ბუმბერაზთა პალიტრა
14-11-2016
ბუმბერაზთა პალიტრა
დღევანდელი საკითხავი

* * *
უმეცრობა და უვიცობა დიდი ჭირია და თუ ამას თან დაჰყვა უჭკუობა და უნიჭობა, ხომ ჭირზე უფრო ჭირია. ჭკუიანი უცოდინარი ყოველთვის თავისს ქერქშია, — რაც არ იცის, იმაზე სჯასა და ლაპარაკს ერიდება. რასაც გონება მისი უცოდინარობით ვერა სწვდება, იქ იგი მეტიჩარობას არა ჰკადრულობს, დუმილს უფრო ჰრჩეობს, სხვას უსმენს, სმენილს თავისის ჭკუის და გონების თვალწინ განკითხვით გაიტარებს, ასწონს-დასწონის და ამნაირად თავისს საკუთარს აზრს, ცოდნას გამოინასკვავს, შეითვისებს. ამ
ყოფით, თუ სხვა გზით, იგი ჯერ საგანს ისწავლის, გაითვალწინებს, და მერე, თუ საჭიროება მოითხოვს, დაიწყებს სჯასა და საუბარსა.

ჭკუიანი უცოდინარი თავმდაბალია, თავისი-თავი სხვაზე მეტი არა ჰგონია, არა ჰბაქიობს, არ იკვეხის, თითონ ზიზილ-პიპილებით არ ირთვება
და სხვას მჩვარში არ ახვევს. მან თავისი ყადრი და ადგილიც იცის და სხვისაც, ერთნაირად მორიდებულია ყოყოჩობას, ზვიადობას და ნამეტნავად მეტიჩარობას, არამკითხე მოამბეობას. რაც იცის, იმას სჯერდება, მეტზე ხელს არ იწვდენს, მეტს სიბრძნეს და ფილოსოფოსობას არ იჩემებს, ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებით ლარის გატანას და მსმენელის თვალის ახვევას ჰთაკილობს და როგორც სამარცხვინო ოინებს, ახლოც არ ეკარება.

სულ სხვაა უჭკუო უმეცარი, მერე თუ ყბედობის საღერღელიც აქვს აშლილი. უჭკუო უმეცარის კაცისთანა თამამი და კადნიერი ლაპარაკსა და სჯაში ძნელად მოიპოვება ქვეყნიერობაზე, და რამოდენადაც ამისთანა ვაჟბატონი ჭკუაზე თხლად არის, რამოდენადაც უფრო სქელი ლიბრი აქვს გონების თვალზე გადაკრული, მით უფრო თამამია, მით უფრო კადნიერია. მითამ რა დაუშლის! არ არის ქვეყანაზე საგანი, რომ უჭკუო უმეცარმა არ დაიჩემოს მისი ზედმიწევნით ცოდნა და თავისს უგემურ და უთავბოლო საღეჭავად არ გახადოს მსმენელთა სააბეზაროდ. რაც ენაზედ მოადგება, ჰროშავს გამარჯვებულსავით დოინჯშემოყრილი და თავმოწონებული, მაღალფარდებიან სიტყვებს ჰხმარობს უანგარიშოდ, განუკითხველად, მოგაყრით ტყუილუბრალოდ გაბერილ ფრაზებს, რომელიც არც თითონ ესმის და არც მსმენელს გაეგება და ჰყოყოჩობს, აი რაები მცოდნია და რა ბრძენი კაცი ვარო! ბალღებს, რასაკვირველია, გაბერილი, გაუგებარი ფრაზები სავსე ჰგონიათ, როგორც გაბერილი ტიკი, და უკვირთ როგორც ერთი რამ უტყუარი ნიშანი აუარებელის სიბრძნისა და მეცნიერობისა, ჭკუადამჯდარს კაცს-კი ეს სამასხარო ოინები სასაცილოდაც არა ჰყოფნის.

* * *
თუ ადამიანს თავისი ვინაობა არარად მიაჩნია, მაშინ იმ ადამიანში ადამი­ანური რაღაა? დრო გამოიცვლება, დრო მოვა, როცა თავისის ვინაობიდან გადამდგარი კაცი ყველასაგან შერისხული იქ­ნე­ბა, როგორც უღირსი, თითონ იმათგანაც კი, ვინც ახლა სიხარულით ამისთანა კაცს შეიკედლებს ხოლმე და ულოლოებს. დრო მოვა, როცა ყველასათვის ცხადი იქნება, როგორც ორჯერ-ორი, რომ თუ კაცი თავისას გაუდგა, სხვისას ვერ უერთგულებს. ეს ჭეშმარიტება დღეს ცოტამ იცის და ხვალე ბევრს ეცოდინება, და მაშინ ვაი თავის ვინაობაზედ გულაცრუებულს, გულგრილს და ხელაღებულს!

* * *
ეს ანდერძად გქონდეს ჩემგან: არა საქმეში უზნე­ობა, უპატიოსნობა არ გაურიო. გახსოვდეს ყოველთვის, რომ ქვეყანაზედ ქაღალდის გარდა არის კიდევ სინდისი, რომელზედაც იწერება პირობა იმ სიმკვიდრით და სიმტკიცით, რომ არავითარი ძალა არ ამოშლის და არ გააუქმებს. ადამიანთა ურთიერთობა შეუძლებელია დააფ­უძნო უზნეობის საწყისებზე და საქმე, რომელიც ზნეობრივი პრინციპების დარღვევიდან გამო­მდინარეობს, არავის გამოადგება. სამუდამოდ დაიმახსოვრე, რომ მოვალეობის გარეშე უფლება არ არსებობს, ხოლო მოვალეობა ისაა, რომ პატივი სცე, დაიცვა კიდეც სხვისი უფლება და არ დაარღვიო იგი.

* * *
ქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვება, სახელისათვის ჰშვება? არა, სახელი თავის­თავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. იმართალია, არიან იმისთანა კაც­ები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნც გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით