13 წელი ათონის მთაზე
31-10-2016
13 წელი ათონის მთაზე
"13 წლის განმავლობაში ბევრი ნივთი გავაკეთეთ... ბოლო დროს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს გავუკეთე გულსაკიდი - ღვთისმშობლის პანაღეა, ივერონის იღუმენს - ჯვრები"

ათონის მთაზე მოგზაურობა ყველა­ ქრისტიანის ოცნებაა. მალხაზ შამა­ნ­აური და ვანო ოდიშელაშვილი­ ათონის მთის ქართველი ბინად­რები არიან.

მალხაზ შამანაური: -
15 წლის წინ ათონის მთაზე მომლოცველთა ჯგუფს­ გამოვყევი და დავრჩი. მას შემდეგ ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიხდა... იმხანად დიონისეს მონასტერში ქართველი ბიჭები მუშაობდნენ. სპეციალობით მხატვარი-კერამიკოსი ვარ. ქართველ მშენე­ბლებს ვთხოვე, იქნებ დამასაქმოთ-მეთქი. ქვებს
შორის გამოლესვა დამაწყებინეს და სწორედ ამ დროს მნახა ეკლესიის წინამძღვარმა მამა სიმეონმა. ბიჭებს­ გამოელაპარაკა, მათ კარგად შემაფასეს და მანაც იმუშაოსო, თქვა.

მამა სიმეონს ათონის მთაზე ყველა დიდ პატივს სცემს. ძალიან თავმდაბალი, კეთილშობილი ადამიანია, კარგად იცის ხელოვნება. ათონის მთაზე წამოსვლამდე ავჭალის ქეთევან წამებულის ტაძრის კონქი მოვხატე.
მამა სიმეონს ეს რომ ვუთხარი, მთხოვა­, ნიმუშად მისთვისაც დამეხატა რაიმე. მთავარანგელოზ მიქაელის ხატი დავწერე, რომელიც დღეს მამა სიმეონის კელიაშია. 4-თვიანი დაკვირვების შემდეგ მითხრეს, - მშენებლობაზე აღარ იმუშაოო. ამ პერიოდში ათონის მთის მუზეუმი გათხრებს ატარებდა. აქაურობა მეკობრეებს და თურქებს არაერთხელ გადაუწვავთ, ბევრი ნივთი მოექცა მიწაში. არაერთი მათგანი აღვადგინე, ახლა მუზეუმშია გამოფენილი. მოკლედ, ნელ-ნელა მოვიპოვე ნდობა და ბევრი ხელობაც შევითავსე - ჭედურობა, მინანქარი... ოქრომჭედელი რომ დამჭირდა, ჩემი მეუღლის ბიძა, ვანო ოდიშელაშვილი ჩამო­ვიყვანე და უკვე 13 წელია, ერთად ვმუშაობთ. აქ 3 ქართველი ვართ - მე, ვანო და იოსებ ტაბატაძე.

ოჯახი მენატრება - 4 შვილისა და 2 შვილიშვილის პაპა ვარ. პირველად აქაურმა ფერად-ფერადმა ხის აივნებმა ძველი თბილისი გამახსენა. მონასტრის ეზოში ძველი ხეივნის ნაშთი ცხადყოფდა, რომ აქ ადრე ვაზი ხარობდა. ვანომ საქართველოდან ჩამოიტანა ნერგები და ვენახი გავაშენეთ. ახლა იმხელა მტევნებს­ ისხამს, თვალს უხარია. გავა წლები და იტყვიან: ეს ვაზი აქ ქართველებს გაუშენებიათო.

ვანო ოდიშელაშვილი: - სართიჭალელი გახლავართ. 20 წელი ვმუშაობდი თბილისის ცნობილ სალონებში ოქრომჭედლად. აქ სულ სხვა, საინტერესო სამყაროში მოვხვდი. თავიდან 2 დასადგამი ჯვარი გავაკეთე და რამდენიმე შუა საუკუნეების სამუზეუმო ექსპონატი აღვადგინე. 13 წლის განმავლობაში ბევრი ნივთი გავაკეთეთ: ბარძიმები, სახარების ყდები, ჩარჩოები, პატერიცა (კვერთხის თავი)... ბოლო დროს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს გავუკეთე­ გულსაკიდი - ღვთისმშობლის პანაღეა, ივერონის იღუმენს - ჯვრები. ჩვენი სახელოსნო საჩვენებელია - ათონის მთას თუკი ვინმე პატივსაცემი პიროვნება ეწვევა, ყველა მოჰყავთ, ათვალიერებინებენ ჩვენს ნამუშევრებს. ეს ორმაგად გვახარებს, რადგან ძალიან მოსწონთ და თან საგანგებოდ აღნიშნავენ - ქართველი ოსტატების ნამუშევრებიაო.

- აქ ყველაზე მეტად რა გახსენებთ სამშობლოს?

- ჩვენი სახლის უკან ქვევრებია ჩაყრილი. ამ ქვევრებში ზეთსა და ღვინოს ინახავდნენ. როდესაც მათ ვუყურებ, საქართველოში მივდივარ ფიქრებით. ჩვენი სახლი-სახელოსნო მონასტრიდან ოდნავ მოშორებით დგას. ახლა იქ მე და მალხაზ შამანაური ვცხოვრობთ, დმანისელი ბერძენი გვყავს მეზობლად, დიმიტრი. ქართული კარგად არ იცის, რასაც დმანისელ პედაგოგებს აბრალებს,­ - ცუდად გვასწავლეს, თორემ უკეთესად ვისაუბრებდიო. განსაკუთრებით საქართველოს სადღეგრძელო უყვარს, - სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, იმ ადგილს გაუმარჯოსო. მისი სოფელი გორა სომხეთს ესაზ­ღვრება. ახლა იქ მიტოვებული სახლი დგას. დიმიტრი სულ იმას გაიძახის, - სიბერეში ჩემს სოფელში აუცილებლად დავბრუნდებიო...

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით