"ჩვენ ერთად ვართ, მთავარია!" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ერთად ვართ, მთავარია!"

ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს,

იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?!

მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო,

- ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო.

იქვე იყო კარი მოპირდაპირე,

იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე.

ახლა ვეძებ (გამიფუჭდა განწყობა)

ადგილს, სადაც არ ჭირდება ჩაწყობა...

ახლა ვბრაზობ საკუთარ თავზე: რამ შემკრა, რომ ნაბიჯი არ გადავდგი და არ შევხვდი... პასუხი კი ვიცი, მაგრამ რა... ბოლო დროს ქალაქში დარხეულმა ხმამ - ნიკო ძალიან ცუდადაა, სიკვდილს ებრძვისო, ისეთი ზღუდე შემომავლო, თავს უფლება არ მივეცი, რომ დამერეკა, რომ წამით მაინც გამევლო გულში - მოვასწრო-მეთქი! ისედაც ძალიან დიდი და ზოგჯერ დაუნდობელი აჟიოტაჟი იყო ნიკო გომელაურის ირგვლივ. ეფერებოდნენ, ყურადღებითა და სითბოთი ანებივრებდნენ, თინეიჯერები ყიჟინით დასდევდნენ უკან, ნამდვილი ფანების არმია ჰყავდა. მეც მივლია მისი წიგნის გამო მაღაზიიდან მაღაზიაში... ძლივს მივაგენი ბოლო ახალ წიგნს ვაკეში.

თუმცა, შინ ხელცარიელიც დავბრუნებულვარ: ნიკოს წიგნი აღარ დამხვდა, გათავებულა, მაგრამ მიიღებენ, - მითქვამს ჩემი გოგონასათვის, რომელმაც ნიკოს ყველა ლექსი ზეპირად იცის და მისი ნაწყენი, გაბუტული პასუხი მომისმენია: - ადრე უნდა გვეყიდა! უყვარდათ! ამ სიყვარულის გამო იყო, რომ ნიკოს სნეულებით შეძრწუნებულებს უნდოდათ, თვალი არ მოეშორებინათ, სულ ყურადღების ცენტრში ჰყოლოდათ.

ნიკო გომელაური უკურნებელი სენით იყო ავად - ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა სნეულმა ყველაფერი იცოდა თავის თავზე, როცა არავინ ატყუებდა, როგორც ხდება ხოლმე საქართველოში, როცა ავადმყოფის გარდა ყველამ ყველაფერი იცის და მხოლოდ მის ზურგს უკან ვიშვიშებენ ჩურჩულით. და ნიკო იდგა მაგრად დაუნდობელი მტრის წინაშე, რომელიც სასიკვდილოდ უქნევდა პირბასრ მახვილს.

- მაინც დავამარცხებ! - უთქვამს მეგობრის ოჯახში სტუმრად მისულს. ეს ის ოჯახია, სადაც კარგად იციან ბრძოლის ფასი, სადაც ოჯახის უფროსი - ბატონი ჭაბუა ამირეჯიბი, სულითა და ხორცით მეომარი, ყველაზე უკეთ გაუგებდა შვილის მეგობარს. არ მინახავს, მაგრამ შემიძლია წარმოვიდგინო, როგორ შეხედავდა უფროსი მებრძოლი უმცროსს, როგორ ოდნავ შესამჩნევად დაუქნევდა თავს და ხელსაც აუწევდა იმის ნიშნად, რომ ეს გზა სწორი გზააო!

KvirisPalitra.Geცოტაც და 40 წლისა გახდებოდა! სულ სამი თვე აშორებდა 12 ივლისს, თუმცა ეს სამი თვე დიდი დრო ყოფილა მოუღლელი მეომრისათვის.

"დაუქოქავი საათი

- ვითხოვ ღირსეულ წრეს.

დროსთან გავმართე კამათი,

დრო არ ჩერდება წვეთს"...

და დროში, სადაც წუთი საათს უდრიდა, საათი - დღეს, დღე - წელიწადს, ნიკო ცხოვრობდა, წერდა, მერე ისე კითხულობდა საკუთარ ლექსებს, რომ თითო - თითო სპექტაკლს უტოლდებოდა, როლებს თამაშობდა თეატრში, მის პრემიერებზე წყვეტა იყო და ბილეთები ლამის ერთი თვით ადრე იყიდებოდა!

მასთან ბოლო შეხვედრა "ბომონდის" იუბილეზე გვქონდა ჟურნალისტებს, მაგრამ მე ცოტა უფრო ადრინდელი მინდა გავიხსენო: წიგნის მაღაზია "ბიბლუსში" უამრავი ადამიანი შეკრებილიყო, ძირითადად თინეიჯერები აქტიურობდნენ. ნიკო ზუსტად დათქმულ დროს მოვიდა, ძლივს გაიკვლია გზა სიღრმისაკენ. დადგა თუ არა, ვიღაცამ დაუძახა: - ძალიან გვიყვარხარ!

- მაინც რა გიყვართ ჩემი? - იკითხა და თინეიჯერებს გადახედა, პასუხისათვის დიდად არ დაუცდია, ისეთი სახე მიიღო, რომ ყველას ღიმილის ტალღამ გადაუარა. მაშინ მომეჩვენა, რომ ხუმრობის ტონს მიღმა ღრმად დალექილი ინტერესიც ამჟღავნებდა თავს: მაინც რა გიყვართ ჩემი?

იქნებ ის ლექსები, რომელსაც ნახევრად ხუმრობითა და ნახევრად სერიოზულად წერდა, იქნებ სიმართლე, რომელსაც არასოდეს ერიდებოდა, ან მისი ცხოვრების წესი: დაუმორჩილებელი, შეცდომებითა და ზუსტი მიგნებებით სავსე! მისი ნათამაშები როლები, ან რეკლამები, რომელსაც მთელი საქართველო იზეპირებდა:

"...ჩვენ ერთად ვართ მთავარია,

მერე რა, რომ ზამთარია".

- არასოდეს არც ერთი საზოგადოების შეკრებას არ დავსწრებივარ, - თქვა მაშინ ნიკომ "ბიბლუსში", - მაგრამ ამას წინათ ერთი ახლობელი შემხვდა და ძალიან მთხოვა, შეკრებაზე წამომყევიო. გავყევი. ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო წარმომადგენლების შეკრება ყოფილა. აბა, მე რომელი თვალსაჩინო წარმომადგენელი ვარ! მერე დავწერე ლექსი, სადაც ვამბობ: "თვალსაჩინო არა, მაგრამ აბდაუბდა ჯამბაზობა უფრო მომიხდებოდა!"

ნიკო გომელაურთან მართლაც ვერ იხმარ სიტყვებს: "თვალსაჩინო", "გამოჩენილი", - იმიტომ კი არა, რომ შინაარსობრივად არ ეკუთვნის, იმიტომ, რომ ნიკოსთვის ზედმეტად ტრაფარეტულია. მისი გამოჩენილობა ერთი სიტყვით ჯობია გამოხატო: საყვარელი! ნიკო გომელაური ყველასთვის საყვარელი ხელოვანი გახლდათ. ის "თვალხილული" ხელოვანი იყო, რომელიც პოპულარობამ ვერ დააბრმავა და ვერ გააყოყოჩა.

სხვის სიყოყოჩესა და "ბატონი ბეტონების" ძლევამოსილებას კი თავისეული იუმორითა და პირდაპირობით აყენებდა სარკის წინ.

უკანასკნელი კონცერტი ერთადერთი იყო, სადაც ვერ წავიდა - უკვე ძალიან ცუდად გრძნობდა თავს და მისი ლექსები სცენიდან მეგობრებმა წაუკითხეს მაყურებელს. ეს იყო ფონდ "იავნანას" საქველმოქმედო საღამო, სადაც ნიკო გომელაურისა და ნინო ქათამაძის დამსახურებით შესულმა თანხამ სამი ოჯახი ახალ ბინაში დააბინავა. ეს იყო ნიკოს უკანასკნელი მადლი. პაატა ბურჭულაძის ფონდმა ოქროს რაშით დააჯილდოვა ხალხის საყვარელი შემოქმედი და იმავე ღამეს ჯილდო შინ წაუღო გადასაცემად...

ეს იყო უკანასკნელი ღამის განცდა. ნიკო გომელაური "ოქროსრაშოსანი" გაეყარა ამქვეყნიურ "სიკეთეს" და იმქვეყნიურ "სიკეთედ" იქცა.

"კვირის პალიტრა" სამძიმარს უცხადებს ნიკო გომელაურის ოჯახს.

მოამზადა ლელა ჯიყაშვილმა