ბუმბერაზთა პალიტრა
07-11-2016
ბუმბერაზთა პალიტრა
თითქოს ყველაფერი ვიცით, თითქოს ყველაფერი გვისწავლია, მაგრამ ხშირად გენიოსების ნაშრომებში ისეთ სიბრძნეს წააწყდები, იტყვი - ეს ხომ ვიცოდი ისედაცო, მაგრამ ჩემი დაკვირვებით, ყოველთვის ასე არ არის. უნდა წავიკითხოთ, მოყვასსაც წავუკითხოთ, მეორედაც, ხანდახან მესამედაც, რომ კარგად გავიაზროთ და გავისიგრძეგანოთ ამ ცხოვრების მრავალმხრიანობა, ჩვენს თავში კიდევ ერთხელ ჩავუჯდეთ ფიქრებს, რომლებსაც ეს ბუმბერაზი ადამიანები გვაწვდიან, გონება გავინათოთ, სული გავიმხნეოთ და დავეხმაროთ ჩვენს თავსაც, ჩვენს შვილებსაც და მამულსაც უკეთესი ცხოვრების შექმნაში. იქნებ სულ ცოტა
გვაკლია იმ სიდიადის დანახვამდე, რასაც კეთილდღეობა და ბედნიერი მომავალი ჰქვია. იქნებ "მართლაც არ დახოცილან ბედაურები, რომ ვირებს დარჩეთ ეს ქვეყანა".

გიორგი თევდორაშვილი, "კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი


* * *
ჩვენ კაცთა ბუნების წესია მოლოდინი საუკეთესო მერმისისა: უსათუოდ ხვალინდელი დღისაგან მოველით რასმე კარგს: ეს გვასულმდგმულებს, გვამხნევებს,
ძალას გვმატებს. ყოველდღიურ ვარამს გვინელებს გულში და სიცოცხლესაც გვაყვარებს. კაცი, რომელიც ხვალინდელი დღისაგან არაფერს მოელის, გადუწყვეტია იმედი, ცოცხალ-მკვდარია, ის ცოცხლებში ჩასათვლელი არაა...

* * *
საცა ვცხოვრებთ, და რომელ ქვეყნის შვილებიც ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით, ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ, ჩვენის ძალღონისდაგვარად რაც კი შეგვიძლიან, რომელი ასპარეზიც უნდა იყოს, - ეკონომიური, ზნეობრივი, პედაგოგიური, ლიტერატურული და სხვა. თუ ჩვენთვის და ჩვენის ქვეყნისთვის ვიქნებით კარგნი, ჩვენს საკუთარს შინაურს საქმეს წავიყვანთ კარგად, მაშინ მთელი კაცობრიობისათვისაც სასარგებლონი ვიქნებით. თუ არადა, ტყუილი მოცდენაა, ამაო შრომაა, ვინც იმას ამბობს კაცობრიობას უნდა ვარგოო და ეს სარგებლობა ჯერ თავის ძმებისათვის ვერ მოუტანია, თავისი ქვეყნისთვის - რომლის ღვიძლი შვილია, - რომლის ავი და კარგი ესმის.

* * *
განუვითარებელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო და პოლიტიკური მოქმედებისთვის მხოლოდ მომზადებული თვალახილებული ხალხია... ასეა სწორედ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ, ხალხის გათვითცნობიერებას მხოლოდ დღესღა შევუდექით... დიქტატორებს და დემაგოგებს სწყინდა და უნდა კიდევაც ეწყინოთ, რადგან იმათ ბრმად აღარავინ დაემორჩილება და იმათ მეუფებას აღარავინ აღიარებს, მაგრამ იმათ წყენასაც უნდა გავუძლოთ, იმ დრომდე, ვიდრე თავის გუდა-ნაბდით ჩვენს ბანაკში არ გადმოსახლდებიან. ვითომო? ჰკითხულობთ თქვენ. და მე ასე მგონია, როგორც სხვათა შორის ავტორს და რა ვიცი. მგონია და საბუთიცა მაქვს, ასე მეგონოს, რადგანაც მეტისმეტი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთს ფონში ორჯერ და სამჯერ ცხენი დაეფლას, სამჯერვე სხვის წყალობით გადაჰრჩეს და მეოთხედაც კიდევ მიჩერჩეტდეს იმ ფონში გასასვლელად. ამისთანა ადამიანი გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, არავისთვის სახარბიელო არ არი".

ვაჟა ფშაველა, 1910 წ.

რედაქტორის რჩევით