სახლი თუ სარკოფაგი - ტოქსიკური სამშენებლო მასალები?!
07-11-2016
სახლი თუ სარკოფაგი - ტოქსიკური სამშენებლო მასალები?!
"საქართველოს სამშენებლო მასალების სტანდარტი 2022 წლამდე არ ექნება"

სახელმწიფო ვალდებულია, დააწესოს როგორც ხარისხის, აგრეთვე უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები, ვინაიდან მოქალაქეები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც იძენენ ბინებს ან სარემონტო მასალას, რომელიც შეიძლება უკეთეს შემთხვევაში იყოს უხარისხო, უარეს შემთხვევაში კი ტოქსიკური


ბინაში რემონტის გამო სამშენებლო და სარემონტო მასალებით მოვაჭრე მაღაზიების ხშირი სტუმარი გავხდი და ამ ბიზნესში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ შევიტყვე. გამოცდილი და კეთილი ადამიანების რჩევით აღმოვაჩინე, რომ სამშენებლო და სარემონტო მასალების მიხედვით
შეგიძლიათ მოიწყოთ ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი, ან მომწამვლელი ნივთიერებებით გაჟღენთილი სარკოფაგი.

ერთ-ერთ კომპანიაში, რომელიც სამშენებლო-სარემონტო მასალებით ვაჭრობს, ერთხანს თურქული პროდუქცია შემოჰქონდათ. შესაბამისად, ოფისიც იმით გაარემონტეს, რასაც ყიდდნენ. მალე მომსახურე პერსონალს ერთი და იმავე ტიპის სიმპტომები დაეწყო, დაეჭვდნენ, რომ ყველა ერთნაირი ნივთიერებით იწამლებოდა. საკვები გამოირიცხა, რადგან ხალხი
ოფისის გარეთ, სხვადასხვა დაწესებულებაში სადილობდა. კომპანიის ხელმძღვანელმა ეჭვი სარემონტო მასალებზე მიიტანა. ინსტრუქციის კარგად შესწავლის შემდეგ ამოიკითხა, რომ ლამინატის დამზადებაში გამოყენებული წებოს შემადგენლობაში რამდენიმე ნივთიერების მაღალი დოზით არსებობის გამო, შენობა, სადაც ამ მასალას დააგებდნენ, 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე უნდა განიავებულიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ადამიანების ჯანმრთელობის გაუარესება გამოიწვიოსო. ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ ლამინატისა და მეტალოპლასტმასის ნიმუშები ევროპის ორი ქვეყნის ლაბორატორიაში გაგზავნეს შესამოწმებლად (ჩვენს ქვეყანაში მსგავსი ლაბორატორია არ არსებობს) და პასუხად მიიღეს, რომ მასალები მომწამვლელი ნივთიერების, მათ შორის კანცეროგენული, ონკოლოგიური დაავადებების გამომწვევი ნივთიერებებით იყო გაჯერებული. "სასწრაფოდ დავშალეთ ოფისი. მას, ვინც თურქეთში ეს პროდუქცია მომყიდა, ვუსაყვედურე, აისო-სერტიფიკატი რომ მაჩვენე, სახლში კი ევროპული სტანდარტებით დამზადებულის ნაცვლად ნაგავი გამატანე, ეგ რა ადამიანობაა-მეთქი? მათთან დავას აზრი არა აქვს. ვისაც ღირსება აქვს, ასეთ თურქულ კომპანიებთან ვაჭრობას წყვეტს. განა თურქეთში ან ჩინეთში მაღალი კლასის პროდუქცია არ მზადდება? განა რეალურად არა აქვთ აღებული აისო-სერტიფიკატები? ყველაფერი რიგზე აქვთ, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოშია განუკითხაობა და ჩვენს უამრავ პროდუქციაზე, მათ შორის საკვებზეც კი, სტანდარტები არ არსებობს, ვისაც რა უნდა, ის შემოაქვს.

აქ შემოტანილ თურქულ და ჩინურ ლამინატს ფორმალდეჰიდისა და მელამინის დიდი შემცველობა აქვს. ორივე ნივთიერებას შეიცავს წებო, რომელიც მოსაპირკეთებელ საშუალებებსა და დაწნეხილი ხისგან დამზადებულ მასალებსა და ნაკეთობებში გამოიყენება. საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ავეჯიც, რადგან აღნიშნულ ნივთიერებებს საავეჯე მასალების დასამზადებლადაც იყენებენ. უამრავი უცხოური ლაბორატორია აცხადებს, რომ ფორმალდეჰიდი და მელამინი კანცეროგენულია და სამშენებლო ან საყოფაცხოვრებო მასალებში მისი დოზის მინიმუმამდე დაყვანას ითხოვენ. თუმცა იმავე მოთხოვნების აუცილებლობას ჯერ საქართველოს მთავრობის ყურამდე არ მოუღწევია", - აცხადებს კომპანიის მეპატრონე, რომელმაც მომწამვლელი მასალების იმპორტი შეწყვიტა.

"რაც გინდა, აკეთე..."


რამაზ ღვინეფაძე, მშენებლობის ექსპერტი: "სანამ სახელმწიფოს არ ექნება სტანდარტი და ლაბორატორიები, სადაც სამშენებლო და სარემონტო მასალების ხარისხი შემოწმდება, შედეგი ვერ გვექნება. მე თუ ვიტყვი უარს უხარისხო პროდუქციაზე, სხვა შემოიტანს. ევროპაში კლასებად არის დაყოფილი მასალები, რა შეიძლება სახლში გამოიყენო და რა - არა. ჩვენთან არავინ ცნობს არც სტანდარტებს, არც კლასებს. მოქმედებს პრინციპი - რაც გინდა, აკეთე, ოღონდ გადასახადები გადაიხადე, იმას კი არავინ ითვლის, რას ხარჯავს სახელმწიფო სხვადასხვა დაავადებით, მათ შორის, მომწამვლელი ავეჯის, საკვების, სამშენებლო მასალების შედეგად დასნებოვნებული ადამიანების განკურნებისთვის".

სახიფათო ფასადური მასალები


ინოვაციური კვლევითი ცენტრის ექსპერტ-ანალიტიკოსის, გიორგი პატარიძის აზრით, თუ სახელმწიფო არ არეგულირებს­ სტანდარტებით, მომხმარებელმა თავად უნდა თქვას უარი უხარისხო და იაფფასიან მასალებზე: "უხარისხო მასალების იმპორტიორ ქვეყნებში დომინირებენ თურქეთი, ჩინეთი, უკრაინა და რუსეთი. მშენებლობის დროს რიგი კომპანიები მომხმარებელს დამატებითი ანაზღაურების შემთხვევაში უფრო ხარისხიან მასალასაც სთავაზობენ, თუმცა მასალის წარმოშობის სერტიფიკატის გარეშე ძნელია ვინმეს ნდობა. რამდენიმე სერიოზულმა სამშენებლო მასალების კომპანიამ სცადა ფეხის მოკიდება საქართველოში, ისევე როგორც დიდმა სამშენებლო მასალებით მოვაჭრე სავაჭრო ცენტრმა, მაგრამ უშედეგოდ.
მომხმარებლის მოთხოვნა მაღალ ხარისხზე იზღუდება მისი ფინანსური შესაძლებლობებით, ამიტომაც ბაზარზე უხარისხო და ადამიანის სიცოცხლისთვის საშიში პროდუქცია ჭარბობს.

ორი წლის წინ ბაქოში უხარისხო და ადვილად აალებადი მასალების გამო მთელი სახლი დაიწვა და ხალხი დაიღუპა. ასეთ სახლებს აქაც მრავლად ნახავთ. ამ შენობების ფასადური მასალა იმდენად სახიფათოა, რომ ხანძრის შემთხვევაში თვალის დახამხამებაში მთელ სახლს მოედება. როგორ შეიძლება ჯართიდან ამოღებული, ძველი საბჭოთა არმატურა ხარისხიანად ითვლებოდეს? სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს როგორც ხარისხის, აგრეთვე უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტები. ეს პრიორიტეტულია, ვინაიდან მოქალაქეები დიდ რისკზე მიდიან, როდესაც იძენენ ბინებს ან სარემონტო მასალას, რომელიც შეიძლება, უკეთეს შემთხვევაში, უხარისხო იყოს, უარეს შემთხვევაში კი ტოქსიკური".

რას აპირებს სახელმწიფო?!


აპირებს თუ არა სახელმწიფო სტანდარტების შემოღებას? ეკონომიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკებებისა და DCFTA-ს (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება) განხორციელების სამმართველოს უფროსი, გიორგი ჩიტაძე აცხადებს, რომ მასალების რაღაც ნაწილს აქვს სტანდარტი, ნაწილს კი არა:
- სხვადასხვა მასალაზე მოქმედებს საქართველოში დაშვებული ევროპული სტანდარტები ან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროინდელი, რომელიც არ გაგვიუქმებია, რათა ბიზნესს ხელი არ შეშლოდა.

- ანუ ჩვენი სტანდარტების სისტემა ევროკავშირის რეგულაციებთან შესაბამისობაში არ არის?

- შესაბამისობაში მოვა მაქსიმუმ 2022 წლისთვის, რადგან ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულია იმ ტექნიკური რეგლამენტის თუ დირექტივის მიღება, რომელიც სამშენებლო მასალებს ეხება და ეს არის მაქსიმალური ვადა. შესაძლოა, მანამდეც. ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის მიიღებს მთავრობა გადაწყვეტილებას.

როცა უხარისხობა მეფობს


თბილისში ხშირად წააწყდებით მაღაზიებს, სადაც უჰაერობისა და მძიმე სუნის გამო ხუთი წუთითაც ვერ გაჩერდები. ასეთ მაღაზიებში, ძირითადად, ფეხსაცმელებით ან ჩანთებით ვაჭრობენ. სუნი კი, როგორც ამბობენ, საღებავის არის, რომლითაც ფეხსაცმელებს და ჩანთებს ღებავენ. პროდუქცია იაფია, დამზადების ადგილად ხშირად ჩინეთი ან თურქეთია მითითებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ მაღაზიებში კარი ზამთარ-ზაფხულ ღიაა, ვენტილაცია თითქმის არ იგრძნობა და მომსახურე პერსონალი დროდადრო ავტომობილების მძიმე გამონაბოლქვით და მტვრით გაჟღენთილ ქუჩაში ჟანგბადის ჩასასუნთქად გადის. დაბინძურებულ ქუჩაში უფრო შესაძლებელია სუნთქვა, ვიდრე საღებავის და წებოს სუნით გაჟღენთილი მაღაზიების სალონებში, სადაც, როგორც ამბობენ, სარემონტოდაც ისეთივე იაფფასიანი მასალაა გამოყენებული, როგორიც ფეხსაცმელებისა და ჩანთების დასამზადებლად. ამასთან, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები ჰაერს არ ატარებს.
- მგონი, ამათაც აქვთ სუნი, განსაკუთრებით, როცა ცხელა,"- მითხრა კონსულტანტმა გოგონამ, რომელსაც მაღაზიაში ჩემს შეცხადებაზე, აქ როგორ სუნთქავთ-მეთქი, გაეცინა და მიპასუხა, რა ვქნათ, სულ უმუშევრობას ისევ ეს შხამი ვისუნთქოთ გვირჩევნიაო.

როგორ მივხვდეთ, მასალა ხარისხიანია თუ არა


ვიდრე მთავრობას საზოგადოების სასარგებლო გადაწყვეტილება მიუღია და სამშენებლო-სარემონტო მასალების ხარისხს სტანდარტი დაარეგულირებს, უსაფრთხოების გარანტიისთვის ორი ვარიანტი გვრჩება: მოვითხოვოთ საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ნებისმიერ ხარისხიან მასალას უნდა ჰქონდეს, ან როგორც ხელოსნებმა მასწავლეს, მოუკიდეთ ცეცხლი მასალას და დააკვირდით წვის ხარისხსა და სუნს. იქ, სადაც შხამი არ არის, ან ნაკლებად არის, ბუნებრივი მასალის, ხის წვის სუნია, მხოლოდ წებოთი და მეორადი მასალით გაჯერებული მასალები კი საშინელ ბოლს გამოყოფს.

ეკა ლომიძე
გიორგი
14 ნოემბერი 2016 11:34
ეკა ლომიძეს

საინტერესო სტატიაა. მადლობა

რედაქტორის რჩევით