"ვიმეორებ, თუ ვინმემ რამე იცის, ფაქტები მოიყვანოს" - კვირის პალიტრა

"ვიმეორებ, თუ ვინმემ რამე იცის, ფაქტები მოიყვანოს"

"როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოება არ არის მონარქიისთვის მზად, არც ბაგრატიონების მემკვიდრეებს ჰქონიათ საიმისო მზაობა"

გაზეთ "კომერსანტში" გამოქვეყნებულ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერვიუს საზოგადოების მძაფრი რეაქცია მოჰყვა. მინისტრი სხვა საკითხებთან ერთად ქართული და რუსული ეკლესიების ურთიერთობაზეც მსჯელობს და, ფაქტობრივად, დაუსაბუთებელ ბრალდებებს აყენებს. "მოსკოვში საქართველოზე პასუხისმგებელ პირად პრიმაკოვი დანიშნეს.

მალე ბაგრატიონთა გვარიდან მეფის პროექტი გაჩნდა. ბაგრატიონთა შთამომავალი სასწრაფოდ დააქორწინეს ამავე გვარის სხვა შტოს წარმომადგენელზე, რომელიც საამისოდ ქმარსაც კი დააშორეს. და რა? პროექტი ქორწინებასთან ერთად დაიმსხვრა. მოსკოვში გამუდმებით ეძებენ მემკვიდრეს საქართველოსთვის, მაგრამ ეს სრულიად უპერსპექტივო მცდელობაა. შეხედეთ ამ ხალხის რეიტინგებს საქართველოში და ყველაფერი ნათელი გახდება".

რა საფუძველი აქვს ვანო მერაბიშვილის ბრალდებებს, ამის გასარკვევად ბაგრატიონთა ჯვრისწერის ღონისძიების ხელმძღვანელს, წმინდა სამების საკათედრო ტაძრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ილია ნასიძეს დავუკავშირდით:

KvirisPalitra.Ge- თუ მინისტრი ამბობს, რომ რაღაც სადღაც დაიგეგმა, მაშინ ფაქტებიც უნდა დაასახელოს. მე კი ის ვიცი, რომ მისმა უწმინდესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, ამა და ამ დროისთვის უნდა გაიმართოს დავითისა და ანას ქორწილიო და ორგანიზება დამევალა. მეტი არაფერი გამეგება იმისა, ვის რა ურთიერთობა აქვს საქართველოსა და რუსეთს შორის, ვინ რას გეგმავს ან აკეთებს. ვიმეორებ, თუ ვინმემ რამე იცის, ფაქტები მოიყვანოს. ვიცი, რომ ჯერ კიდევ ათეული წლის წინ დამყარდა კავშირი პატრიარქსა და ესპანეთის იმ ბაგრატიონებს შორის, რომელთაც მეფობის სურვილი, მაგრამ უფლება არა აქვთ. მოგეხსენებათ, მეფეს არავინ ირჩევს, მას მემკვიდრეობით ერგება ტახტი. ისტორიული მონაცემების მიხედვით სამეფო ტახტის მემკვიდრეა ნუგზარ ბაგრატიონი.

შესაბამისად, ესპანელი ბაგრატიონების სურვილის მიუხედავად, დავითს მეფობის უფლება არ ჰქონდა. ამიტომაც პატრიარქის კურთხევით ბაგრატიონთა ორი შტოს წარმომადგენლები დაუკავშირდნენ ერთმანეთს. თუ ახალგაზრდებს შვილი შეეძინებოდათ, შესაძლოა, ის გამხდარიყო ტახტის მემკვიდრე, ამასთან,  ეს საკითხი დღის წესრიგში მისი დაბადებიდან 15-20 წლის შემდეგ დადგებოდა.

- ჯერ კიდევ 2009 წლის 8 თებერვლამდე, სანამ ანა და დავითი დაქორწინდებოდნენ, გავრცელდა ხმა, რომ ეს იყო უსიყვარულოდ, ნაძალადევად შექმნილი ოჯახი. მაშინ თქვენ თქვით, რომ წყვილი სიყვარულით დაუკავშირდა ერთმანეთს.

- ანასა და დავითს დიდი ხნის ურთიერთობა ჰქონდათ და ჯვრისწერა მათი სურვილით შედგა. შესაძლოა, ეს მითქმა-მოთქმა ისტორიული ცნობების ზეგავლენის შედეგიც იყოს. როცა ერს სჭირდებოდა, მეფეები ხშირად ქორწინდებოდნენ უსიყვარულოდ. ვიმეორებ, ამ წყვილს ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ გაუჩნდა დაქორწინების სურვილი. ისიც არ მესმის, მათი ოჯახის დანგრევაში გასაკვირი რა არის? განა ცოტაა ისეთი წყვილი, რომლებიც სიყვარულით ქორწინდებიან, მაგრამ, საუბედუროდ, მეორე დღესვე ანგრევენ ოჯახს? ნუ დაგვავიწყდება, რომ ბაგრატიონებს ერისგან მინიჭებული მოვალეობების გარდა, თავიანთი სურვილები და მოვალეობებიც აქვთ, ისინიც ჩვეულებრივი მოკვდავები არიან.

დასანანია, რომ ანასა და დავითს არ გამოუვიდათ ერთად ცხოვრება. არ ვიცი, ვისი ან რისი  ბრალი იყო ეს. როგორც ჩანს, არა მხოლოდ საზოგადოება არ არის მონარქიისთვის მზად, არც ბაგრატიონების მემკვიდრეებს ჰქონიათ საიმისო მზაობა, მტკიცე ოჯახი შეექმნათ და შვილი გაეჩინათ, რომელიც გაიზრდებოდა როგორც სამეფო ოჯახის შვილი.

ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, რომელიც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ცდილობდა საზოგადოებაში მონარქისტული იდეოლოგიის გაძლიერებას, ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება აბსურდული ბრალდებებით ებრძვის ეკლესიას.

აკაკი ასათიანი: "საქართველოშიI მონარქიის აღდგენა თუ ვინმეს არ სურს, სწორედ რუსეთია და საქართველოში ამ იდეის მომხრეებიც რუსეთის მომხრეები არიან. ვანოსაც და მთელ ხელისუფლებასაც უჯობთ, ეკლესიაზე ეჭვიანობას თავი დაანებონ. მაგათი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიაშია.

ბაგრატიონების ქორწინებასთან მე კავშირი არ მქონია, თუმც ვიყავი ჯვრისწერაზე. ვფიქრობ, ცოტა ნაადრევი იყო ეს ქორწინება და სხვანაირი ფორმითაც უნდა წარმართულიყო. გული მიგრძნობდა, რომ ეს ავისმქმნელები და მოჩვენებებით შეპყრობილნი ამ ქორწინებასაც ჩაუსაფრდებოდნენ და ათას სისულელეს მიაწერდნენ. ამათ ხომ ყველგან მოწინააღმდეგე ელანდებათ. აფხაზეთის დამბრუნებელიც რომ გამოჩნდეს, იმასაც არ შეუწყობენ ხელს".