რა გამოხმაურება მოჰყვა ინგლისური ენის გაუმჯობესების ინოვაციურ მეთოდს მოსწავლეებში?
07-11-2016
რა გამოხმაურება მოჰყვა ინგლისური ენის გაუმჯობესების ინოვაციურ მეთოდს მოსწავლეებში?
იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამოადგებათ სწავლის პროცესში ეს ორენოვანი­ წიგნი, "პალიტრა L"-მა ერთგვარი ტესტირებაც მოაწყო წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება. მოსწავლეებმა სპეციალური კოდის დახმარებით ნაწარმოებების აუდიოვერსიასაც მოუსმინეს. წიგნის გატესტვის პროცესს სკოლის ქართულისა და ინგლისური ენის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ და მოსწავლეების რეაქციას მოუთმენლად ელოდნენ...

როგორ დავხვეწოთ და გავიუმჯობესოთ ინგლისური ენის ცოდნა? - ალბათ, ამ კითხვის მოსმენისას ბევრს მოსაწყენი სავარჯიშოების კრებული ან სქელტანიანი ლექსიკონის დაუსრულებელი ქექვა ამოგიტივტივდებათ, თუმცა
ნურც დასკვნის გამოტანას იჩქარებთ და ნურც ხელს ჩაიქნევთ - გამომცემლობა "პალიტრა L"-ის 12-ტომიანი სერია შესაძლებლობას გაძლევთ, მსოფლიო კლასიკა ორიგინალში წაიკითხოთ და ტექსტთან
დაკავშირებულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხი იქვე, პარალელურ ქართულ თარგმანში ამოიკითხოთ. მეტიც, მსოფლიო დონის ლიტერატურის ორენოვან გამოცემასთან ერთად, "პალიტრა L" საშუალებას გაძლევთ, უნიკალური კოდით გადმოიწეროთ და მოისმინოთ წიგნის აუდიოჩანაწერიც, რაც ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმაშიც დაგეხმარებათ. კოდი მოთავსებულია წიგნის­ უკანა ყდაზე, რომელიც უნდა შეიყვანოთ "პალიტრა L"-ის საიტზე აუდიოწიგნების სექციაში და ავტომატურად შეძლებთ­ MP3 ფორმატის ჩამოწერას.

იმის გასარკვევად, თუ რამდენად გამოადგებათ სწავლის პროცესში ეს ორენოვანი­ წიგნი, "პალიტრა L"-მა ერთგვარი ტესტირებაც მოაწყო წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლაში, სადაც ინგლისური ენა გაძლიერებულად ისწავლება. მეათეკლასელები ინგლისურად და ქართულად გაეცნენ ჩარლზ დიკენსის "აჩრდილებიან სახლს", ართურ კონან დოილის უკვდავ რომანს "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალს" და სხვა, რის შემდეგაც სპეციალური კოდის დახმარებით ამ ნაწარმოებების აუდიოვერსიასაც მოუსმინეს. წიგნის გატესტვის პროცესს "პალიტრა L"-ის წარმომადგენლებთან ერთად, სკოლის ქართულისა და ინგლისური ენის მასწავლებლებიც ესწრებოდნენ და მოსწავლეების რეაქციას მოუთმენლად ელოდნენ. წიგნის არსში გარკვევის შემდეგ, თითოეული მათგანი აღფრთოვანებას ვერ მალავდა: "მაგარია!"
დათო აფხაზავა, წმინდა გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მოსწავლე: "12 წელია ინგლისურ ენას ვსწავლობ, წიგნებს ინგლისურადაც ხშირად ვკითხულობ და კარგად ვიცი, რამდენად დიდია სხვაობა ნაწარმოების თარგმანსა და ორიგინალ ტექსტს შორის.

"პალიტრა L"-ის წიგნს დეტალურად გავეცანი, ქართული და ინგლისური ტექსტებიც ერთმანეთს შევადარე და გაოცებული ვარ იმით, რომ სიტყვები ერთმანეთს მაქსიმალურად ემთხვევა. მსგავსი წიგნის გამოცემა ნიშნავს,­ რომ კლასიკის ორიგინალში კითხვისას სქელტანიანი ლექსიკონის ინტენსიური ფურცვლა არ მოგვიწევს და სასურველ კითხვაზე პასუხს ადგილზევე ვიპოვით. საინტერესოა ისიც, რომ აუდიოჩანაწერის მოსმენაც შეგვიძლია, ეს ინგლისური სიტყვების სწორად გამოთქმაშიც მაქსიმალურად ხელს შეგვიწყობს".

ირაკლი წიქარიშვილი, მეათე კლასის მოსწავლე:
"ამ წიგნით ნებისმიერ ადამიანს, ვინც ქართულად და ინგლისურად კითხულობს, ენის შესწავლა მარტივად შეუძლია. მიხარია, რომ ინგლისური ენა ქვეყანაში სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე ამ ფორმატში გვეძლევა შანსი, მსოფლიო კლასიკა ორიგინალში ვიკითხოთ".

"პალიტრა L"-ის ორენოვანი გამოცემა მნიშვნელოვან წამოწყებად შეაფასეს წმინდა გიორგის საერთაშორისო სკოლის მასწავლებლებმაც. ინგლისური ენის პედაგოგმა­ სოფო გურგენიძემ აღნიშნა, რომ ადაპტირებული ტექსტის ნაცვლად ახალგაზრდებისთვის ორიგინალი ტექსტის მიწოდება ინგლისური ენის მაქსიმალურად დახვეწას შეუწყობს ხელს.

- ბუნებრივია, ადაპტირებულ ტე­ქ­სტსა­ და ორიგინალს შორის სხვაობა დიდია. ერთი შეხედვით, შესაძლოა,"შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლის" ორიგინალში წაკითხვა ვინმეს დიდ სირთულედ მოეჩვენოს, თუმცა, როცა "პალიტრა L"-ის გამოცემული წიგნი დავათვალიერე, მივხვდი, რომ ეს სირთულე, ფაქტობრივად, მოხსნილია. ტექსტის პარალელური თარგმანი თუნდაც ინგლისური ენის შედარებით დაბალ დონეზე მცოდნეებს ენის ათვისებაში მაქსიმალურად დაეხმარება - მათ არ მოუწევთ ცალკე დამხმარე წიგნების ძიება და სიტყვების დამოუკიდებლად თარგმნის დამღლელი პროცესის გავლა. "პალიტრა L" ინგლისური ენის სწავლის მართლაც ინოვაციურ და სასარგებლო მეთოდს გვთავაზობს - ვსწავლობთ ინგლისურს და პარალელურად ვკითხულობთ მსოფლიო კლასიკას.

ირინა იაშვილი, ქართული ენის პედაგოგი: -
დავრწმუნდით, რომ წიგნების ამ სერიის არსი ენობრივი თვალსაზრისით საინტერესოა. რაც მთავარია, მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ, ქართულად ნათა­რგმნი ტექსტი დედანს შეადარონ. დიდი ფუფუნებაა, როდესაც წიგნს ორიგინალში კითხულობ და ნათარგმნი ტექსტიც იქვე გაქვს მოცემული. ეს მოსახერხებელიცაა - ახალგაზრდები დროსა და ენერგიას მაქსიმალურად ზოგავენ. მისასალმებელია, რომ ახალგაზრდა თაობა უკვე ეტანება უცხოენოვან ლიტერატურას, შესაბამისად, ეს პირველი სიტყვა იქნება მათთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე.

P.S. სერიის პირველი წიგნი 28 ნოემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით