პური "მომავლიდან" - კვირის პალიტრა

პური "მომავლიდან"

"6 ნოემბერს გამომცხვარ პურს, ვითომ 7 ნოემბერს დამზადებულად რომ ყიდი, არღვევ ეტიკეტირების წესს და მომხმარებელი შეცდომაში შეგყავს"

6 ნოემბერს სოციალურ ქსელში გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ერთ-ერთი კომპანიის პურს, რაც უნდა გასაკვირი იყოს, შეფუთვაზე დამზადების თარიღად 7 ნოემბერი აწერია. ეს პროდუქტი არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელობის ხელშეწყობის და განათლების ფონდის" წარმომადგენელმა, კვების უსაფრთხოების სპეციალისტმა გიორგი მაღრაძემ შეიძინა.

- 6 ნოემბერს, შუადღე იქნებოდა, ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტის შესაძენად რომ შევედი. ჩემი სპეციალობის გამო, ჩვევად მაქვს, დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა შევამოწმო. პურსაც დავხედე და სახტად დავრჩი: ეწერა, დამზადებულია 7 ნოემბერს. ტელეფონი ამოვიღე და კალენდარს დავხედე - ნამდვილად 6 ნოემბერი იყო. შევამოწმე და იმავე წარმოების ყველა პურს დამზადების თარიღად 7 ნოემბერი ეწერა.

- სურსათის უვნებლობის სააგენტოს არ მიმართეთ?

- კვირა იყო. მეორე დღეს დამავიწყდა და თავს დამნაშავედაც კი ვგრძნობ. 6 ნოემბერს გამომცხვარ პურს, ვითომ 7 ნოემბერს დამზადებულად რომ ყიდი, არღვევ ეტიკეტირების წესს და მომხმარებელი შეცდომაში შეგყავს. შესაძლოა, თავი იმართლონ, რომ აპარატს შეეშალა, მაგრამ ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ისიც შემინიშნავს, მაღაზიასთან მოტანილ პურს მანქანაში მძღოლი როგორ აფასოებს - პური ჰიგიენური ნორმების დარღვევით ყრია სპეციალურ ურნებში, იქვე კი პაკეტებია მიყრილი, რომელთაც ხანდახან ქარი მიწაზე მოჰფენს ხოლმე და მძღოლი გულმოდგინედ აგროვებს, შემდეგ კი ამ პაკეტებში პურს ალაგებს. თანაც ამას აკეთებს შიშველი ხელებით!

უცხოეთშიც იყიდება პური შეფუთვის გარეშე, მაგრამ ისე მიაქვთ დახლამდე და იქაც ისე აწყვია, რომ არც მტვერი ედება და ხელსაც ვერავინ ჰკიდებს. მომხმარებელი პატარა მაშით იღებს და დებს პაკეტში. პური საწარმოშივე უნდა იფუთებოდეს და ამას სურსათის სააგენტო აკონტროლებდეს.

"კვირის პალიტრა" სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა.

კახა სოხაძე, თბილისის სამმართველოს უფროსი: - შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ საწარმოებში ასეთი დარღვევები არ ხდება. ხდება და ამიტომაც ჩვენი ჯგუფები ყოველდღიურად ამოწმებენ მაღაზიებს, მაგრამ ყველას ვერ ვწვდებით. თუ მოქალაქეები ასეთ დარღვევას შენიშნავენ, დაუყოვნებლივ უნდა დაგვირეკონ ცხელ ხაზზე: 2 470101.

- სავაჭრო ობიექტებზე რომ იღებენ პროდუქტს, რომელზეც ვადა არასწორად არის მითითებული, პასუხი არ მოეთხოვებათ?

- უნდა არსებობდეს შიდა კონტროლი, რომელიც ასეთ შემთხვევებს გამორიცხავს. ჩვენთან არ არსებობს ვალდებულება, რომ პურის ყველა ნაწარმი დაფასოებული იყოს. ეს სავალდებულო არც ევროპაშია, მაგრამ იქ კარგი საწარმოო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, მაინც ფუთავენ. გეთანხმებით, რომ ცუდია პურის დახლამდე ღია ურნებით მიტანა და გამართული სადისტრიბუციო მექანიზმი უნდა არსებობდეს, მაგრამ დღეს დისტრიბუტორები არიან ფიზიკური პირები, რომელთა კონტროლი სურსათის უვნებლობის კანონმდებლობით 2020 წლამდეა გადადებული. რატომ? ამ კითხვას მე ვერ ვუპასუხებ. მე მხოლოდ მოქმედი კანონის აღმასრულებელი ვარ.