"6 წლის წინ გავიგე, რომ ნაშვილები ვყოფილვარ. ვეძებ ქალს, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა... გამომეხმაურე, დედა"
15-11-2016
"6 წლის წინ გავიგე, რომ ნაშვილები ვყოფილვარ. ვეძებ ქალს, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა... გამომეხმაურე, დედა"
"იქნებ ჩემი ამბის გახმაურებამ უშედეგოდ არ ჩაიაროს და დედა გამომეხმაუროს"

"ქობულეთის სანაპიროზე ხშირად ხედავდნენ ქალს ბავშვთან ერთად რომ დადიოდა და ტიროდა, არ ვიცი, ბავშვს რა ვუყო, მიჭირს და როგორ გავზარდოო"

ნანა შრიერი-ცოციაშვილი: "მინდა სიმართლე გავიგო. რატომღაც მგონია, რომ ახლა დედას უფრო სჭირდება ჩემი სითბო. ისეთივე ტკივილს განიცდის, როგ­ორსაც მე. ამ ტკივილს პასუხი მხოლოდ სიმართლით უნდა გაეცეს. ძალიან მინდა, თუნდაც ცოტა ხნით ერთად ყოფნის შესაძლებლობა მოგვეცეს. ეს ამბავი დასასრულამდე უნდა მივიდეს!"


თელ-ავივში მცხოვრები ნანა შრიერი-ცოციაშვილი ჩვენს მკითხველს ამაღელვებელი თხოვნით მიმართავს - "მაპოვნინეთ დედა!". ქალბატონი ნანა თელ-ავივში ერთ-ერთი პოპულარული რესტორნის მეპატრონეა. ნანას აღმზრდელი ცოციაშვილების ოჯახი საქართველოდან ისრაელში საცხოვრებლად წლების წინ გადავიდა.

ნანა შრიერი-ცოციაშვილი:
- 6 წლის წინ გავიგე, რომ ნაშვილები ვყოფილვარ. ახლა ვეძებ ქალს, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა.
42 წლის ასაკში ასეთი ამბის გაგება არც ისე იოლია, მოსვენება დავკარგე. ყველა გზა მოვსინჯე, მაგრამ უშედეგოდ. იქნებ დედა თქვენ მაინც მაპოვნინოთ...

- როგორ გაიგეთ, რომ აყვანილი იყავით?­

- დედის სითბო ყოველთვის მაკლდა... ამის მიზეზი ისიც იყო, რომ ჩემი აღმზრდელი ძალიან ადრე, 26 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა - გზაზე გადადიოდა, როცა ავტომობილმა გაიტანა. მძღოლი არ დაუკავებიათ. თურმე ავტომობილი იმჟამინდელი ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს ეკუთვნოდა და საქმეც ჩაიფარცხა. ამგვარად გამზრდელი დედაც 2 წლინახევრისამ დავკარგე.

ყოველთვის ვცდილობდი მასთან დაკავშ­ირებული წუთები მეხსიერებით აღმედგ­ინა. ამიტომ დეიდას (აღმზრდელის დას) ვკითხე, იქნებ შენთან იყოს დედაჩემის ფოტოები ან ზღაპრის წიგნი, რომელსაც დედა მიკითხავდა-მეთქი. დეიდამ იფიქრა, ალბათ, ვინმესგან გაიგო სიმართლეო და წამოსცდა, აყვანილი ხარო. გაოცებულს აღმომხდა, როგორ მოხდა, რომ 42 წლის მანძილზე არავინ არაფერი მითხრა-მეთქი. მერე რაღაც დეტალებიც დავადგინე.

- რას გულისხმობთ?

- არქივიდან ამოღებული საბუთების მიხედვით დავიბადე ტყიბულში, 1968 წლის 15 აპრილს, ეროვნებით ებრაელი ალიოშა და რაია ცოციაშვილების ოჯახში, სინამდვილეში კი ქობულეთში დავიბადე, ალბათ, 15 თებერვალს. ჩემი ბავშვობის ერთ-ერთ სურათს უკანა მხარეს აქვს წარწერა: "1968 წელი, თებერვალი..."

ჩემი ინფორმაციით, ჩემი ბიოლოგიური დედა რუსი იყო, სავარაუდოდ, 21 წლის გოგონა, რომელსაც ბავშვთან ერთად ხშირად­ ხედავდნენ ქობულეთის სანაპიროზე.­ ტიროდა, არ ვიცი, ბავშვს რა ვუყო, მიჭირს და როგორ გავზარდოო. ასე აღმოჩნდა თურმე მაშინდელი ლენინის ქუჩის 6 ნომ­ერთან­ (ამჟამად აღმაშენებლის ქუჩა), სადაც ებრაელი ნანიკაშვილები ცხოვრობდნენ. მათთან დავუტოვებივარ.

არცთუ დიდი ხნის წინ ვიპოვე ნანიკაშვილების ოჯახის წევრი, რომელიც იმხანად პატარა იყო, მაგრამ ეს ამბავი ახსოვს. მითხრა:
რომ დაგტოვა, მეორე დღესვე ისევ მოვიდა დედაშენი ტირილით და ძებნა დაგიწყო. გაიძახოდა, ბავშვი დამიბრუნეთო, ხან საწოლის ქვეშ შეიხედა, ხან კარადას ეცა და გამოაღო, იქნებ ბავშვს აქ მალავენო, მაგრამ შენ უკვე გაშვილებული იყავი. ჩანს, ალიოშა და რაია ცოციაშვილებმა, რომლებიც ტყიბულში, ოქტომბრის ქუჩის 7 ნომერში ცხოვრობდნენ, ფული გადაიხადეს და მიშვილეს. ჩემი ბიოლოგიური დედა საით წავიდა, აღარავინ იცის, ვერც იმას მეუბნებიან, საქართველოში მცხოვრები რუსი იყო თუ ჩამოსული.

ქობულეთში ერთი სამშობიაროა, რომელიც 1970 წლის შემდეგ დაანგრიეს და მის ნაცვლად ახალი ააშენეს.
სამწუხაროდ, 1970 წლამდე არქივი აღარ აქვთ, თორემ ყველა ბავშვის რუსი დედის შესახებ მოვძებნიდი ჩანაწერებს, ვინც 1968 წლის თებერვალში იმშობიარა. არც ის არის გამორიცხული, დედაჩემს სადმე სახლშიც ემშობიარა. მამას რაც შეეხება, ქართველი უნდა იყოს. დნმ-ის ანალიზის პასუხებით ვიცი, რომ ჩემს ძარღვებში ქართველის და რუსის სისხლი ჩქეფს.

ჩემი აღმზრდელი მამა ისე გარდაიცვალა (ეს არცთუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა), ჩემი შვილად აყვანის თემაზე ლაპარაკი არ უნდოდა. თავიდან იმ იმედს ვებღაუჭებოდი, იქნებ ნათესავისგან მიშვილეს და ამიტომ საიდუმლოს მკაცრად ინახავენ-მეთქი. 30 ნა­თესავი შევკრიბე და გავაკეთებინე დნმ-ის­ ანალიზი. ისრაელში ასეთ კვლევას მაღალ დონეზე აკეთებენ, სისხლის მიხედვით ეროვნების დადგენა შეიძლება. სამწუხაროდ, მათი და ჩემი ანალიზის პასუხები არ დაემთხვა.
ყველა მეუბნება, რა გინდა, ხომ ებრაელებმა გაგზარდეს, ებრაელი ხარ, არაფერი გაკლია, ბიოლოგიურ დედას რაღას ეძებ, ამ ყველაფერს თავი დაანებეო, მაგრამ ვერა! მუდმივად მაქვს განცდა, რომ 100%-ით არ ვეკუთვნი ოჯახს, რომელმაც აღმზარდა და ეს არ მასვენებს.

- თქვენი ცხოვრება გაშვილების შემდეგ­ როგორ წარიმართა?

- ვიზრდებოდი ტყიბულში და საჩხერ­ეში, სადაც ბებია-ბაბუა ცხოვრობდნენ. 5 წლის ვიყავი, როცა ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად ისრაელში წავიდა. მას შემდეგ წარმატებული გზა გამოვიარე... ვარ დოკუმენტური ფილმების რეჟისორი, ხანდახან ვმსა­ხიობობ კიდეც.
ჩემი რესტორანი თელ-ავივში პოპულარულია. სხვათა შორის, ქართულ კერძებს ვამზადებთ, ახლა ვეგეტარიანული სამზარეულო გავაკეთეთ და მენიუში ქართული მცენარეული კერძები შევიტანეთ. ისრაელში ქართული სამზარეულო დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- ქართული ენა ან აქაური კერძების გემო ასე როგორ დაგამახსოვრდათ?

- არ ვიცი, ამას რა განაპირობებს, სისხლი, გენი თუ რა, მაგრამ მკერდში ქართველის გული მიძგერს. ჩემი პირველი სამშობლო იქ არის, სადაც დავიბადე... ამიტომაც ჩემს რესტორანში თანამშრომლებად სულ ქართველები ამყავს.

- და მაინც, რატომ გინდათ ასე ძალიან ბიოლოგიური დედის ნახვა?

- მინდა სიმართლე გავიგო. რატომღაც მგონია, რომ ახლა მას უფრო სჭირდება ჩემი სითბო. ისეთივე ტკივილს განიცდის, როგ­ორსაც მე. ამ ტკივილს პასუხი მხოლოდ სიმართლით უნდა გაეცეს. ძალიან მინდა, თუნდაც ცოტა ხნით ერთად ყოფნის შესაძლებლობა მოგვეცეს. ეს ამბავი დასასრულამდე უნდა მივიდეს!
ხშირად ვეკითხები თავს: ვინ ვარ მე ამ ვეებერთელა სამყაროში? ვინ არიან ჩემი რეალური მშობლები? მყავს თუ არა და-ძმა? მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრე­ბის­ გზა წარმატებული აღმოჩნდა, მაინც მგონია, რომ დაკარგული ვარ... დიახ, მე დაკარგული შვილი ვარ, ვინც დედას ეძებს! დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემს ნაამბობში ვიღაც მაინც ამოიცნობს საკუთარ თავს ან დედაჩემის შესახებ ინფორმაცია ექნება და შემეხმიანება.

- თუ იცით, როგორი გარეგნობის ქალი იყო თქვენი ბიოლოგიური დედა?

- წარმომიდგენია, რომ იყო ძალიან ლამაზი, ნიჭიერი, უყვარდა ღვინო, ცეკვა და "კრასნაია მოსკვას" სურნელი ასდიოდა...

- საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე?

- ძალიან ხშირად. საქართველოში გადავიღე ფილმი "სისხლის ყივილი", რომელშიც სწორედ ჩემი ამბავია მოთხრობილი. ფილმის პრემიერა ისრაელში შედგა,­ რომელმაც ბევრი ცრემლი მოჰგვარა ქართველ ებრაელებს. ახლა ტიტრების ქართულად თარგმნა მიმდინარეობს და როცა დასრულდება, ქართველი საზოგადოებაც ნახავს.­ შე­საძლოა, ჩემი ამბის ასეთმა გახმაურებამ­ უშედეგოდ არ ჩაიაროს და დედა გამომეხმაუროს.

ეკა ასათიანი
nika
25 ოქტომბერი 2017 02:19
სალი შავერდოვა-რომელ წელს დაიბადეთ?
04 აპრილი 2017 09:21
სალი მეც ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს და დადაძმას არვიცი მყავს თუ არა მე 31 წლის ვარ გამომეხმაურე ფეიბუქზე (მანუჩარი დოლბაძე) ასე ვარ გამიხარდება
მანუჩარი დოლბაძე
03 აპრილი 2017 21:14
გამარჯობა მეც ვეძებ ბიოლოგიურ მშობლებს და და დაძმას, სალი რამდენი წლის ხარ?მე 31წლის ვა იქნებ რამე გვაკავშირებს

რედაქტორის რჩევით