"დიდი კაცი იყო გოდერძი, გუდამაყარში დიდიან-პატარიანად, ყველა მას უსმენდა და უჯერებდა"
14-11-2016
"დიდი კაცი იყო გოდერძი, გუდამაყარში დიდიან-პატარიანად, ყველა მას უსმენდა და უჯერებდა"
"ფილმში ჩემს შვილს (შეთეს) ტრისტან სარალიძე ასახიერებს... ხომ გახსოვთ:­ "ცოლი გინდა?" - ეკითხებიან შეთეს და ისიც საბრალოდ პასუხობს, - ჰო, მინდაო...­"

"დიდი ხანია გუდამაყრელებზე დაწერა მინდოდა, მაგრამ ვერა და ვერ მოვახერხე. თუმცა ჯერ ოცდახუთი­ წლისა ვარ და სულ სამი წელია მას აქეთ, რაც მწერლობა დავიწყე. მაგრამ, ასე მგონია, სამი წლის მაგიერ, სამი საუკუნეა გასული და ვიტანჯები,­ დღემდე გუდამაყრის ხეობის შესაფერი რომ ვერაფერი­ დავწერე. აქამდე მეგონა, გუდამაყრის ხეობა დიდი წიგნია და
შიგ უამრავი მოთხრობაა-მეთქი.. არა, არა! ნამდვილად რაღაც არის ჩემს თავს. ადამიანებს ისე აღარ ვუყურებ, როგორც ამ სამი წლის წინათ ვუყურებდი. ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია და ყოველ მათგანს სათაურს ვუძებნი. აი, სადმე რომ შემხვდე და ლაპარაკი დამიწყო, იმწუთში წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს მოგიძებნი"...
გოდერძი ჩოხელი სათქმელს უბრალოდ და გენიალურად გადმოსცემდა. "დარდების შემგროვებელს" იმდენი სათქმელი დაუგროვდა, რომ ადამიანები მოსიარულე მოთხრობებად აქცია და ,,ადამიანთა სევდად" ერთ წიგნში მოუყარა თავი. მერე ეს წიგნი ფილმად გადაიღო და უკვე 30 წლის იყო, რომ გუდამაყარში შეგროვილი სევდებით ეს პატარა ხეობა მსოფლიოს გააცნო...

ლაურა რეხვიაშვილი, მსახიობი: - გოდერძი თეატრალურ ინსტიტუტში გავ­იცანი. მეტწილად იმან დაგვაახლოვა,­ რომ მეც, გოდერძიც, ტრისტან სარალიძეც სოფ­ლიდან ვიყავით. სწავლის დამთავრების შემ­დეგ დაგვაბინავეს კინემატოგრაფისტთა კავ­შირის საერთო საცხოვრებელში. ასე გავხდით მეზობლები. მის ხელნაწერებს პი­რველი­ მე ვკითხულობდი. არ ვიცი, ასე უნდოდა, თუ იმიტომ, რომ კედლის მეზობელი­ ვიყავი... სანამ ეს ხელნაწერები წიგნებად და ფილმებად იქცეოდა, მის ავტორს მაშინვე დავარქვი მეტსახელი და ახლაც ასე მოვიხსენიებ... გოდერძის დაბადების დღესთან დაკავშირებით ფილმი­ გაკეთდა და მასში ზოგიერთი ისეთი ადამიანი საუბრობს, რომელიც თავის დროზე გოდერძის სოფლელად მოიხსენიებდა. მერე, როცა ხელში­ კამერა აიღო, გახდა "სოფლელი ნიჭიერი", შემდეგში სოფლის თემა მოისპო, რადგან გოდერძი სხვადასხვა ფესტივალზე აღიარეს და გახდა გოდერძი ჩოხელი, გარდაცვალების მერე - გენიალური გოდერძი ჩოხელი...

- რა მეტსახელს ეძახდით?

- "კაცი ცასწავალა". "ცასწავალა" - მოთხრობა აქვს ჩიტზე. თვითონ იყო ის ჩიტი, რომელიც უცნაურად შემოფრინდა ამ სამყაროში და ჩიტივითვე გაფრინდა...
"ადამიანთა სევდაში" როლი გოდერძიმ შემომთავაზა. წავედით გუდამაყარში. სამაგიეროდ, მიშა თუმანიშვილი გამინაწყენდა - იეჭვიანასავით. 6 თვე არ მელაპარაკებოდა, მერე "ადამიანთა სევდა" რომ ნახა, რომე­ლსაც მოჰყვა "ათოვდა ზამთრის ბაღებს",­ გამოაცხადა, - ლაურას ვაძლევ უფლებას, კინოში იმუშაოსო.



თამარ სხირტლაძე, მსახიობი: - ფილმში "სევდების შემგროვებელს" გურამ პეტრიაშვილი ასახიერებდა, ჩემს შვილს - შეთეს - ტრისტან სარალიძე. შეთეს ცოლის შერთვა სურს, მაგრამ უარით გამოისტუმრებენ. ჩვენ უარს ვიუკადრისებთ­ - ჩოხელებს ეს როგორ გაგვიბედესო - და სიუჟეტიც აქედან ვითარდება. ხომ გახსოვთ:­ "ცოლი გინდა?" - ეკითხებიან შეთეს და ისიც საბრალოდ პასუხობს, - ჰო, მინდაო...­ გადაღებისას მოგვითოვა. სანამ მოედანს ამზადებდნენ, გათოშილები ცეცხლს ვეფიცხებოდით. ტრისტანს გავხედე - მთლად გალურჯებულს ტანზე კაშნე ჰქონდა ჯვარედინად შემოხვეული და გაწითლებული ცხვირით საცოდავად იყურებოდა. გოდერძის­ ვუთხარი: - აბა, შეხედე, ამას ცოლს ვინ გამოატანს-მეთქი. ამაზე ჯერ თვითონ ტრისტანმა იცინა და მერე ჩვენ გადმოგვედო მისი სიცილი. მაშინაც ბევრი ვიცინეთ, გურამ ფირცხალავა ბრძოლისთვის რომ გვამზადებდა და მიწაზე გართხმულებს ცურვას გვასწავლიდა.

კარგა ხანს შემოვრჩით გუდამაყრის ხეობას, ჩვენი მასპინძელი გახლდათ ბაბალე.­ ეს ის ქალბატონია, ფილმში ჭიდაობისას რომ ძირს დამაგდებს. თამაში არ გეგონოთ, მართლა ისე დამცა, სულს ვეღარ ვითქვამდი, კი ავუხსენი, კინოში ასეა ჩაფიქრებული­ - მე უნდა გავიმარჯვო და ამიტომ შენ უნდა წაიქცე-მეთქი. კინო-მინო არ ვიცი, რითი ვარ შენზე ნაკლებიო, იმდენი იძახა, რომ ბოლოს სცენარი ბაბალეს მოარგეს.

ტრისტან სარალიძე, მსახიობი: - მე და გოდერძი კურსელები ვიყავით. საერთო­ საცხოვრებლიდან რომ გადავიდა, მაინც ხშირად გვაკი­თ­ხავდა, როდესაც დაოჯახდა, პატარა ქორწილიც იქ გადავუხადეთ.
"ადამიანთა სევდის" გადაღებისას მე და გურამ ფირცხალავა აბესალომ ლორიასა­ და კარლო საკანდელიძეს წყვილად ვეთამაშებოდით ხოლმე დომინოს. გოდერძი მსაჯი იყო. გურამმა - თუ არ ვიეშმაკეთ, სულ წაგებულები ვიქნებითო და - ქვები დავ­ნიშნეთ. გოდერძი ხალისობდა ჩვენს თამაშზე. მოქიშპეებს ხან ცხვარი მოვუგეთ, ხან - ხინკალი... ბოლოს, მსაჯი იტყოდა: გად­ასახდელიაო და "წაგებულებიც" იხდიდნენ ქეიფს მანამ, სანამ ტყუილში არ დაგვიჭირეს.

გადაღებაზე ოქტომბრის ბოლოს წავედით გუდამაყარში. გოდერძიმ - თოვლი გვჭირდება, სალოცავში წავალ, სანთლებს ავანთებ და ჩამოთოვსო. გადასცდა 12 საათს და მართლა არ მოთოვა? თანაც იმხელა,­ რომ გზა ჩაიკეტა და გაზაფხულამდე­ მოვწყდით ქვეყანას. ეს ის პერიოდია, ბრეჟნევი­ რომ გარდაიცვალა და მალე მისი ჩამნაც­ვლებელი ანდროპოვიც რომ მიჰყვა... გოდერძის ვეხუმრებოდი, სანამ გუდამაყარში ვისხედით, სამი მთავრობა ისე გამოვიცვალეთ, ვერაფერი გავიგეთ-მეთქი.

- გუდამაყარში რომელიმე მისი პერსონაჟი­ ამოგიცნიათ?
- რა თქმა უნდა, ჩემი გმირიც გუდამაყრელთა ცხოვრების ნაწილია. გოდერძი­ ყურადღებით გისმენდა, მერე ამ ამბებს გად­ახარშავდა და თავისებურად წერდა. ერთხელ მოვყევი - ბოტანიკის მასწავლებელი­ მყავდა, რომელიც გაკვეთილს ამ სიტყვებით იწყებდა: "აი, ამ მუშტსა ცხენი ჰყავ მოკ­ლული! აბა, დავიწყოთ გაკვეთილი!" გულიანად იცინა. მერე კი "სამოთხის გვრ­იტებში""გამოიყენა.
რამაზ იოსელიანი, მსახიობი: - ჩრდილ­ში ყოფნა უყვარდა. პირველად რომ გამოვიდა მისი ფილმი, დაიწყო ქებათა ქებანი­ - "გენიოსი", "მთის შვილი"... "ადამიანთა სევდის" გადაღების დროს სიყვარულზე ჩამოვარდა საუბარი. გავამხილე, შეყვარებული მყავს-მეთქი. გოდერძიმ - წამო, მოვიტაცოთო. ჩავსხედით გურამ ფირცხალავას­ ავტომობილში მე, გოდერძი, ტრისტანი და მივადექით იმ გოგოს. არ გამოგვივიდა არაფერი...

- თვითონ გოდერძი როგორი იყო გუდამაყრელების თვალში?
- დიდი კაცი. ყველა, დიდიან-პატარიანად, მას უსმენდა და უჯერებდა...

ეკა სალაღაია
არამკითხე
24 ნოემბერი 2016 09:55
მის სიცოცხლეშივე ვიცოდით, რომ გენია გვყავდა, მაგრამ ისევე, როგორც გალაკტიონს, არ გავუფრთხილდით...
მრცხვენია...


Mmeri
23 ნოემბერი 2016 19:38
Mec zalian pativs vcemdi chvens did goderzis meamayeba rom chemi fesvebic chvens ulamazes gudamayars ukavshirdeba madlobeli var uflis rom momeca shesazlebloba axlos gamecno gmertma natelshi amyofos misi suli ukuniti ukunidamde amin
nino
23 ნოემბერი 2016 10:49
ჩვენი გოდერძი და ჩემი გუდამაყარი, ორივე ერთადერთი და განუმეორებელია......

რედაქტორის რჩევით