"8-მილიონიან ქალაქში ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქუდები ახურავთ" - კვირის პალიტრა

"8-მილიონიან ქალაქში ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქუდები ახურავთ"

"პარადოქსია - მილიონი ქუდი გვაქვს შექმნილი და მე ქუდს არ ვატარებ"

თუ საახალწლოდ ნიუ-იორკში მოხვდით, აუცილებლად ესტუმრეთ მე-9 ავენიუზე Chelsea Market-ს. ეს ამერიკელების საყვარელი საშოპინგო ადგილია, განსაკუთრებით კი ზამთარში, როცა საშობაო ბაზრობა ეწყობა. იქ ქართველი ხელოვანის, მაია გრიგოლიას ხელნაკეთ აქსესუარებსაც ნახავთ. უკვე 12 წელია ქუდებს, შარფებსა და სხვა აქსესუარებს ქმნის. როგორია ქართველი დიზაინერის ცხოვრება მეგაპოლისში, თავად მოგიყვებათ.

"რას წარმოვიდგენდი, თუ ქსოვა წარმატებას მომიტანდა"

ამერიკაში ჩამოსვლის გადაწყვეტილება უცებ მივიღე - მოდი, ვნახო, რა ხდება-მეთქი და... დავრჩი. თავდაპირველად ბეიბისიტერად ვმუშაობდი და ინტერნეტში სულ ვიქექებოდი. ვხედავ, განცხადებების საიტზე ვიღაცას ჯემპრის მოქსოვაში დამხმარე სჭირდება. ვიფიქრე, ალბათ, ვინმე მოხუცია-მეთქი. დავრეკე და გოგომ მითხრა, შევხვდეთო... ეს გოგო ესტონელი აღმოჩნდა. თავისი ნამუშევრები სოჰოში, პატარა მარკეტში ერთ საათში გაუყიდია. ვეღარ ახერხებდა ბევრის მოქსოვას და დამხმარე სჭირდებოდა. რას წარმოვიდგენდი, რომ მომავალში ეს საქმე წარმატებას მომიტანდა. წლების განმავლობაში ვსწავლობდი, განათლებით ხელოვნების ისტორიკოსი ვარ, მაგისტრატურაც დავამთავრე... მოკლედ, დავიწყეთ ქსოვა და ჩვენი პროდუქციის გაყიდვა. საქმე ისე აეწყო, რომ ცოტა ხანში უკვე 20 აქაური ქართველი დავასაქმეთ.

ჩვენს კომპანიას Volang-ი ჰქვია. კრისტელი რომ გავიცანი, მაშინ მოიფიქრა. ესტონურად ვოლანს ნიშნავს. ქართველებს არ ვიცნობდი, მაგრამ რომ გავიკითხე, ვინმემ ქსოვა ხომ არ იცის-მეთქი, უცებ გავარდა ხმა... ყველას უხაროდა ამ საქმის კეთება. შემდეგ წარმოებაც გავმართეთ.

მაშინ მანჰეტენზე საშობაო ბაზრობა სამ ადგილას იყო და პრესტიჟულად ითვლებოდა იქ მოხვედრა. ჰოდა, ჩვენც მოვხვდით. რატომ? აქ ბევრი კერავს, აკეთებს სამკაულს, მაგრამ ვერ წარმოედგინათ, რომ მოქსოვილ ნაწარმზე დიდი მოთხოვნა იქნებოდა... დღეს ჩვენი პროდუქცია ძალიან პოპულარულია. აქ ზამთარში -14 გრადუსი ყინვაა და ქუდის გარეშე ვერ გაძლებ. მეტროთი მგზავრობისას არ შეიძლება, ერთი ადამიანი მაინც არ დავინახო ჩვენი ქუდით და ისე მიხარია, დაახლოებით ასეთი რეაქცია მაქვს: Oh, my God, I made this hat... წარმოიდგინეთ, ნიუ-იორკში, 8-მილიონიან ქალაქში, ყოველდღე ვხვდები ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი ქუდები ახურავთ.

Made in Republic of Georgia

2008 წელს ჩვენი მაღაზია ვილიამსბურგში, ბრუკლინში გავხსენით... მანჰეტენზე ბუტიკის გახსნა ძალიან რთულია. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ძვირია, უამრავ ხელშეკრულებას ითხოვენ, კონტრაქტებს მინიმუმ სამი წლით, ბრუნვას... მოკლედ, არავინ გაგაჭაჭანებს, თუ სერიოზული ბეგრაუნდი არა გაქვს ბიზნესში. რადგან ჩვენ უკვე გვქონდა გამართული ბიზნესი, გავხსენით ჩვენი კუთხე მანჰეტენზე, სოჰოში. ეს იყო 20 ადგილობრივი დიზაინერის ერთობლივი მაღაზია, სადაც ექსკლუზიური პროდუქცია იყიდებოდა. შემდეგ საფრანგეთიდან და იაპონიიდან შემოგვიერთდნენ დიზაინერები და ყველას თავისი კუთხე ჰქონდა. მე საქართველოდან ძალიან ხშირად ჩამომქონდა მინანქარი, თექა, ნაქსოვი კაბები. ამ ბუტიკების პარალელურად დავიწყე პროდუქციის წარმოება საქართველოშიც. დედამ გააკეთა პატარა კომპანია - შემოიკრიბა ყველა, ვინც ქსოვდა და დავიწყეთ... საქართველოში ოფიციალური იმპორტი 2006 წლიდან მაქვს, ანუ ჩვენს პროდუქციას ჰქონდა ლეიბლი, ეტიკეტი, რომელზეც ეწერა Made in Republic of Georgia. აქედან ვიხდიდით გადასახადებს საქართველოში...

"აქ ოცნების არ უნდა გეშინოდეს"

მაღაზიების ამუშავების შემდეგ ჩვენი ბიზნესი განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა. როცა მე და კრისტალს მოგვენატრა ხელნაკეთი ნივთები, დავხურეთ მაღაზიები და ისევ დავუბრუნდით ამ საქმეს.

ნიუ-იორკში ბევრი ივენთი და ფესტივალი ტარდება და ჩვენც აქტიურად ვართ ჩაბმული. ეს მიმართულება ხელოვანის განვითარებისთვის აუცილებელია. ახლა უკვე ონლაინბიზნესზეც ვფიქრობთ. ისევ თბილისში განვაახლებ წარმოებას და ონლაინგაყიდვებს დავიწყებ. ნიუ-იორკი საოცარი ქალაქია - ყოველ დღეს შეიძლება სიურპრიზი და მოულოდნელობა მოჰყვეს, აქ ოცნების არ უნდა გეშინოდეს...

ჰოლივუდის ვარსკვლავები Volang-ში

ჩვენს ბუტიკებში შოპინგობდნენ: მიშელ პფაიფერი, ჰელენ მირენი, ტანია მარია, რაიან რეინოლდსი, ბლეიკ ლაივლი, კლეარ დეინსი, როზი პერეზი, ჯად ლოუ, ედრიენ ბროუდი, ლორა პრეპონი...

მანჰეტენზე ძალიან ბევრი ცნობილი სახე შემოდიოდა ბუტიკში. მიშელ პფაიფერი შვილთან ერთად იყო, ძალიან თბილი ქალია. თავისთვის შედარებით იაფფასიანი მაისური აირჩია და შვილს ლამაზი ყელსაბამი უყიდა - ძალიან ლამაზი მულატი გოგო ჰყავს. რაიან რეინოლდსი და მისი ცოლი, ბლეიკ ლაივლი, ძალიან საყვარლები არიან - ერთმანეთს ქუდებს ურჩევდნენ, თავზე ამხობდნენ და ხალისობდნენ.

პარადოქსია - მილიონი ქუდი გვაქვს შექმნილი და მე ქუდს არ ვატარებ.

ნინო წიფურია