როგორ ვუთხრათ არასასურველ SMS-ებს - არა!
31-10-2016
როგორ ვუთხრათ არასასურველ SMS-ებს - არა!
მომხმარებლისთვის არასასურველისარეკლამო SMS-ების გაგზავნისთვის 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა

პირად ტელეფონებზე სარეკლამო შეტყობინებების მიღება უამრავ აბონენტს აღიზიანებს. შეიძლება თუ არა არასასურველი სარეკლამო შეტყობინებებისგან თავის დაღწევა? აღმოჩნდა, რომ ეს არც ისე იოლია...

სიმონ პეტრიაშვილი, 46 წლის: -
სარეკლამო­ გზავნილებს ჭკუიდან გადავყავარ, განსაკუთრებით - ლომბარდების და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რეკლამებს... ერთი­ მხრივ, ვალ­ები­ მახრჩობს, მეორე მხრივ - სწრაფი სესხის აგრესიული რეკლამა. ტელევიზორს გადართავ, ინტერნეტსაც რამეს მოუხერხებ, მაგრამ სატელეფონო SMS-ებს სად წაუხვალ?! შეტყობინებათა უმეტესობას ახლავს კოდი,
რომლის გაგზავნის შემთხვევაში სარეკ­ლამო SMS აღარ უნდა მოვიდეს, თუმცა ესეც ვერ გვშველის. მაგალითად, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის რეკლამის­ საპასუხოდ გავგზავნე კოდი და მივიღე პასუხი: "თქვენ მიერ მითითებული კოდი არასწორია!". ეს დაცინვაა.
ნონა პაპასკირი, 27 წლის: - სარეკლამო SMS-ებს ვერაფრით აღკვეთ. ხან ერთ კომპანიას ეტყვი უარს, ხან -
მეორეს, ხან მითითებულ კოდს აკრეფ, მაგრამ შეტყობინებები მაინც მოდის და მოდის...

სალომე ბახსოლიანი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი: -
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი ე.წ. სარეკლამო შეტყობინების წესს არეგულირებს. კანონის თანახმად, აუცილებელია, თითოეული სარეკლამო შეტყობინება უარის თქმის მექანიზმს შეიცავდეს. ეს რეგულაცია წელიწად-ნახევრის წინ ამოქმედდა და კომპანიების გამოგზავნილ სარეკლამო შეტყობინებებს (უმრავლეს შემთხვევაში) ახლავს SMS OF-ით­ მითითებული კოდი, რომლის გაგზავნის შემთხვევაში აბონენტთან ამ კომპანიიდან სარეკლამო შეტყობინება აღარ უნდა მივიდეს.­ ამის აღსაკვეთად კომპანიას 10-დღიანი ვადა აქვს. თუ 10 დღის შემდეგ მაინც მიიღებს მომხმარებელი შეტყობინებას, გვაცნობოს. ჩვენთან­ დაკავშირება პირად მონაცემთა დაცვის აპარატის ვებგვერდზე მითითებული ნომრით ან ელფოსტით შეგი­ძლიათ. კომპანია ამ სამართალდარღვევისთვის მკაცრად დაჯარიმდება. პირველად 3. 000 ლარის გადახდა ევალება, განმეორების შემთხვევაში - 10.000 ლარის.

ძალიან ბევრი აბონენტი მოგვმართავს, ეს ერთ-ერთი პოპულარული თემაა­. ხშირად აბონენტს არა აქვს უარის თქმის მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა ან უარის თქმის მიუხე­დავად, მაინც ეგზავნება­ შეტყობინებები. ზოგჯერ ეს ტექნიკური ხარვე­ზით არის გამოწვეული, ზოგჯერ კი კანო­ნის არცოდნით - ბევრმა ორგანიზაციამ არც კი იცის, რომ წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა­ ეკისრება.

- არის შემთხვევები, როცა SMS OF-ით მითითებულ კოდს გზავნის აბონენტი და იღებს პასუხს: "მითითებული კოდი არასწორია".

- ასეთი ფაქტი, შესაძლოა, ტექნიკური ხარვეზითაც იყოს განპირობებული. ხშირად კი რეკლამის გამომგზავნის უცოდინარობაა მიზეზი.

- აბონენტები ჩივიან, რომ მათ არა აქვთ ყველა არასასურველი სარეკლამო შეტყობინების გათიშვის შესაძლებლობა...

- იმიტომ, რომ სხვადასხვა კომპანიას სხვადასხვა წყაროდან აქვს მოპოვებული აბონენტის ტელეფონის ნომერი.­ ზოგი საჯარო ვებგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას იყენებს, ხანდახან აბონენტია თანახმა, რომ სარეკლამო SMS მიიღოს იმ კომპანიისგან, ვისი მომსახურებითაც ოდესღაც ისარგებლა. ზოგ­იერთი მობილური ოპერატორის სტანდარტულ ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ აბონენტი თანახმაა, მიიღოს მობილური ოპერატორის პარტნიორი კომპანიებისგან სარეკლამო შეტყობინება. აბონენტთა უმრავლესობა ასეთ ხელშეკრულებას ისე აწერს ხელს, არც კითხულობს. არსებობს სარეკლამო SMS-ების გამომგზავნი ფოკუსჯგუფებიც. მათ აღსაკვე­თად აბონენტს შეუძლია აკრიფოს: ფიფქი 297 დიეზი და უთხრას სარეკლამო შეტყობინებებს "არა"! შემდეგ დაუკავშირდეს მობილურ ოპერატორს და ასეთი SMS-ების აღსაკვეთად სათანადო კომბინაციის გამოგზავნა და გააქტიურება სთხოვოს. ამის შემდეგ სარეკლამო შეტყობინებების რაოდენობა შეიზღუდება და მომხმარებელს უკვე SMS OF-ით მითითებული კოდების დაგზავნით შეუძლია აღკვეთოს სარ­ეკლამო მესიჯები.

- არასასურველი რეკლამებისგან თავის დაღწევის ძალიან რთული გზა დასახეთ...

- სამწუხაროდ, ასეა. სწორედ ამიტომ საკანონმდებლო ცვლილება შევიმუშავეთ და მას ახალ პარლამენტში წარვადგენთ. ეს ცვლილება ერთიანი ბაზის შექმნას გულისხმობს, რომელიც სარეკლამო­ შეტყობინებებზე უარის მთქმელ­ აბონენტთა მონაცემებს­ თავს მოუყრის და კომპანიებს მათთვის შეტყობინების გაგზავნას აუკრძა­ლავს. ამისთვის მომხმარებელს სარეკლამო­ შეტყობინებისგან თავის დასაღწევად მხოლოდ ციფრთა ერთი კომბინაციის აკრეფა­ დასჭირდება და მისი ტელეფონის ნომერი ამ ერთიან, დაცულ ბაზაში მოხვდება.
პ.ს. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, 2016 წელს პირდაპირი მარკეტინგის დადგენილი წესის დარღვევის გამო 18 ორგანიზაცია დაჯარიმდა.

ეკა ასათიანი
აზრი არ აქვს
08 ნოემბერი 2016 17:11
რამდენიც გინდა წერე და აგზავნე სმს დაბლოკვის ტექსტები აზრი არ აქვს. ძალით გვატენიან და არც რაიმე გამოსავალი ჩანს რეალურად
asea
08 ნოემბერი 2016 16:07
განვადება მქონდა ერთ ბანკში, მერე მეორეში-ორივეგან პატიოსნად, დროულად გადავიხადე ვალები და მერე დაიწყო ჯოჯოხეთი, მიგზავნია და მიგზავნიან სხვადასხვა ბაკებიდან შეთავაზებებს, სხვა ბანკებიდანაც მირეკავენ, გულიშემიღონეს რაა, ... არ გადაიხდი დროზე ვაი, გადაიხდი ვუი, ....
veterni
07 ნოემბერი 2016 20:22
ბანკში ანგარიში გავაუქმე .სმს მაინც მოდიოდა. მომიწია მეორედ მისვლა . . .

რედაქტორის რჩევით