"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გავასაჩივრებთ!"
07-11-2016
"მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვას გავასაჩივრებთ!"
მაქვს ინფორმაცია, რომ მარჯვენასაჭიანი­ ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ახალი მოწვევის პარლამენტშიც არიან პირები, რომლებიც საკუთარი ბიზნესინტერესების გამო მხარს უჭერენ ამ კანონპროექტს. ჩვენი­ ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე ლაპარაკი კვლავ გააქტიურდა. მართალია, ამ თემაზე ჯერ მხოლოდ სამთავრობო კულუარებში მსჯელობენ, თუმცა, ­ავტოდილერების ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლ­ამენტი წინამორბედების დაწყებულ საქმეს ბოლომდე­ მიიყვანს. ამჯერად ახალი რეგულაციების ამოქმედების ორი სავარაუდო თარიღი­ სახელდება:
1-ლი იანვარი ან 1-ლი მარტი, როცა კანონპროექტი ძალაში შევა და საქართველოში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია აიკრძალება.

ვასო ურუშაძე, "ეკო ტრანსპორტ ცენტრის" აღმასრულებელი დირექტორი: - პირველი, ვინც ეს ინიციატივა გაახმაურა,­ ყველა საკითხში "კომპეტენტური" დავით ნარმანია იყო, რომელმაც განაცხადა, რომ საცობების პრობლემა დაკავშირებულია მარჯვენასაჭიან ავტომობილებთან. ეს იყო სრული
აბსურდი, რადგან მანქანის საჭის მდებარეობას არანაირი კავშირი არა აქვს მოძრაობის უსაფრთხოებასთან. ეს იყო სატესტო მესიჯი იმის გამოსავლენად, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა საზოგადოებას ამ საკითხზე. საზოგადოებაში კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა - ვისაც მარცხენასაჭიანი ავტომობილი­ ჰყავს,­ ამბობს, რომ ცუდია მარჯვენასაჭიანი, მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელი კი ამბობს, რომ მისი ავტომობილი უკეთესია მარცხენასაჭიანზე. ეს არის სტერეოტიპი,­ როგორიც, მაგალითად, მძღოლ ქალე­ბთან დაკავშირებით არსებობს... საგზაო უსაფრთხოების პრობლემა ქვეყანაში მართლაც მწვავედ დგას, ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ და აუცილებელია გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ პრობლემის მოსაგვარებლად. სწორედ ამას ვითხოვდით შს სამინისტროსგან.

რამდენიმე შეხვედრა გაიმართა და განვიხილეთ ისეთი საკითხები, როგორებიც არის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების გაზრდა, თანამშრომლების გადამზადება, აღჭურვა, ვიდეოკონტროლის გამკაცრება და სხვ. როცა კანონპროექტის დასკვნით ეტაპზე ვიყავით, შს სამინისტროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტს დაემატა ორი პუნქტი, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვასა და ძველ ავტომობილებზე განბაჟების 500%-ით გაძვირებას გულისხმობდა. რა თქმა უნდა, გავაპროტესტეთ, რომ ეს ორი პუნქტი არანაირ კავშირში არ იყო არც მოძრაობის უსაფრთხოებასთან, არც ეკოლოგიასა და არც საცობების განტვირთვასთან... შედეგად, კანონპროექტი არ შევიდა ძალაში 2016 წლის 1-ლ მაისს, როგორც დაანონსებული იყო. მიგვაჩნია,­ რომ თარიღის წინასწარ დაანონსებით მისმა ინიციატორებმა­ დანაშაული ჩაიდინეს, რადგან ათასობით კლიენტი მიადგა დილერებს და მოითხოვეს მათგან ავანსად გადახდილი თანხების უკან დაბრუნება... რეალურად კი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვით დაინტერესებული იყო არა შს სამინისტრო, არამედ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რომლებსაც აქვთ ბიზნესინტერესები და მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვით უფრო დაბალ კონკურენციასა და შესაბამისად, მეტ შემოსავალს მიიღებენ.

ყველა ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ საჭის მდებარეობას არანაირი მნიშვნელობა­ არა აქვს და მოძრაობის უსაფრთხოება სამ ძირითად კომპონენტზეა დამოკიდებული - მძღოლის კომპეტენციაზე, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე. ამის ნათე­ლი მაგალითია ევროკავშირის წევრი ორი ქვეყანა, პოლონეთი და ლიტვა, სადაც ბრიტანეთიდან დიდი რაოდენობით იმპორტირებული ავტომობილი შედიოდა და მთავრობებმა გადაწყვიტეს, აეკრძალათ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. აკრძალეს, მაგრამ ადგილობრივმა ექსპერტებმა ეს გადაწყვეტ­ილება გაასაჩივრეს ევროსასამართლოში, სადაც დამარცხდნენ პოლონეთისა და ლიტვის­ სახელმწიფოები... მხოლოდ ორი უარყოფითი მხარე აღმოაჩნდა მარჯვენასაჭიან ავტომობილებს - მარცხენა მხარეს მოძრაობისას, ავტომაგისტრალებზე გასწრების დროს, ხილვადობის პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია და ასევე - მაშუქის დარეგულირება (როცა ავტომობილის ფარები მოწყობილია მარჯვენამხრიანი მოძრაობისთვის,­ ღამით, შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას საპირისპიროდ მოძრავი ავტომობილის მძღოლს). ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ასეთი ავტომობილების მფლობელებს დაევალათ დამატებით მანქანაზე გასწრების სარკის ან მონიტორის დაყენება, რომლის ვიდეოთვალი მარცხენა სარკეზე მონტაჟდება, აგრეთვე, ფარების დარეგულირება მოძრაობის მიმართულების შესაბამისად.

მაქვს ინფორმაცია, რომ მარჯვე­ნა­საჭიანი­ ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე მმართველ გუნდში აზრთა სხვადასხვაობაა. ახალი მოწვევის პარლამენტშიც არიან პირები, რომლებიც საკუთარი ბიზნესინტერესების გამო მხარს უჭერენ კანონპროექტს. ჩვენი­ ინფორმაციით, უმრავლესობა მხარს დაუჭერს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვას. თუ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ჩვენ მას გავასაჩივრებთ. რეგულაციები კანონმდებლობას ეწინააღმდეგება. არსებობს კანონი "პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ", რომელსაც 2013 წელს ევროკავშირთან ასოცირების რატიფიცირების ფარგლებში მივუერთდით. ამ კანონში არის ჩანაწერი: თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღიარებენ რომელ­იმე ქვეყანას, როგორც უსაფრთხო პროდ­უქტის მწარმოებელ სახელმწიფოს, არა აქვთ უფლება, ამ ქვეყნის პროდუქტის რეალიზება შეზღუდონ ან აკრძალონ. თუ საჭირო გახდა, ამ გადაწყვეტილებას ევროპის სასამართლოშიც გავასაჩივრებთ და აუცილებლად მოვიგებთ პროცესს.

რეალური არგუმენტი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების აკრძალვისა, რაზეც შსს-ს წარმომადგენლები კულუარებში ლაპარაკობენ, ავტომობილების რაოდენობრივი ზრდაა. შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პირდაპირ თქვა, ვადასტურებ, რომ არანაირ კავშირში არ არის მარჯვენ­ასაჭიანი ავტომობილი მოძრაობის უსაფრთხოებასთან, უბრალოდ, რაოდენობა იზრდება და ამის გვეშინიაო.
ამ მიზნით ავტომობილები კი არ უნდა აიკრძალოს ან შეიზღუდოს, არამედ უფრო ხელმისაწვდომი უნდა გავხადოთ საქართველოში ახალი, ეკოლოგიურად სუფთა და ჰიბრიდული ავტომობილები.

ემა ტუხიაშვილი
ilo-ilo
14 ნოემბერი 2016 13:52
საზოგადოებავ! უმეტესობა რომ სულ მარცხენა საჭიანი მანქანები იზილებიან და სასაკლაოს აწყობენ,ვის დავაბრალოთ საჭეს თუ მძღოლებს?
ქართლოსი
14 ნოემბერი 2016 13:31
დავდივარ წყნარად მარჯვენა საჭიანი მანქანით და არავის ვუქმნი საფრთხეს.გახადეთ ხელმისაწვდომი მარცხენასაჭიანი მანქანები ან აამაღლეთ ცხოვრების დონე გერმანიის თუ არა პოლონეთის დონემდა მაინც და მერე აკრძალვაც არ დაგჭირდებათ ისე იყიდის ყველა მარცხენასაჭიან მანქანას.
meri-s bes-s
14 ნოემბერი 2016 12:54
კი აკრძალეთ, გაჯახებენ მერე სარცელს, და უხადეთ ტქვენი გადასახადებიდან იმ ხალხს კომპენსაციები

რედაქტორის რჩევით