ფრთხილად! საშიში გამათბობლები! - კვირის პალიტრა

ფრთხილად! საშიში გამათბობლები!

"ეკონომიის მიზნით, ბევრი იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებს გასაქირავებელ ბინებში და ამით უცხო ადამიანებს აგდებს საფრთხეში"

"მოწყობილობა წვისთვის 60%-ს ჰაერიდან ისრუტავს ჟანგბადის სახით... ამიტომ საცხოვრებლებში აუცილებლად უნდა დაიდგას ორკამერიანი, ანუ ჟანგბადის გარედან შემწოვი დანადგარები"

ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაცვალებამ (ე.წ. ტკბილმა სიკვდილმა) ჩვენს ქვეყანაში კატასტროფულად იმატა. ბუნებრივი აირით მოწამვლისას ადამიანი სიკვდილის საფრთხეს ვერ გრძნობს, სხეული ტკბილ ძილს ითხოვს და "იძინებს" კიდეც. ჩაძინებულები გონს მოუსვლელად იღუპებიან. მოსახლეობა კი სიცოცხლისთვის საშიში გამათბობლების გამოყენებას განაგრძობს - ასეთი მოწყობილობები აქტიურად იყიდება, რადგან არალიცენზირებული ლიცენზირებულზე იაფია.

წლევანდელი სეზონის დადგომას უკვე ლეტალური შემთხვევა მოჰყვა: როცა ახალგაზრდა კაცმა ტელეფონზე აღარ უპასუხა, ნათესავებმა მოიკითხეს და... ეს ამბავი ჩემს ახლობელს "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელმა მაშინ უამბო, როცა მასთან გეგმურ შემოწმებაზე მივიდა და ე.წ. კალონკა დაულუქა, რადგან სიცოცხლისთვის საშიშად ჩათვალა. საბედნიეროდ, ჩემს ახლობელს ეყო მოთმინება, ახალი გამაცხელებლის შეძენამდე ლუქი არ აეგლიჯა... საუბედუროდ, ჩვენში ასე იშვიათად ხდება - "ყაზტრანსგაზის" წარმომადგენელი სახლიდან გასულიც არ არის, რომ მობინადრე ლუქს გლეჯს და მოწყობილობის მოხმარებას განაგრძობს...

"კვირის პალიტრა" სპეციალისტს ესაუბრა, რომლის თქმით, საგანგაშო მდგომარეობაა, რასაც ხელს მემონტაჟეთა უმრავლესობაც უწყობს გამათბობელი საშუალებების არასწორი მონტაჟით, პასუხს კი არავინ სთხოვს.

ენერგეტიკოსი გიორგი ბლიაძე: - ბუნებრივი აირით გაგუდვას იწვევს არალიცენზირებული, ე.წ. ერთკამერიანი გამათბობლები და წყლის გამაცხელებლები, რომლებიც წვისთვის საჭირო ჟანგბადს არა გარედან, ჰაერიდან, არამედ ბინიდან იღებენ და ასევე ამ საშუალებების არასწორი მონტაჟი. ეს მემონტაჟემაც იცის და კლიენტმაც, თუმცა საფრთხეზე არც ერთი არ ლაპარაკობს, ან თავს იმართლებენ, ლიცენზირებული გამათბობლები ძვირიაო.

ეკონომიის მიზნით, ბევრი იაფფასიან გამათბობლებს ამონტაჟებს გასაქირავებელ ბინებში და ამით უცხო ადამიანებს მიზანმიმართულად აგდებს საფრთხეში.

შარშან ნაძალადევში, ნაქირავებ ბინაში, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ქალი 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა ახალგაზრდები აღარ გამოჩნდნენ, მეზობლებმა მოიკითხეს. ბინა მაშველებმა შეანგრიეს და... იმავე დღეებში დიდუბეში ძმებს, რომელთაგან უმცროსი 17 წლის იყო, მთელი დღე ჰქონდათ ჩართული ისეთი გამათბობელი, რომელიც ჟანგბადს ოთახიდან იწოვს. საღამოს შინ მისულ მამას ბიჭები დახოცილი დახვდა, დედა უცხოეთში იყო წასული სამუშაოდ...

ამ დროს აზრად არავის მოსდის, პასუხი აგებინოს მემონტაჟეს, რომელმაც საფრთხის შესახებ იცოდა და დამონტაჟებაზე მაინც არ თქვა უარი. სამართლებრივი სახელმწიფო რომ გვქონდეს, მსგავსი ქმედება კანონით უნდა ისჯებოდეს...

- ასეთ შემთხვევაში, კანონით ბაზარზეც უნდა იკრძალებოდეს საფრთხისშემცველი მოწყობილობების შემოტანა.

- რასაკვირველია. თუმცა, კანონი, სამწუხაროდ, არც ბიზნესს ზღუდავს. ერთკამერიანი დანადგარების ისეთ ადგილებში დამონტაჟება, სადაც ჟანგბადის საცხოვრებლიდან შეწოვა არ ხდება, დასაშვებია, საცხოვრებლებში კი აუცილებლად უნდა დაიდგას ორკამერიანი, ანუ ჟანგბადის გარედან შემწოვი დანადგარები, რომელთა წვა ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადის ხარჯზე არ ხდება. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, მოწყობილობა წვისთვის 60%-ს ჰაერიდან ისრუტავს ჟანგბადის სახით. ამიტომაც არის, რომ სარდაფებში, სადაც ჰაერი ჟანგბადით ცუდად არის გაჯერებული, ზოგჯერ გაზის ღუმელი არც ირთვება. არადა, დედაქალაქის ნახევარსარდაფებში უამრავი ადამიანი თბება კუსტარული დანადგარებით, სადაც ღია წვა მიმდინარეობს და დანადგარი მთელ ჟანგბადს ისრუტავს. ამ ადამიანებს ის შველით, რომ ეშინიათ და ფანჯრებს ხშირად აღებენ, მაგრამ თუ მობინადრემ ეს არ იცის, უბედურებაც ხდება.

არასოდეს დამავიწყდება - ყმაწვილ კაცს მსგავს მოწყობილობაზე აგური დაედო "სითბოს დასაგროვებლად", აგურზე - ჩაიდანი. ალბათ, წყლის ადუღების მოლოდინში სავარძელში ჩამჯდარიყო, ჩასძინებოდა და გარდაცვლილიყო.

სხვათა შორის, ოთახის განიავება მაშინაც აუცილებელია, თუ იქ ყოველმხრივ გამართული გამათბობელი დგას. რადგან რაც მეტად ცხელდება ბინა, მით უფრო იკლებს ჰაერის ტენიანობა, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ტვინის მუშაობის შენელებასა და იმუნიტეტის დაცემასთან. შესაძლოა, ამ დროს ადამიანს მაშინვე არაფერი მოუვიდეს, მაგრამ, საბოლოოდ, უჰაეროდ ყოფნა მის ჯანმრთელობაზე დადებითად ვერ აისახება.

არაკვალიფიციურმა მემონტაჟემ შესაძლოა, სრულიად გამართული გამათბობელიც გახადოს საშიში, თუ ხვრელი, რომელშიც გამათბობლის მილია გაყოფილი, ბოლომდე არ არის ამოლესილი - ნამწვი უკან ამავე ხვრელით დაბრუნდება და უბედურებაც მოხდება.

ყველაზე მეტად მაღიზიანებს და აღმაშფოთებს ეს უსულგულობა და უვიცობა - წყლის გამაცხელებლის აბაზანაში, კორპუსის სავენტილაციო ხვრელში დამონტაჟება. ამ შემთხვევაში ერთი მობინადრე მეორეს სასიკვდილოდ ისე სწირავს, ეს უკანასკნელი აზრზეც არ არის, რომ აბაზანის ხვრელიდან სიკვდილი გამოდის, აქ მდგომარეობას ბანაობისას გამოყოფილი ორთქლიც ამძიმებს. სხვათა შორის, ერთი ცნობილი მომღერლის დედა სავენტილაციო მილში მეზობლისგან დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის ნამწვით გაიგუდა...

"ყაზტრანსგაზი" ამტკიცებს, რომ რეგულარულად ამოწმებს მოსახლეობის გამათბობლების უსაფრთხოებას. მე კი არ ვფიქრობ, რომ ეს მართალია. ამის დასადგენად რომელიმე რაიონის რომელიმე კორპუსი ჩამოვიაროთ და ვნახოთ, რამდენი იტყვის, რომ მათი გამათბობელი შემოწმდა... თუმცა, ერთიც არის: თუ ამ კომპანიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დანადგარს ლუქი დაადო და მოხმარების აკრძალვაზე აქტიც შეადგინა, ბევრი აქტს სპეციალისტის წასვლისთანავე ნაგავში ისვრის, ლუქს გლეჯს და დანადგარის მოხმარებას განაგრძობს. სწორედ ამიტომაც არის ამ თემაზე კანონი მისაღები, რისთვისაც "ყაზტრანსგაზმა" უნდა მიმართოს პარლამენტს.

როცა ბინაში გამათბობელი აბაზანის სავენტილაციო მილშია თავშეყოფილი, რასაკვირველია, ის მეპატრონეს უნდა ჩამოერთვას, მაგრამ ასეთი კანონის მიღებაზე იქ ფიქრობენ, სადაც თითოეული ადამიანის სიცოცხლეზე ზრუნავენ. ჩვენს გარემოში კი ეს არ იგრძნობა.

ეთერ ერაძე