიტაცია მომავალ წელს დაიწყება, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ეზოც კეთილმოეწყობა. პროექტის ღირებულება 5.000.000 ლარს აღწევს.

"თელავის აყვავება ერეკლე მეორის სახელს უკავშირდება"

ერეკლეს II სასახლის (ბატონის ციხე) აღდგენის ქვეპროექტი 1980-იან წლებში სარესტავრაციო სამუშაოების დროს დაშვებული შეცდომების გამოსწორებასაც გულისხმობს.

ვაჟა კიკნაძე, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი: - ბატონის ციხე ყველაზე მნიშვნელოვანია. როგორც ვფიქრობთ, ამ კომპლექსს მეფე არჩილის (ვახტანგ-V შაჰნავაზის ძე) დროს ჩაეყარა საფუძველი, მაგრამ ერეკლემ 1744 წლიდან დაიწყო გალავნისა და ბურჯების, მათ შორის - გალავანს გარეთ მოქცეული საზარბაზნე ბურჯის მშენებლობა. თელავის აყვავება უკავშირდება ერეკლე მეორის სახელს. 1762 წლიდან, როდესაც ქართლ-კახეთი გააერთიანა, უფრო მეტად იზრუნა მის გამშვენიერებაზე. სასახლე მთელ საქართველოში კულტურული ცხოვრების კერაც გახდა. გალავანთან ერთად, აუცილებელია მთელი კომპლექსის რეაბილიტაცია, რათა შეიქმნას ერთიანი კომპლექსი, როგორც ეს იყო მრავალი წლის განმავლობაში. ბატონის ციხე მნახველებს ელის. იმედი მაქვს, მომავალ წელს მთელი კომპლექსის რესტავრაცია დასრულდება და კახეთს კიდევ ერთი განახლებული კულტურული ძეგლი შეემატება.

ბატონის სასახლე სამეფო რეზიდენცია იყო

ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე, რუსეთის იმპერიის ბატონობის დასაწყისში, ბატონის სასახლე სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა - ბარაკებად, სურსათის საწყობად, საჯინიბოდ... XIX საუკუნის 60-იან წლებში ნაგებობა გადაეცა წმინდა ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას. მისი თავმჯდომარის, ანა ჭავჭავაძისა და გრიგოლ ორბელიანის ინიციატივით და არქიტექტორ ზალცმანის პროექტით იმ წლებში განხორციელდა სასახლის რეკონსტრუქცია.

თორნიკე ყაჯრიშვილი