"როცა 12 წლის გოგონაა დამხვრჩალი, ჭირ­ისუფალს ვერ ეტყვი, ახლა სტანდარტები უნდა დავიცვაო..." - კვირის პალიტრა

"როცა 12 წლის გოგონაა დამხვრჩალი, ჭირ­ისუფალს ვერ ეტყვი, ახლა სტანდარტები უნდა დავიცვაო..."

"რაც ამ სამსახურში ვარ, მესამე ოპერაცია გავიკეთე, ვინ მოთვლის, რამდენჯერ და რა არ ვიმკურნალე... მაგრამ

ეს რა მოსატანია იმასთან, როცა გადარჩენილი ადამიანის თვალებს ჩახედავ"

ჩვენ ერთ თოკზე ჩაბმული ბიჭები ვართ. ეს თოკი სიკვდილ-სიცოცხლის ძაფია, რომელიც ერთმანეთთან გვაკავშირებს. წყალში იქნება, მთაში, ავარიებისა თუ სტიქიური უბედურების დროს. ჩვენ, მაშველებს, ყოველთვის ერთმანეთის მხარდამხარ გვიწევს სიტუაციების მართვა. როგორც კი თვალებში ჩახედავ თუნდაც ერთ გადარჩენილ ადამიანს, თვლი, რომ ამად გიღირს სიცოცხლე, - ამაყად ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის განსაკუთრებულ ღონისძიებებზე რეაგირების სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსი ელიზბარ კოპალიანი.

"კიდევ კარგი, მხეცები დანაყრებული იყვნენ"

შარშან თბილისში, 13 ივნისს, სტიქიის ღამეს 4 მაშველი ნავით შევედით ზოოპარკში. მე ჯგუფის უფროსი ვიყავი. თან გვახლდა სპეცრაზმის თანამშრომელი. ცხოველები უკვე უნივერსიტეტამდე ადიოდნენ და შეიძლებოდა მთელ ვაკეს შესეოდნენ. სიბნელეში უფრო ადვილი იყო მათი შემჩნევა, ისე ანათებდნენ მწვანე თვალებს. ჯიქს, ვეფხვს, ლომს ისე ახლოს ჩავუვლიდით ხოლმე, რომ თავი ჯუნგლებში მეგონა. კიდევ კარგი, მტაცებლები ადამიანებს მიჩვეული და დანაყრებულიც იყვნენ, თორემ თვალის დახამხამებაში გამოგვასალმებდნენ სიცოცხლეს. მეორე დღეს გადავედით "მზიურში" და დავიწყეთ ადამიანების ძებნა. ზოოპარკში ქალის ჩანთა ვიპოვე, საბუთებით გაირკვა, ჩემი მოგვარე იყო. დავუკავშირდით. ზოოპარკის დირექტორის მეუღლე აღმოჩნდა. ძალიან გამიხარდა, რომ გადარჩა...

მეორე დღეს, გამთენიისას, შენობის კონდიციონერს შემოხვეული დათვი შევნიშნეთ. თუ ჩამოვარდებოდა, უთუოდ დაიხრჩობოდა. ცხოველს ნემსი ვესროლეთ. 15 წუთში კონდიციონერზევე ჩამოეძინა და ჩამოვარდა. ნავში ჩავსვით. ისეთი მძიმე იყო, ოთხმა კაცმა ძლივს ავწიეთ. ის დღეს ზოოპარკშია და კარგად გრძნობს თავს.

ხრამში გადაჩეხილები

კობი-გუდაურის გზაზე თვალუწვდენელი ხრამებია. სამი წლის წინ სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეებით სავსე ავტობუსი 50-მეტრიან ხრამში გადავარდა. ყველა მგზავრი დამტვრეულ-დასახიჩრებული დაგვხვდა. მსუბუქად დაზიანებულები ხევიდან თოკებით ამოვიყვანეთ, მძიმეებს იქვე გავუწიეთ პირველი დახმარება, შემდეგ კი კლინიკაში შვეულმფრენით გადმოვაფრინეთ. სასწაული ის იყო, რომ ასეთი სიმაღლიდან გადაჩეხილი ავტობუსის ერთი მგზავრიც კი არ დაგვღუპვია, ყველა გადავარჩინეთ.

ხეზე მიბმული მონადირეების ამბავი

კახეთში (აზერბაიჯანის საზღვართან) სანადიროდ წასული რამდენიმე კაცი წყალდიდობაში მოყვა. ამაოდ ვეძებდით დატბორილ ტერიტორიაზე. დაღამებისას მივაგენით - ხეზე ასულან და თოკ-ქამრებით მიუბამთ თავი. ძალიან იყვნენ დაუძლურებული. ერთს დიაბეტი ჰქონია. ძლივს გამოვიყვანეთ მდგომარეობიდან. არ დამავიწყდება, როგორ გაიხარა სოფელმა, როდესაც დაკარგულები მივიყვანეთ.

როგორ გავხდი მაშველი

ცაგერის რაიონში დავიბადე, დედაჩემი სასწრაფო დახმარებაში მუშაობს და ბავშვობიდან ვიცი, რას ნიშნავს ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობა. ხშირად შევსწრებივარ, როგორ დახმარებია გონებადაკარგულს, რაც შემდგომში ჩემს პროფესიაში დამხმარებია. შვეიცარიელები ტრენინგების დროს გვასწავლიდნენ, - უპირველესად საკუთარი თავის უსაფრთხოება უნდა დაიცვათო. როცა 12 წლის გოგონაა დამხრჩვალი, ჭირისუფალს ვერ ეტყვი, ახლა 2-3 საათს გავჩერდებით, აკლიმატიზაციას გავივლით და მერე ვიმუშავებთო. ამ სტანდარტებს იმიტომ ვარღვევთ, რომ რაც შეიძლება მალე ვუშველოთ ადამიანს. რაც ამ სამსახურში ვარ, მესამე ოპერაცია გავიკეთე, ვინ მოთვლის, რამდენჯერ და რა არ ვიმკურნალე... ცხადია, ჯანმრთელობას ვნებს, მაგრამ ეს რა მოსატანია იმასთან, როცა გადარჩენილი ადამიანის თვალებს ჩახედავ. ეს თვალები მთელი სიცოცხლე გაგყვება.

ნანა ფიცხელაური