"რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატ­რიკსაც შემახვედრა" - რატომ უჭირს თბილისში სუნთქვა კონკურსის "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრს? - კვირის პალიტრა

"რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატ­რიკსაც შემახვედრა" - რატომ უჭირს თბილისში სუნთქვა კონკურსის "შენ შეგიძლია ცეკვა" ჟიურის წევრს?

"პატრიკმა უკვე მოასწრო სიღნაღისა და ქართული ღვინის შეყვარება. განსაკუთრებით მოხიბლა ყაზბეგის სილამაზემ, შატილმა და კოშკების არქიტექტურამ"

ნათია რთველიაშვილი მრავალი წელია, საზღვარგარეთ ცხოვრობს და მოღვაწეობს. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც მსოფლიოში აღიარებულ "რივერდანსში" ცეკვავს, პარალელურად კი თანამშრომლობს ქორეოგრაფიულ კოლექტივებთან. არაერთი ქვეყნის სცენაზე მდგარა და, ცხადია, მოსაყოლიც ბევრი აქვს.

- 6 წლისა პიონერთა სასახლეში ბალეტის წრეზე შემიყვანეს. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სასწავლებლის დამთავრებისთანავე ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს. 2000 წელს ნიუ-იორკში გავემგზავრე და მივხვდი, რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე იყო ის განსაკუთრებით ჩემნაირი ახალგაზრდა ბალერინისთვის, რომელსაც, სამწუხაროდ, სამშობლოში არანაირი პერსპექტივა არ ექნებოდა - არ იყო სავარჯიშო პირობები, გაყინულ დარბაზებსა და სცენაზე შეუძლებელი იყო ცეკვა, თეატრს მაყურებელი არ ჰყავდა... ადვილი არ იყო ადგილის დამკვიდრება ამ უზარმაზარ ცეკვის მეგაპოლისში. ძალიან რთულია გაუძლო კონკურენციას და არ დაიკარგო დიდ ცათამბჯენებს შორის, მაგრამ იღბლიანი აღმოვჩნდი, თუმცა შრომისმოყვარეობაც არ მაკლდა.

მალე გავიცანი რუსულ-ამერიკული საბალეტო კომპანიის დირექტორი ირინა როისინი, რომელმაც ქასტინგზე მიმიწვია. ქასთინგს სამუშაო კონტრაქტი მოჰყვა. ასე დაიწყო ჩემი კარიერა ნიუ-იორკში. შემდეგში, ექსტრაორდინარული მოცეკვავის სტატუსით, ამერიკამ მწვანე ბარათი მომანიჭა, რამაც 2005 წელს გზა გამიხსნა ცნობილი საცეკვაო კომპანიების დასებში, კერძოდ, ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერისა და ბროდვეის ცნობილ ირლანდიურ შოუში "რივერდანსი"". ორი წლის მერე "რივერდანსის" დასმა 7-თვიანი გასტროლებით ამერიკასა და კანადაში მიმიწვია. კვირაში 8 შოუს ვცეკვავდით. ამ მოგზაურობისას დავრწმუნდი, რომ არც ისე ბევრმა იცოდა საქართველოს არსებობა, ხშირად ჯორჯიის შტატელი ვეგონე, ან კიდევ საქართველოს რუსეთის ნაწილად თვლიდნენ, მაგრამ ბოლო წლებში სიტუაცია შეიცვალა და უკვე უმრავლესობა იცნობს საქართველოს.

- თქვენს მეორე ნახევარზე მიამბეთ.

- "რივერდანსმა" ჩემს უსაყვარლეს პატრიკსაც შემახვედრა. ის დასის სოლო მევიოლინეა და მთელი შოუ მიჰყავს. პატრიკი ირლანდიური წარმოშობის მე-3 თაობის ნიუიორკელია. 2010 წელს ვიქორწინეთ. მერე მე ჩემს საყვარელ მეტროპოლიტენ ოპერაში დავბრუნდი, პარალელურად კი მუშაობა დავიწყე ცნობილ საბალეტო ფიტნესკომპანია Ballet Beautiful-ში, სადაც ცნობილ მსახიობებსა და მოდელებთან ვმუშაობთ. მათ შორის არიან ნატალი პორტმანი, ლივ ტაილერი, ზოი დეშანელი და სხვა. ასევე ვამზადებთ "ვიქტორია სეკრეტის" გოგონებს ფოტოგადაღებებისა და შოუებისთვის. ჩვენ მათ საბალეტო მოძრაობებით ვეხმარებით ტანის და პლასტიკის დახვეწაში.

2014 წელს მე და პატრიკს "რივერდანსმა" ძალიან საინტერესო კონტრაქტი შემოგვთავაზა. თანაც არა მარტო მოცეკვავეობა, არამედ ჯგუფის ხელმძღვანელობაც, პატრიკს კი მუსიკალური ხელმძღვანელობა. ევროპის 17 ქვეყანა და 50 ქალაქი მოვიარეთ, ამას მოჰყვა ჩინეთი, იაპონია, ტაილანდი, ინდონეზია... განსაკუთრებით დამამახსოვრდნენ ჩინელები, რომლებიც ტაშის მაგივრად ფეხებს აბაკუნებენ და უცნაურ ხმებს გამოსცემენ...

- როდის ჩამოვიდა პატრიკი პირველად საქართველოში?

- 2009 წელს, როდესაც მამაჩემს ოფიციალურად სთხოვა ჩემი ხელი... მას შემდეგ წელი არ გაუცდენია. უკვე მოასწრო სიღნაღისა და ქართული ღვინის შეყვარება. განსაკუთრებით მოხიბლა ყაზბეგის სილამაზემ, შატილმა და კოშკების არქიტექტურამ, ძალიან უყვარს თხილამურებით სრიალი, გუდაური მისთვის აღმოჩენა იყო, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს საუკეთესო სათხილამურო კურორტებზეა ნამყოფი.

ვცდილობ, ყოველ ჩამოსვლაზე პოზიტიური ცვლილებები დავინახო, თუმცა, უთუოდ უნდა ვთქვა, - თბილისში ძალიან მიჭირს სუნთქვა. მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მიგრძნია ასეთი უჰაერობა. საქართველოში ბევრი რამ არის განსავითარებელი.

- 16 წლის შემდეგ საქართველოს განსხვავებული ამპლუით უბრუნდებით.

- ახალი სატელევიზიო შოუს, "შენ შეგიძლია ცეკვა" - ჟიურის წევრი ვარ.

ეკა სალაღაია