"კვირის პალიტრა" ჩვენი სახლია!.. - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" ჩვენი სახლია!..

ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურად არის: კვლავინდებურად დერეფანში იწყება დაკითხვა, რა ქენი, მოიტანე მასალა? თუ არას ვიტყვი, რედაქტორის მოადგილე ლია იაკობაშვილის მდუმარე მრისხანება არ ამცდება. გამგმირავად შემომხედავს და სწრაფი, ჯარისკაცური ნაბიჯით დამტოვებს. ვერ იტანს დაგვიანებას.

ერთი შეხედვით ყველაფერი ძველებურად არის, თუმცა, ათი წლის წინ რომ ვიყავით, ახლა იმაზე ათჯერ მეტნი ვართ.

საგამომცემლო სახლ "პალიტრის" შემადგენლობა გაიზარდა, "კვირის პალიტრამ" "იბარტყა". ახლა სხვა მისამართზე და სხვა სახლში "ვცხოვრობთ". მერე რა, რომ ჯერ უფრო იოლი დასათვლელი ვართ, ვიდრე ცაში ვარსკვლავები და ზღვაში - ქვიშა, მომავალი ხომ ჩვენია, ჯერ მხოლოდ 15 წლის ვართ. იცით, ეს რა წლები იყო?

ყველაფერი ასე დაიწყო

1995 წლის 18 აპრილამდე რამდენიმე თვით ადრე სამი ძალიან ახალგაზრდა მეგობარი: ირაკლი თევდორაშვილი, ზაზა ბუაძე და ავთო მდევაძე ერთ ოფისში მუშაობდნენ. ერთ დღესაც ირაკლის უცნაურობა შენიშნეს, სამუშაო მაგიდასთან, კედელზე უცხოური გაზეთის ამონაჭერი გაეკრა და დაჟინებით მისჩერებოდა. დაჟინებული მზერის მიზეზი რამდენიმე კვირის შემდეგაც რომ არ ახსნა, მეგობრები ფრთხილად ჩაეძივნენ.

"კვირის პალიტრის" დამფუძნებელი ირაკლი თევდორაშვილი: - მოკლედ ვუპასუხე, რაღაც იდეას ვხარშავ-მეთქი. ისე კი, მანამდე არაერთხელ გვილაპარაკია, რომ გაგვეკეთებინა საინტერესო პროექტი, ყველა გაზეთი ერთ გაზეთში. ვფიქრობდი, რომ ქართულ-უცხოური საინფორმაციო დაიჯესტი ყველაზე მიმზიდველი იქნებოდა მკითხველისთვის, რომელსაც მაშინ, უმძიმეს ეკონომიკურ პერიოდში, არც ბევრი გაზეთის ყიდვის თავი ჰქონდა და არც ალტერნატიულ საშუალებაზე, თუნდაც ინტერნეტზე მიუწვდებოდა ხელი.

მოკლედ, რამდენიმეთვიანი ფიქრის შემდეგ დედაჩემს, ლალის (ლალი გუნთაიშვილი, "კვირის პალიტრის" პირველი მთავარი რედაქტორი) შევთავაზე, მის მეგობრებთან ერთად დაგვეწყო გაზეთის გამოცემა. ლალიმ ერთხელ ხუმრობაში გამიტარა უარი, მეორედაც თავი შეიკავა, მაშინდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე. ეეჭვებოდა, რომ წარმატებას მივაღწევდით. მესამედ რომ ვუთხარი, დამთანხმდა. ასე დავიწყეთ მთელი კვირის საინფორმაციო პალიტრის ერთ მოლბერტში, ყვითელი ფერის ქაღალდზე დაბეჭდილ გაზეთში მოთავსება.

რატომ ყვითელი?

მკითხველისა და რესპონდენტებისგანაც ხშირად მსმენია, რატომ აქვს "კვირის პალიტრას" ყვითელი ქუდიო. გაზეთის ობიექტურობიდან გამომდინარე, უკვირთ "პალიტრის" აქცენტი ისეთ ფერზე, რომელიც უფრო ბულვარულ პრესას უხდება.

"გვინდოდა, გაზეთი შინაარსის გარდა, ვიზუალურადაც თვალში საცემი ყოფილიყო. ამაში ხელი შეგვიწყო მაშინ საქართველოში ჯერ კიდევ შემორჩენილმა ყვითელმა ქაღალდმა. ყველა გაზეთი მოთეთრო ქაღალდზე იბეჭდებოდა, ამიტომაც სტენდზე ყვითელი ფერი უფრო გამოირჩეოდა. როდესაც ეს ქაღალდი გათავდა და მსგავსი ვერაფერი ვიშოვეთ, ყვითელი ქუდი, როგორც წარმატების სიმბოლო, დავტოვეთ", - იხსენებს ირაკლი და სიამოვნებით მაჩვენებს კაბინეტის კედელზე ჩარჩოში ჩასმულ პირველ "კვირის პალიტრას", - მოგვიანებით ფერად ქაღალდზე გაზეთის დაბეჭდვას მიმბაძველები გამოუჩნდნენ, მაგრამ განვლილმა წლებმა ცხადყო, რომ მხოლოდ ქაღალდის ფერი ვერ განსაზღვრავს წარმატებას".

ძველი გვარდია

"ერთ დღეს ლალიმ დამირეკა და როგორც სჩვეოდა, მოფერებით მითხრა, სალოოოო, გამოდიიი ჩემთააან. ვიფიქრე, მორიგი მეგობრული შეხვედრა გვექნებოდა, არადა, სიურპრიზი კი დამხვდა. ლალისთან უკვე მელოდებოდნენ ჩვენი მეგობრები - ნუცა დუმბაძე და ნანა ანტონოვა-ილურიძე. სამივეს უცნაურად უბრწყინავდა თვალები. სალო, სამსახური არ გინდაო, ღიმილით მკითხა ლალიმ. ეს ის დროა, როდესაც სამსახურები დაიხურა, ან არ დახურულა, მაგრამ საქმეც არაფერი იყო, პროექტები არ ფინანსდებოდა. ტყუილად გზაში ფულის ხარჯვას, გვერჩივნა, შინ ვყოფილიყავით.

არადა, უქმად ჯდომაც საშინელება იყო. ირაკლი გაზეთის გაკეთებას აპირებს და ახლა თქვენი იმედი მაქვსო, უკვე სერიოზულად მითხრა ლალიმ. თქმა და დაწყება ერთი იყო. პირველი ოფისი ლალისთან, სამზარეულოში გვქონდა. რადგან კომპიუტერი არ გაგვაჩნდა, ერთხანს საქართველოს აბრეშუმის მუზეუმის შენობაში, კომპიუტერული ფირმა "მალულას" ოთახშიც ვიყავით შეყუჟული.

მაშინ გაზეთებში მოდური იყო კროსვორდები. ჩვენ საიმისო ფული არ გვქონდა, რომ მზა მასალა შეგვეძინა, ამიტომაც თვითონ დავხაზე ეკლესიის ფორმის სქემა და მერე ერთად ვეძებდით სიტყვებს გრაფებში ჩასასმელად. არ ვიცი, რატომ გამიჩნდა ასეთი ფორმის კროსვორდის გაკეთების სურვილი. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ღმერთს გამუდმებით ვთხოვდით შემწეობას", - იხსენებს გაზეთის სტილისტი სალომე ნიკოლეიშვილი.

საქმე საქმისთვის და არა ხელფასისთვის

მთავარი რედაქტორის მოადგილე ნუცა დუმბაძე: - ეს ის პერიოდი იყო, როდესაც უამრავი გაზეთი იბეჭდებოდა და მალევე იხურებოდა დიდი კონკურენციისა და მძიმე ეკონომიკური პირობების გამო. მაინც გადავწყვიტეთ, დაგვეწყო, რადგან ჩვენს ინტერესს განაპირობებდა არა ფული, არამედ საქმე. ფაქტობრივად, რისკზე მივდიოდით. არ გვეშინოდა პროფესიული გამოცდილების გამოც. ამასთან, ლალიმ თავიდანვე აიღო მართვის თავისებური მიმართულება, როგორც დიდი ოჯახის დედამ.

ამბობენ, ახლობელი და ნათესავი სამსახურში არ უნდა მიიყვანო, სიმკაცრეს ვერ გამოიჩენ და საქმეში პრობლემას შეგიქმნისო. ჩვენთან ეს მითი გაცამტვერდა, რადგან თავიდანვე მეგობრები და ნათესავები შევიკრიბეთ და შემდეგაც კარგა ხანს ახალ თანამშრომლებს ისევ მეგობრების რეკომენდაციებით ვიღებდით. ჩვენთან არავის ეფერებოდნენ ახლობლობის გამო და თანამდებობრივი საფეხურების მიუხედავად, ყველა ერთნაირი დატვირთვით ვმუშაობდით".

მანანა ჯანელიძე, სტილისტ-კორექტორი: "რამდენიმე თვის შემდეგ ძველ გვარდიას" შევუერთდით მე, მერი ტარნავა, თინა მარგველაშვილი და ლია შარვაშიძე. ერთ დღესაც აღმოვაჩინე, რომ სიძნელეების მიუხედავად, თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი, რადგან სახლიდან გამოსული, "კვირის პალიტრაში", ისევ შინ ვბრუნდებოდი, ჩემს მეგობრებთან, ვისთანაც 17 წლის ასაკიდან მაკავშირებდა დიდი სიყვარული.

გაზეთის პოპულარობასთან ერთად რედაქციას ახალი თანამშრომლები: ხათუნა ჩიმაკაძე, მარინა ინანიშვილი და ნათელა ხოსიტაშვილი შემოემატნენ. ხშირად მიფიქრია, რით განსხვავდება "პალიტრა" სხვა გაზეთებისგან-მეთქი, ამას განაპირობებს სანდოობა, ობიექტურობა, პროფესიონალიზმი, მაგრამ ჩემთვის "პალიტრა" იმითაც არის გამორჩეული, რომ სიყვარულით შეიქმნა. აქ არ მოვსულვართ ხელფასისთვის, მოგებისთვის. საერთოდაც, სამი თვის მერე დარიგდა პირველი ხელფასები, მაგრამ მერე რა? მერე რა, რომ ერთხანს "მალულაში" დავდიოდით, სადაც სკამებიც კი არ იყო და მაგიდაზე გადაწოლილი ვასწორებდით კორექტურას.

თუ ოთახიდანაც დაგვითხოვდნენ (ერთ ოთახში ბევრი ადამიანის მუშაობა შეუძლებელი ხდებოდა) მუშტაიდის ბაღში, ბალახზე, ქვის კიბეზე ან უკეთეს შემთხვევაში, ხის მერხებზე ჩამომსხდარი განვაგრძობდით შრომას. ერთ დღესაც პირველი კომპიუტერი შეგვიძინეს და აკურის ქუჩაზე, ერთ  ოთახში გადავბარგდით, სადაც მაგიდა, დივანი და ერთადერთი სკამი იდგა. სამსახურში ვინც პირველი მივიდოდა, სკამზეც ის ჯდებოდა. დანარჩენები ძველი გაზეთების შეკვრაზე მოკალათდებოდნენ და ასე მივიწევდით წინ წარმატებისკენ".

ბეწვის ხიდი

"მოსაგონებლად იოლია, მაგრამ თავიდან გზა უკიდურესად რთული იყო. ხშირად ბეწვის ხიდსაც კი ჰგავდა. არ იშოვებოდა ქაღალდი, არ არსებობდა სწრაფი სატელეფონო კავშირის საშუალება და საქმეც უფრო რთულდებოდა. ყოფილა შემთხვევა, ბიჭებს ქაღალდის საყიდლად ერთ დღე-ღამეში ორჯერ მოუვლიათ ორჯონიკიძე. იმის გამო, რომ მაშინ მობილური ტელეფონები არ არსებობდა, ძველი, სტაციონარული სატელეფონო ქსელები კი მუნჯური ეფექტით მუშაობდა, ბიჭები იძულებული ხდებოდნენ, რისკზე წასულიყვნენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლო იყო გაზეთის გამოსვლა დაბრკოლებულიყო. ეს ხდებოდა 1996 წელს, როდესაც ჩრდილო ოსეთში ოსებსა და ინგუშებს შორის დაპირისპირება და ტერორი მძვინვარებდა. გზებზე რეკეტიორები იდგნენ და გამვლელ-გამომვლელს ძარცვავდნენ. ასე ხდებოდა თვეში ერთხელ. ყოველი წასვლის წინ ვნერვიულობდით, რომ მარცხი არ შემთხვეოდათ.

ღვთის შეწევნით ყველაფერი მშვიდობიანად მთავრდებოდა. "ეს აუცილებელი იყო, რადგან "კვირის პალიტრის" ორშაბათს გამოუსვლელობა ისეთივე წარმოუდგენელი იყო, როგორიც მზის ამოუსვლელობა", - ამბობს ქალბატონი ნუცა, რომელსაც ხშირად უშუქობის გამო ღამეები უთევია მთელ რედაქციასთან ერთად.

ჩაქრებოდა შუქი და საათობით ელოდებოდნენ ელექტროენერგიის მოსვლას. რამდენჯერმე კვირადღეს დაემთხვა ენერგეტიკული კრიზისი. არადა, მეორე დღეს გაზეთი მკითხველს უნდა ხლებოდა. "ავიკიდებდით კომპიუტერსა და მასალებს და სტამბაში ან ვინმე "დვიჟოკიანის" სახლში მივდიოდით სამუშაოდ. თავზე გვათენდებოდა შუქის მოსვლა-წასვლასა და გენერატორის ჩართვა-გამორთვაში", - ღიმილით იხსენებს ნუცა დუმბაძე.

ნანა ანტონოვა-ილურიძის გაფართოებული თვალები

უაღრესად კონკურენტუნარიან ასპარეზზე ყოველგვარი რეკლამის გარეშე გასული "კვირის პალიტრა" ნელ-ნელა იმკვიდრებდა ადგილს. თავიდან ტირაჟი სულ რაღაც 1500 ცალს შეადგენდა, გაზეთების ნაწილი არ გაიყიდა. ამან თურმე თავზარი დასცა "ძველი გვარდიის" ქალბატონებს.

ირაკლი თევდორაშვილი: "იმის გამო, რომ მხოლოდ ერთი ოთახი გვქონდა, მობრუნებულ გაზეთებსაც იქ ვაწყობდით და საერთოდ, ყველა და ყველაფერი ერთად ვიყავით შეყუჟულები.

ასე ნელ-ნელა წამოიჭიმა კედელთან გაზეთების დასტების სვეტები. ქალები გულშემოყრილები დადიოდნენ. ერთ დღესაც კიბეზე შემხვდა თვალებგაფართოებული ქალბატონი ნანა ანტონოვა-ილურიძე და აკანკალებული ხმით მკითხა,  ამდენი გაზეთი რომ ბრუნდება, მუშაობას გავაგრძელებთო? აბა, რა-მეთქი, ვუპასუხე ღიმილით და შვებით ამოისუნთქა. დავამშვიდე, ვუთხარი, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო გაზეთისთვის.

იმ დროისთვის არავის ჰქონდა დიდი ტირაჟი. 3-4-ათასტირაჟიანი გაზეთები ითვლებოდა ლიდერებად".

ლეგენდარული "შემყვანები"

ჯერ კიდევ ძველ ოფისში ყოფნის დროს რატომღაც კომპიუტერში ტექსტის ამკრეფ ოპერატორებს "შემყვანები" დაერქვათ. ამ მეტსახელის გამო ბევრი კურიოზიც მომხდარა. ერთხელ "კვირის პალიტრის" პირველ ჟურნალისტს, ზურა მჭედლიშვილს (დიახ, პირველად ზურა მივიდა "კვირის პალიტრაში", მერე ირაკლი ალადაშვილი და მოგვიანებით დაიწყო ჟურნალისტთა ჯგუფის შექმნა) მწვავე რეპორტაჟი მოუმზადებია ავტოინსპექციის რეიდზე, სადაც კარგად ჩანდა, რომ ეს იყო რეიდი ფულის საშოვნელად და არა წესრიგის დასამყარებლად. ზურა აღწერდა, ვინ სად აიღო მძღოლებისგან ქრთამი და ა.შ. ორშაბათს სტატია დაიბეჭდა თუ არა, რედაქციაში დარეკა თბილისის ავტოინსპექციის უფროსმა.

იმის გამო, რომ ორშაბათი ჩვენს რედაქციაში დასვენების დღე იყო, ოთახში სულ ორნი იყვნენ, - ჩვენი სტაჟიანი "შემყვანი" დეიდა ნინო (ასკილაშვილი) და ზორბა პაატა მამფორია. თბილისის ნომერი პირველი ავტოინსპექტორი მთავარ რედაქტორს კითხულობდა. პაატამ მშვიდად უპასუხა, არ არისო. მოადგილეს სთხოვეთო, არც ეგ არისო, დირექტორს მაინც დამალაპარაკეთო, უკვე გაბზარული ხმა გაისმა ყურმილში, არც ეგ გახლავთ, ბატონოო, მიუგო პაატამ. აბა, შენ ვინ ხარო, უკითხავს ავტოწესრიგის დამცველს. მე შემყვანი ვარო, უპასუხია ოპერატორს.

რას მკადრებ, მანდ ვინმე პასუხისმგებელი პირი არ არისო, კიდევ უფრო გაბრაზებულა მომჩივანი და პაატას გულუბრყვილო პასუხს, ახლა აქ მხოლოდ შემყვანები ვართო, სულ გადაურევია.

ცოტა ხანში თბილისის ავტოინსპექციის შეფი რედაქციის ეზოში შემოვარდნილა იმ დროისთვის ჯერ კიდევ იშვიათი ჯიპით და სულ ყვირილით ასულა კიბეზე, ესენი ვინ არიან, რომ მაშაყირებენ, რა შემყვანი, რის შემყვანი, ჩემზე უფრო მაგარი შემყვანი ვინ არის, აბა, ერთი წინ დამიდგესო!

მარადიულობაში გადასული ფერები

გიო ჯიბლაძე, ია ნაცვლიშვილი, ქალბატონი ლალი, ლია და თენგო ჭეიშვილები, რამაზ ალანია, ავთო მდევაძე, ეთერ თარიმანაშვილი, - მათ სხვადასხვა დროს დაგვტოვეს, მაგრამ "პალიტრაში" სამუდამოდ დარჩა მხოლოდ მათთვის დამახასიათებელი ფერები.

პირველი გიო იყო... მოსვლისთანავე მიიქცია ყურადღება კრივში ნავარჯიშები ხელებით, ალაგ-ალაგ კოჟრებითა და უზომოდ თბილი და მშვიდი მზერით. მერე თავისი სული ჩადო გაზეთის დიზაინის განახლებაში.

როგორც კი მოიცლიდა, მასავით ცხოველების მოყვარულ ლალი დეიდასთან გარბოდა ახალი კატალოგით ხელში და მაშინ მთავარი რედაქტორის ოთახიდან საბავშვო ბაღისთვის დამახასიათებელი ენამოჩლექილი ხმები გამოდიოდა. როგორც ყოველთვის, მაგიდასთან ჩამუხლული გიო იღიმებოდა, ქალბატონი ლალი კი ძაღლების ფოტოებს ეფერებოდა. არა, ამ სცენას ზუსტად ვერასოდეს აღვწერ.

ასევე შეუძლებელია აღვწერო ქალბატონი ეთერ თარიმანის უკეთილშობილესი სახე. ერთ დღეს, გაგანია მუშაობის დროს, უცებ რომ გაქრა ოთახიდან და კარგა ხნის შემდეგ გამოჩნდა, კოპწიად დავარცხნილ თმაზე თოვლის ფიფქები ეფინა, გარეთ ისე ლამაზად თოვსო, თქვა ღიმილით და ლექსი წაგვიკითხა.

მანამდე თენგომ დაგვტოვა. "კაცი დიდი ღიმილით", - ასე დაგვამახსოვრდა ჟურნალისტებს, ტექნიკურ პერსონალს კი - იდეებით. რაიონებში დადიოდა და გაზეთს ავრცელებდა, "კვირის პალიტრის" საფოსტო ყუთებიდან წერილები მოჰქონდა. ამიტომაც თენგო რაიონებში მკითხველისთვის რედაქტორიც იყო და ჟურნალისტიც.

მას უმხელდნენ სატკივარს, უზიარებდნენ იდეებს და მერე თბილისში დაბრუნებული იხვეწებოდა, გავხსნათ რეგიონებში ჟურნალ-გაზეთების გამავრცელებელი სამსახური, ხალხს ინფორმაციის დეფიციტი კლავსო. როდესაც დაიღუპა, ჟურნალ-გაზეთებით მოვაჭრე ჯიხურებში გამყიდველებს მისი ჩარჩოიანი ფოტო ჰქონიათ ჩამოკიდებული.

მერე ავთო იქცა ტკივილად. "იდეების გენერატორი", - ასე იხსენებენ მას.

პირველ ნაბიჯებს რომ დგამდნენ, როგორც კი გაუჭირდებოდათ, ავთო მყისვე იტყოდა, მოდი, ჩემი ბინა გავყიდოთო. მაშინ საბანკო სესხები არ გაიცემოდა და ავთოს ბინას ბევრჯერ დაემუქრა ეს საფრთხე. მოგვიანებით ოცნებობდა, "კვირის პალიტრას" რელიგიური ჟურნალი გაეკეთებინა. ასე, მისი შეძახილით გაჩნდა მართლმადიდებლური "კარიბჭე" და კიდევ ბევრ ხორცშესხმულ იდეას დარჩა მისი სახელი.

მაპატიეთ, თუ ამ ამბებით დაგასევდიანეთ, მაგრამ რომ არ გაგვეხსენებინა, არ ეგებოდა.

"კვირის პალიტრის" ფერისცვალება

წლების მატებასთან ერთად "კვირის პალიტრის" დაიჯესტური იმიჯიც იცვლებოდა, იკვრებოდა ჩვენი, ჟურნალისტების ჯგუფი, და ერთ ტემპში მუშაობას ვსწავლობდით მაშინ რედაქტორის მოადგილესთან, ახლა კი მთავარ რედაქტორ გიორგი თევდორაშვილთან ერთად. თუმცა, ის ჩვენთვის ყოველთვის გოგაა.

ზოგჯერ ბუზღუნა, ზოგჯერ განრისხებულიც, იშვიათად კი ჩვენი შრომით კმაყოფილი. ერთი რამით სულ უკმაყოფილოა, გული სწყდება, ჟურნალისტური ჯგუფი რომ ძირითადად სუსტი სქესისგან შედგება. ხშირად თათბირზე შემოსული დანანებით იტყვის ხოლმე, რა დღეში ვარ, კაცები სად არიან, კაცები აღარ გვყავსო, მერე კი "ბედს შერიგებული" გვკითხავს, აბა, რას მეტყვით, ჩემო ფაფარაშლილო ლომებოო.

"კვირის პალიტრის" მთავარი რედაქტორი გიორგი თევდორაშვილი: "თავიდანვე მომეწონა ირაკლის იდეა, რომ ლალის გაეკეთებინა ეს გაზეთი. მაშინ ისეთ სამსახურებში ვმუშაობდი, რომ ოჯახურ ბიზნესში ჩართვის გარეშეც უამრავი საქმე მქონდა, ამიტომაც ერთხანს გარედან ვადევნებდი თვალს ჩემი ოჯახის შრომას.

ერთ დღესაც რედაქციაში მოსულმა აღმოვაჩინე, რომ ყველა დედაჩემის მეგობარი, ვის ხელშიც გავიზარდე და ვისი მოსმენაც ბავშვობიდან მიყვარდა, აქ იყო. ისინი ყოველთვის მენატრებოდნენ, რასაც ხშირად ვეუბნებოდი ხოლმე ლალის. ერთად თავშეყრილი ჩემი საყვარელი საზოგადოების ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ მათთან უფრო ხშირად ყოფნა მინდოდა. ასე გავხდი 1998 წელს ჯერ "კვირის პალიტრის" კონსულტანტი, მერე კი რედაქტორის მოადგილე. გადავწყვიტე "პალიტრაში" საავტორო მასალებისთვის მეტი ადგილი დაგვეთმო.

ლალის გულისხმიერი და თბილი მასალების, ნათარგმნი დაიჯესტის და საავტორო მასალების საინტერესო ნაზავმა და დიზაინის პერმანენტულმა ცვლილებამ ახალ საფეხურზე აგვიყვანა. გაიზარდა ტირაჟი და შემოსავალიც, რამაც მოგვცა ქაღალდის გაუმჯობესების, ფერადი გვერდების დამატების, რეგიონებში ჟურნალისტების გაგზავნის, ახალი ტექნიკის ყიდვის საშუალება.

ასე დაიმკვიდრა "პალიტრამ" სახალხო გაზეთის იმიჯი. თუმცა, იყო დროც, როდესაც ჭორები დადიოდა, რომ თურმე სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს ვეკუთვნოდით, "ვიყავით" ყველასი: ედუარდ შევარდნაძის, ზურაბ ჟვანიასი, ასლან აბაშიძის, ნინო ბურჯანაძის, მიხეილ სააკაშვილის. ვერ ვიტყვი, რომ ეს არ მაწუხებდა, მაგრამ არც ძალიან განვიცდიდი, რადგან როდესაც სიმართლეს ემსახურები, ჭორების არ გეშინია. სიმართლე კი მალე იგრძნო ყველამ, - ჩვენი გემი ყოველთვის მარტოს მიგვყავდა და ყინულსაც მარტონი ვჭრიდით, რა თქმა უნდა, ჩვენს ერთგულ მკითხველთან ერთად".

"კვირის პალიტრის" "შვილობილები"

"კვირის პალიტრის" იუბილე მედიასახლ "პალიტრის" იუბილეც არის. ეს დღესასწაული ამ სახლის ყველა მობინადრისთვის სასიხარულოა. მობინადრეები, ანუ "პალიტრის" შვილობილები, კი მრავლად არიან.

გიორგი თევდორაშვილი: "1996 წელს დავაფუძნეთ ჟურნალი "ბომონდი", რომელსაც ჩემი და, სოფო თევდორაშვილი ხელმძღვანელობდა. "ბომონდი" მაშინ დღევანდელივით გლამურული არ იყო, მაგრამ პოპულარობა არასდროს აკლდა. ცოტა ხნის წინ ჰქონდა იუბილე, ვულოცავ და ვუსურვებ კიდევ მეტ წარმატებას. "კვირის პალიტრის" უკვე სტაჟიანმა დამატება "გზამაც" ახლახან იზეიმა 10 წლის იუბილე, ეს ჟურნალი მიყვარს და  დიდ პატივს ვცემ მის შემოქმედებით ჯგუფს, განსაკუთრებით კი მთავარ რედაქტორს, ბატონ ზურაბ აბაშიძეს.

საიუბილეოდ "ქართული პროზის საგანძურის" სერიით საინტერესო აქცია დაიწყო ჟურნალმა, რაც ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი მწერლების გაცნობას ისახავს მიზნად. მყისვე აიტაცა ეს პროექტი ხალხმა. ეს იმის ნიშანია, რომ კითხვა არ დავიწყებიათ, რაც ძალიან სასიხარულოა და მედიასახლი ისევ განაგრძობს ამ მიმართულებით სვლას. აქვე არ შეიძლება არ ვახსენოთ დღეს საკმაოდ რეიტინგული ჟურნალების: "ოჯახის მკურნალის", "კარიბჭის" და "ლიტერატურული პალიტრის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.

რამდენიმე წლის წინ შეგვემატა საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი," სადაც თავისი საქმის პროფესიონალები მუშაობენ, მთავარი რედაქტორის, ბაია ცანავას ხელმძღვანელობით. ბაიასა და ძალიან ნიჭიერი ადამიანის, თამაზ ცერცვაძის თაოსნობით კეთდება ჩვენი კიდევ ერთი გაზეთი - "ყველა სიახლე". გამოცემები ძალიან ბევრია (მათ შორის ინგლისურენოვანიც), ამიტომ ყველას ვერ ჩამოვთვლი, მეშინია, ვინმე არ გამომრჩეს...

"კვირის პალიტრის" ყველაზე ნაბოლარა "შვილი" რადიო "პალიტრაა". მისი მაუწყებლობა 2008 წლის 17 აგვისტოს, ჯერ კიდევ საომარ ვითარებაში მყოფ ქვეყანაში დაიწყო. მიუხედავად იმისა, რომ ომმა თავზარი დასცა სრულიად საქართველოს, ჩვენ მაინც გავაკეთეთ ის, რაც შეგვეძლო, - რადიო ეთერში გავიდა.

"ინტერპრესნიუსის" ოპერატიულად მომზადებული ახალი ამბებით, საინფორმაციო პროგრამებით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ ვმაუწყებლობდით ეთერში. არ ვიცოდით, რამდენად გამოგვივიდოდა საქმე, რადგან რადიო ახალი პროდუქტი იყო, ელექტრონულ მედიაში არ გვქონდა გამოცდილება. საბედნიეროდ, საზოგადოებამ მოიწონა და იმედით განიმსჭვალა რადიო "პალიტრის" მიმართ. ამის შემდეგ გაჩნდა ტოქშოუები. მათი რაოდენობა კიდევ გაიზრდება, შეჩერებას არ ვაპირებთ".

ექსკლუზიური უფლება მხვდა წილად მეცნობებინა საზოგადოებისთვის, რომ მედიასახლში უკვე დაწყებულია სამზადისი ინტერნეტტელევიზიის ჩასართავად.  ეს იქნება "პალიტრის" პირველი ნაბიჯი სატელევიზიო მედიაში.

"უპატიებელი" ცოდვა

"კვირის პალიტრაში" "უპატიებელ ცოდვად" ითვლება ნებისმიერი შეცდომის გაპარვა. მერე რა, თუ ამბობენ, შეცდომა ვის არ მოსვლიაო. "კვირის პალიტრაში" სხვა კანონი მოქმედებს. მთავარი რედაქტორის აზრით, მკითხველმა უშეცდომოდ მომზადებული გაზეთი უნდა მიიღოს, რათა დარწმუნდეს, რომ მისთვის განკუთვნილი ინფორმაციის მომზადებაში სარედაქციო ჯგუფმა და ჟურნალისტებმა სული და გული ჩადეს.

გიორგი თევდორაშვილი: "ყოველწლიურად ლიდერის ნომინაციაში გამარჯვება, მკითხველის მუდმივი საქმიანი ზარები და წერილები იმას ნიშნავს, რომ ჩვენგან კომპეტენტურ პასუხს ელიან. ეს კი ძალიან საპასუხისმგებლო და მოსაფრთხილებელია. შესაძლოა, კოლექტივში (მედია "პალიტრაში" დღეს უკვე 700-მდე კაცი მუშაობს), "კვირის პალიტრაში", რადიო "პალიტრაში" ან სხვაგან ვინმემ მისაყვედუროს, რომ ზედმეტად მკაცრი ვარ, მაგრამ ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უნდა გაითვალისწინოს საერთო ინტერესები, იბრძოლოს ჩვენი პრესტიჟისა და იმიჯის უფრო ასამაღლებლად.

როდესაც გაზეთში რაიმე ლაფსუსი იპარება, გულზე მხვდება, რადგან მკითხველმა, რომელიც გვენდობა და ვუყვარვართ, არ მინდა იფიქროს, რომ ვინმემ ზერელედ იმუშავა მისთვის მისაწოდებელ ინფორმაციაზე. ამიტომაც ყველაზე პატარა შეცდომასაც კი დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სწორედ მკითხველის სიყვარულიდან გამომდინარე და სწორედ ამ მკითხველს ვულოცავ "კვირის პალიტრის" 15 წლის იუბილეს.

ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენ მოგვყვება ამ ხნის განმავლობაში, ასევე ვულოცავ იმათაც, ვინც ახლა შემოგვიერთდება და ჩვენთან ერთად 20 წლის იუბილეს იზეიმებს. მოგვწერეთ, გამოგვეხმაურეთ, ყურადღება არ მოგვაკლოთ  და შევძლებთ, უკეთესები გავხდეთ. "კვირის პალიტრა" ჩვენი და მკითხველის ერთობლივი შრომის პროდუქტია, ამიტომაც ვუწოდებთ მას "გემოვნებიანი მკითხველის გაზეთს" და მინდა, ასე დაუსრულებლად გაგრძელდეს. "კვირის პალიტრა" ჩვენი სახლია, "კვირის პალიტრა" ჩვენ ვართ".

ეს ჩემთვისაც ასეა და ამიტომაც,  როდესაც პასუხისმგებელი რედაქტორი ნათია გორდელაძე მეკითხება, რა არის შენი საიუბილეო სლოგანიო, დაუფიქრებლად ვპასუხობ, - რა თქმა უნდა, "კვირის პალიტრა" ჩემი სახლია"!

კვირას - კვირა, წელს - წელი, "კვირის პალიტრა" დღეგრძელი!

KvirisPalitra.Ge