როგორ ვუთხრათ არასასურველ SMS-ებს - არა! - კვირის პალიტრა

როგორ ვუთხრათ არასასურველ SMS-ებს - არა!

მომხმარებლისთვის არასასურველისარეკლამო SMS-ების გაგზავნისთვის 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა

პირად ტელეფონებზე სარეკლამო შეტყობინებების მიღება უამრავ აბონენტს აღიზიანებს. შეიძლება თუ არა არასასურველი სარეკლამო შეტყობინებებისგან თავის დაღწევა? აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე იოლია...

სიმონ პეტრიაშვილი, 46 წლის: - სარეკლამო გზავნილებს ჭკუიდან გადავყავარ, განსაკუთრებით - ლომბარდების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკლამებს... ერთი მხრივ, ვალები მახრჩობს, მეორე მხრივ - სწრაფი სესხის აგრესიული რეკლამა. ტელევიზორს გადართავ, ინტერნეტსაც რამეს მოუხერხებ, მაგრამ სატელეფონო SMS-ებს სად წაუხვალ?! შეტყობინებათა უმეტესობას ახლავს კოდი, რომლის გაგზავნის შემთხვევაში სარეკლამო SMS აღარ უნდა მოვიდეს, თუმცა ესეც ვერ გვშველის. მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეკლამის საპასუხოდ გავგზავნე კოდი და მივიღე პასუხი: "თქვენ მიერ მითითებული კოდი არასწორია!". ეს დაცინვაა.

ნონა პაპასკირი, 27 წლის: - სარეკლამო SMS-ებს ვერაფრით აღკვეთ. ხან ერთ კომპანიას ეტყვი უარს, ხან - მეორეს, ხან მითითებულ კოდს აკრეფ, მაგრამ შეტყობინებები მაინც მოდის და მოდის...

სალომე ბახსოლიანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ე.წ. სარეკლამო შეტყობინების წესს არეგულირებს. კანონის თანახმად, აუცილებელია, თითოეული სარეკლამო შეტყობინება უარის თქმის მექანიზმს შეიცავდეს. ეს რეგულაცია წელიწად-ნახევრის წინ ამოქმედდა და კომპანიების გამოგზავნილ სარეკლამო შეტყობინებებს (უმრავლეს შემთხვევაში) ახლავს SMS OF-ით მითითებული კოდი, რომლის გაგზავნის შემთხვევაში აბონენტთან ამ კომპანიიდან სარეკლამო შეტყობინება აღარ უნდა მივიდეს. ამის აღსაკვეთად კომპანიას 10-დღიანი ვადა აქვს. თუ 10 დღის შემდეგ მაინც მიიღებს მომხმარებელი შეტყობინებას, გვაცნობოს. ჩვენთან დაკავშირება პირად მონაცემთა დაცვის აპარატის ვებგვერდზე მითითებული ნომრით ან ელფოსტით შეგიძლიათ. კომპანია ამ სამართალდარღვევისთვის მკაცრად დაჯარიმდება. პირველად 3. 000 ლარის გადახდა ევალება, განმეორების შემთხვევაში - 10.000 ლარის.

ძალიან ბევრი აბონენტი მოგვმართავს, ეს ერთ-ერთი პოპულარული თემაა. ხშირად აბონენტს არა აქვს უარის თქმის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა ან უარის თქმის მიუხედავად, მაინც ეგზავნება შეტყობინებები. ზოგჯერ ეს ტექნიკური ხარვეზით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი კანონის არცოდნით - ბევრმა ორგანიზაციამ არც კი იცის, რომ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება.

- არის შემთხვევები, როცა SMS OF-ით მითითებულ კოდს გზავნის აბონენტი და იღებს პასუხს: "მითითებული კოდი არასწორია".

- ასეთი ფაქტი, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზითაც იყოს განპირობებული. ხშირად კი რეკლამის გამომგზავნის უცოდინარობაა მიზეზი.

- აბონენტები ჩივიან, რომ მათ არა აქვთ ყველა არასასურველი სარეკლამო შეტყობინების გათიშვის შესაძლებლობა...

- იმიტომ, რომ სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა წყაროდან აქვს მოპოვებული აბონენტის ტელეფონის ნომერი. ზოგი საჯარო ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებს, ხანდახან აბონენტია თანახმა, რომ სარეკლამო SMS მიიღოს იმ კომპანიისგან, ვისი მომსახურებითაც ოდესღაც ისარგებლა. ზოგიერთი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აბონენტი თანახმაა, მიიღოს მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინება. აბონენტთა უმრავლესობა ასეთ ხელშეკრულებას ისე აწერს ხელს, არც კითხულობს. არსებობს სარეკლამო SMS-ების გამომგზავნი ფოკუსჯგუფებიც. მათ აღსაკვეთად აბონენტს შეუძლია აკრიფოს: ფიფქი 297 დიეზი და უთხრას სარეკლამო შეტყობინებებს "არა"! შემდეგ დაუკავშირდეს მობილურ ოპერატორს და ასეთი SMS-ების აღსაკვეთად სათანადო კომბინაციის გამოგზავნა და გააქტიურება სთხოვოს. ამის შემდეგ სარეკლამო შეტყობინებების რაოდენობა შეიზღუდება და მომხმარებელს უკვე SMS OF-ით მითითებული კოდების დაგზავნით შეუძლია აღკვეთოს სარეკლამო მესიჯები.

- არასასურველი რეკლამებისგან თავის დაღწევის ძალიან რთული გზა დასახეთ...

- სამწუხაროდ, ასეა. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილება შევიმუშავეთ და მას ახალ პარლამენტში წარვადგენთ. ეს ცვლილება ერთიანი ბაზის შექმნას გულისხმობს, რომელიც სარეკლამო შეტყობინებებზე უარის მთქმელ აბონენტთა მონაცემებს თავს მოუყრის და კომპანიებს მათთვის შეტყობინების გაგზავნას აუკრძალავს. ამისთვის მომხმარებელს სარეკლამო შეტყობინებისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ციფრთა ერთი კომბინაციის აკრეფა დასჭირდება და მისი ტელეფონის ნომერი ამ ერთიან, დაცულ ბაზაში მოხვდება.

პ.ს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, 2016 წელს პირდაპირი მარკეტინგის დადგენილი წესის დარღვევის გამო 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა.

ეკა ასათიანი