"კაცობას" ვცდილობდი - თავის დამკვიდრება მინდოდა"
07-11-2016
"კაცობას" ვცდილობდი - თავის დამკვიდრება მინდოდა"
"იმედიც გაუცრუებიათ და ფეხიც დაუდვიათ"

ბათუმელი მსახიობი დავით ჯაყელი სერიალ "ხელოვნურ სუნთქვაში" გამოჩენის შემდეგ ძალიან პოპულარული გახდა - მისმა ტრაგიკულმა პერსონაჟმა რეზიმ ქართველი მაყურებელი ეკრანებს მიაჯაჭვა. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას დავითმა ბავშვობა და მოზარდობის პერიოდი გაიხსენა. განმარტოება, ოცნება და ცხოველები განსაკუთრებულად უყვარდა.

- მავნე არასდროს ვყოფილვარ. მართალია, დედისერთა ვარ, მაგრამ ეგოიზმი არ მახასიათებს. ცხოველები ძალიან მიყვარდა. ერთხელ ქუჩაში დამხრჩვალი კატა ვიპოვე,­ შემეცოდა და შინ მივიყვანე, იქნებ გადავარჩინო-მეთქი და დედაჩემი ამის გამო
ორი დღე თავს მარიდებდა. ხშირად ვოცნებობდი საგმირო საქმეებზე. თუ სამეცად­ინო მქონდა, ეზოში ვიპარებოდი, თავისუფალ დროს კი სახლში ყოფნა მერჩივნა.

- გარდატეხის ასაკში ხასიათი და ქცევები შეგეცვალა?

- როგორც ყველა ბიჭი, "კაცობას" ვცდილობდი. თავის დამკვიდრება მინდოდა.
სიგარეტის მოწევა დავიწყე, თითქოს ვამტკიცებდი, მაგარი ტიპი ვარ-მეთქი. ახლა რომ
ვიხსენებ, მეცინება. ყველა საკითხზე ჩემი პოზიცია მქონდა, რომელსაც მეგობრები ანგარიშს უწევდნენ. უზრდელობას, სხვის დამცირებასა და დაჩაგვრას ვერ ვიტანდი.

- სკოლის პერიოდი როგორ გახსენდება?

- კლასელებთან თითქოს კარგი ურთიერთობა მქონდა, რადგან ყველას ვუგებდი. დღეს ხშირად ვერავის ვეხმიანები. დრო არა მაქვს.

- პირველი სიმთვრალე შეგიძლიათ გაიხსენოთ?

- სხვათა შორის, სმა არ მიყვარს. ტრადიციული სუფრები ძალიან მღლის. მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიღებ სიამოვნებას, თუ ქართული სამხმოვანება ახლავს თან. მიყვარს ქალაქური და ხალხური სიმღერები. ტრადიციებს პატივს ვცემ, თუმცა ზღვარგადასული წეს-ჩვეულებები მაღიზიანებს. მაგალითად, შეჯიბრება, ვინ უფრო მეტს დალევს.

- მშობლებთან უთანხმოება თუ მოგდიოდა?

- არა. ყოველთვის ვცდილობდი, ჩემი თავის უფროსი თავად ვყოფილიყავი და გამომდიოდა კიდეც. 16 წლისა თბილისში დაუკითხავად წავედი.

- მეგობრებს შენთვის იმედი გაუცრუებიათ?

- იმედიც გაუცრუებიათ და ფეხიც დაუდვიათ. ბოღმიანი არა ვარ, ამიტომ წყენას გულში არ ვიტოვებ. თუმცა იმ ადამიანებთან ახლოს აღარ ვარ.

- წარსულში დაბრუნება რომ შეგეძლოს, რას შეცვლიდი?

- გაზრდას არ ვიჩქარებდი.

- პროფესია როგორ შეარჩიე?

- მსახიობობაზე არასდროს მიფიქრია. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ქვეყანა კორუფციაში იყო ჩაფლული და უნივერსიტეტში ქრთამის გარეშე ვერ მოხვდებოდი. ასლან აბაშიძემ ბათუმში ხელოვნების ინსტიტუტი დააარსა, სადაც ჩემი მეგობრები­ სწავლობდნენ. 2-3-ჯერ მათ ვესტუმრე. იქაური სიტუაცია მო­მ­ეწონა, სტუდ­ე­ნტები დილიდან დაღამებამდე­ ერთად ატარე­ბდნენ დროს. გამოცდებზე მოუმზადებელი გავედი. რომ არა ლევან მირცხულავა, რომელიც მოგვიანებით ჩემი პედაგოგი გახდა, არაფერი გამომივიდოდა.

- არჩევანი ოდესმე გინანია?

- უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ამ პროფესიაზე არასწორი წარმოდგენა მქონდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბატონ ლევანს ჩემი შესაძლებლობების სწამდა და ჩემს ორ მეგობართან ერთად სპექტაკლ "ბილოქსურ ბლუზში" მთავარი როლი მომცა. გამოუცდელობით შეცდომებს ვუშვებდი და პედაგოგი გამუდმებით მსაყვედურობდა. საბოლოოდ სასწავლებელი მივატოვე. ბატონმა ლევანმა შენიშნა, რომ რეპეტიციებს აღარ ვესწრებოდი და თავად მომაკითხა. დამიყოლია, რომ დავბრუნებულიყავი. მერე ჩემს შემოქმედებაში მომდევნო, საინტერესო ეტაპი დაიწყო­ - გიორგი თავაძესთან ერთად ახალ სპექტ­აკლზე მომიწია მუშაობამ, სწორედ ამ დროს დავეუფლე პროფესიულ უნარ-ჩვევებს და თავდაუზოგავ შრომას მივეჩვიე.

- "ხელოვნურ სუნთქვაში" როგორ აღმოჩნდი?

- ერთ დღეს ეკა მჟავანაძემ დამირეკა, სერიალის შესახებ მიამბო და მონაწილეობა­ შემომთავაზა. დავთანხმდი. არ მიკითხავს, ამ როლზე მაინცდამაინც მე რატომ ამარჩიეთ-მეთქი. ყოველთვის მინდოდა, კინოში თავი გამომეცადა. ეს ჩემთვის ახალი გამოწვევაა. რეზი მე და სცენარისტებმა ერთად გამოვძერწეთ. მოგვიანებით გავიგე, რომ სხვა ტიპად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ჩემი შესრულების მანერა მოეწონათ და შეცვალეს.

- რას ურჩევდით თინეიჯერებს, რომლებსაც ჯერ არ გაუკეთებიათ პროფესიული არჩევანი?

- ეძებეთ საკუთარი თავი. ყველა ადამიანი ნიჭით იბადება, უბრალოდ, საჭიროა მიხვდეს, რა ეხერხება. ნებისყოფაც მთავარია. გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად დაფიქრდნენ, რადგან ნაჩქარევად გადადგმული ნაბიჯები ხშირად არ ამართლებს.
მშობლებო, მეტი თავისუფლება მიეცით შვილებს! ყველა მინისტრი და მსახიობი ვერ იქნება, ქვეყანას კარგი მეწაღეები და პურის მცხობლებიც სჭირდება. მთავარია, პროფესიონალიზმი და არა პროფესია.

თათული ღვინიანიძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით