ვცხოვრობ უშენოდ და შენთან ერთად... - კვირის პალიტრა

ვცხოვრობ უშენოდ და შენთან ერთად...

ჩემი სამშობლოს ჭინჭარიც კი ია-ვარდად მოჩანს...

"კვირის პალიტრის" #14-ში გამოქვეყნებულ "ემიგრანტის წერილს" "კვირის პალიტრის" საიტზე - www.kvirispalitra.ge დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაუსაძლისი ყოფისა და უკიდურესი სიდუხჭირის გამო გადახვეწილი "ჩვენებურები" უცხოტომელებს ემსახურებიან და სამშობლოში მშიერ შვილებს, მოხუც მშობლებსა და უმუშევარ ახლობლებს არაადამიანური შრომის მათხოვრულ გასამრჯელოს უგზავნიან. სხვა რა გზა აქვთ... ყველას თავისი გასჭირვებია და სტკივა, მაგრამ მათ ერთი საერთო ტკივილი აქვთ, ამ ტკივილს საქართველო ჰქვია...

აი, რას გვწერენ ისინი:

”მეც ემიგრანტი ვარ, ეროვნებით არაქართველი, დავიბადე და გავიზარდე საქართველოში, ნეტავ დადგებოდეს ის დრო, როცა ყველანი სამშობლოში დავბრუნდებით. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ გულით ვიტირე”.

”ღმერთო, დამაბრუნე ჩემს მადლიან მიწაზე. დღე არ გავა, შენზე არ ვიფიქრო, შენ არ მოგეფერო, ჩემო ტკივილო, ჩემო საცოდავო ქვეყანავ... შენს მიწას დანატრებული ვცხოვრობ უშენოდ და შენთან ერთად... ღმერთო, დამაბრუნე შინ...”

”ღმერთო, დაგვაბრუნე ჩვენს შვილებთან... საქართველო მდიდარი ქვეყანაა და ამდენი ხალხი ლუკმაპურის საშოვნელად უცხო ქვეყანაში არ უნდა მირბოდეს... ჩვენ ხომ სულ მცირედს ვითხოვთ.  რატომ უნდა ვემსახუროთ სხვებს?”

”გააუცხოეს ქართველები საქართველოსთან. როდემდე უნდა გაგრძელდეს განუკითხაობა ქვეყანაში, დაუსრულებლად?”

”ცრემლები მომდის. ღმერთო, ყველა დაგვიფარე ამ უცხო ქვეყანაში...”

”ხელისუფლება ურცხვად გვაყრის თვალში ნაცარს,- საქართველოში 2009 წელს უფრო მეტი ემიგრანტი დაბრუნდა, ვიდრე წავიდაო...”

წერილი, რომელსაც ახლა გაგაცნობთ, ქართველი ემიგრანტის გამოგზავნილია, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და "კვირის პალიტრის" საიტის მეშვეობით გავიცანით. "ირმა" (ასე გაგვეცნო) ჩვენი ერთგული მკითხველია.

მას შემდეგ, რაც საქართველოში ანბანი გაჩნდა, არაერთხელ დაწერილა ქართველი ქალის "აბრეშუმივით ლბილ და ფოლადივით მტკიცე"  ხასიათზე. გლეხის ქალს თუ დიდგვაროვან მანდილოსანს პირად-ოჯახურის გარდა მუდამ საქვეყნო ტვირთი ჰქონდა საკუთარ მხრებზე წამოკიდებული. ამას გულისხმობს დიდი ილიაც, როცა სიტყვა "დედაკაცზე" საუბრობს. ქართველი დედები საქვეყნო ჭირ-ვარამმა, ათასგვარმა ქარტეხილმა გამოაწრთო, გაამამაცა. ეს აისახა სიტყვაშიც: "დედაკაცი". ასეა დღესაც...

გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოკიდებული - მძიმე ვითარება ქართველმა ქალებმა გადაატანინეს ოჯახებს. რაკი შინ, სამშობლოში ვერაფერს გახდნენ, საზღვრები გადაკვეთეს, რათა შორიდან შეშველებოდნენ შინ დარჩენილებს.

მანანა 4 წელია იტალიაში ცხოვრობს. დილის 6 საათზე მიდის სამსახურში და შინ გვიან ღამით დაღლილ-დაქანცული ბრუნდება. ადრე მოხუც ქალბატონს უვლიდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი 3 წლის გოგონას ზრდის.

მანანა გულით ავადმყოფია, ხშირად ფეხზე დგომაც უჭირს, მაგრამ სამუშაოს ვერ აცდენს  მისი დაკარგვის შიშით. სიცხიანიც რომ იყოს, იძულებულია, სამუშაოზე გამოცხადდეს და თავისი ავადმყოფობა ღიმილით, მოგონილი ხალისიანობით შენიღბოს.

ხელფასს მთლიანად საქართველოში გზავნის, მის ოჯახში ყველა უმუშევარია. მანანა 40 წლისაა.

მაიას საქართველოში ლოგინად ჩავარდნილი დედა ჰყავს და წამლის ფულის უქონლობამ გადმოხვეწა უცხოეთში... მაია დიდხანს უმუშევარი იყო. ენაც არ იცოდა. მერე, როგორც იქნა, გამოჩნდა ოჯახი, რომელმაც გონებაარეული მოხუცის მომვლელად აიყვანა. მოხუცი ლუკმას უთვლიდა მაიას, საცოდავს, ერთი ვაშლის შეჭმის უფლებაც არ ჰქონდა. მუდმივმა შიმშილმა და მორალურმა სტრესმა ღვიძლი დაუავადა. საცოდავ გოგონას გაავებული დედაბერი მუდმივად ამცირებდა, მაგრამ ავადმყოფს სიტყვას როგორ შეუბრუნებდა?! ერთხელ, ლოცვისას, მოხუცი თურმე კარების ჭუჭრუტანიდან უთვალთვალებდა, მერე ოთახში შეუვარდა და დაცინვა დაუწყო. მკერდიდან ჯვარი ჩამოჰგლიჯა და ზედ ფეხებით შედგა, მაიას მოთმინების ფიალა აევსო და ოჯახის უფროსს დაჩოქილმა წასვლის ნებართვა სთხოვა...

ისევ უმუშევრობა, ისევ ვალები, ისევ სასოწარკვეთა... როგორც იქნა, დამლაგებლად დაიწყო მუშაობა. დილიდან საღამომდე ოჯახიდან ოჯახში დარბის, მუხლჩაუხრელად შრომობს, ზოგჯერ დღე ისე გავა, ლუკმის პირში ჩადებასაც ვერ ახერხებს, მაგრამ რა ქნას, როცა საქართველოში მოხუცი დედა და უმუშევართა არმია მისგან გამოგზავნილ ფულს ელოდებიან. მაია 36 წლისაა.

ტატიანა დედით რუსია, მამით - ქართველი, ბებია აზერბაიჯანელი ჰყავს. დაიბადა საქართველოში. ქართველები ძალიან უყვარს, რის გამოც რუსები ამრეზით უყურებენ. აგვისტოში ლამის ჩაქოლეს, რადგან ომზე კამათისას ქართველებს იცავდა...

ტატიანა მთელი დღე ნახევრად მშიერია. ამას ერთვის მოხუცის მძიმე ხასიათი, რომელსაც უვლის და ჩამოდნა ქალი. ტატიანას არაერთხელ ხელითაც შეეხო გავეშებული მოხუცი, მაგრამ ითმენს. ვინ იცის, როდემდე მოუწევს ასეთი გაძაღლებული ყოფა... ტატიანა 50 წლისაა.

ემიგრანტები სანამ სამუშაოს იშოვიან, ბინის ყოველდღიურ გადასახადს (ჭამის ჩათვლით) 10 ევროს იხდიან. ადვილი მისახვედრია, რა დღეში ექნებათ ნერვები, ვინც სამუშაოს პოვნას თვეობით ვერ ახერხებს?! სამ თვეში მათი დავალიანება 900 ევროს აღწევს!..

თუ დასაქმება ეღირსათ, "დამსაქმებელი" ცალკე ითხოვს გასამრჯელოს და გამოდის, რომ მუშაობის დაწყების შემდეგ, 3-4 თვის განმავლობაში თავისთვის არაფერი რჩებათ. მერე კი არავინ იცის, რა მოხდება, შეინარჩუნებენ თუ არა სამუშაოს...

ე. წ. "დამსაქმებელი", იცოცხლეთ, კარგად ითბობს ხელს გადახვეწილი ქართველების ხარჯზე. არიან ისეთებიც, რომლებიც მევახშეობით მდიდრდებიან ისევ და ისევ გადახვეწილი და გასაცოდავებული ქართველების ხარჯზე.

"დამსაქმებელს" დაქირავებული აქვს ბინა 10-12 კაცისთვის. ადვილად წარმოიდგენთ, რა ტრაგიკომიკური სიტუაციაა ყოველ დილით ტუალეტთან და ხელსაბანთან.

ერთადერთი, რაც ქართველებისთვის ჭკუის სასწავლებელი გამოდგა, არის წყლის, დენის, ტელეფონის მომჭირნეობით გამოყენება. არ ხარჯავენ არც ერთ ზედმეტ წვეთ წყალს, არც ერთ ზედმეტ კილოვატს - ასე ცხოვრობენ უცხოელები და ახლა უკვე ქართველებიც.

შრომის კანონმდებლობით, მომვლელს, რომელიც ოჯახში 24-საათიანი რეჟიმით მუშაობს,  კვირაში ეკუთვნის 1,5-დღიანი დასვენება: კვირადღე მთლიანად და ხუთშაბათი საღამო. ასეთი დასვენებისას ქართველებს ერთად ნახავთ სატელეფონო ოფისში, სადაც ერთმანეთს უყვებიან საკუთარ თუ გაგონილ ამბებს.

ერთხელ ყური მოვკარი, ფაშფაშა ქუთაისელი ქოთქოთებდა: "მაგას ეგონა, ქალბატონად დასვამდნენ?! არაა ასე!.. ვინ დასვამს, მონას ქალბატონად?" როგორც გავიგე, საუბარი შეეხებოდა ასაკოვან ქართველს, რომელიც ვალების გამო დათანხმებულა მეტისმეტად მსუქანი მოხუცის მოვლაზე, მაგრამ რადგან დედაბერს ხშირად სჭირდებოდა აწევ-დაწევა, ძალიან გასჭირვებია და თურმე თვალცრემლიანი ეხვეწებოდა დამსაქმებელს, იმ ოჯახიდან გამომიყვანეო.

თავისი ნებით სამუშაოს მიტოვების უფლება დასაქმებულს არა აქვს, რადგან ამით "საქმეს უფუჭებს" დამსაქმებელს. რა მძიმე პირობებშიც უნდა იყოს, დასაქმებული ვალდებულია, ყველაფერი მოითმინოს. ყოველ შემთხვევაში, შემცვლელის პოვნამდე მაინც.

მერე ისევ უმუშევრობა, ისევ ვალები...

ყოველივე ზემოთქმულის გამო ქართველებს საშინლად გვაქვს გაფუჭებული ნერვები. საქართველოში მყოფებს ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ ფული ქუჩაში ყრია. არა, ძვირფასებო! ყოველი გროში, რომელიც საქართველოში საზღვარგარეთიდან შემოდის, გაჟღენთილია ცრემლით, ტანჯვით, მწარე ოფლით... ჩვენი სული  სევდით არის სავსე...

მკრეხელობაა გადახვეწილ ქართველებზე რომელიმე ბობოლასგან აგდებით ლაპარაკი.

უღმერთობაა, გადახვეწილი ხალხი უხეშად მოიხსენიოს ვინმემ. ათიოდე ფუნქციონერი რომ საზღვარგარეთ სასეირნოდ და გასართობად დადის, ეს არ ცვლის იმ რეალობას, რასაც სამშობლოდან ლუკმაპურისთვის იძულებითი გადახვეწა ჰქვია. საქართველო ათიოდე ფუნქციონერი არ არის, საქართველო უბრალო ადამიანებია, რომლებიც საკუთარმა მთავრობამ უცხოეთში გადასახვეწად გაიმეტა.

და არ ჩანს ჭირისუფალი, რომლიც გადახვეწილებს სამშობლოში დაგვაბრუნებდა და მრავალწლიან იარებს მოგვირჩენდა.

P.S. საზღვარგარეთ სამეცნიერო მუშაობისთვის მიწვეულები კარგ პირობებში არიან, უბრალო ადამიანთა ლაშქარი კი სწორედ მონის მდგომარებაშია და ითმენს, რადგან შინ მშიერი ოჯახები ეგულება.

აფერუმ მათ გამძლეობას, აფერუმ მათ თავშეწირვას ოჯახებისთვის.

ქედს ვიხრი ქართველი ქალების სულიერი გაუტეხლობის წინაშე და ღმერთს ვთხოვ, ყოველი მათგანი უვნებლად და მალე დაბრუნებულიყოს მონატრებულ სამშობლოში, რომლის ჭინჭარიც კი ია-ვარდად მოჩანს...

მოგვწერეთ, გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები, მოსაზრებები, სიხარული და გულისტკივილი ჩვენს საიტზე ან გამოგვიგზავნეთ წერილი "კვირის პალიტრის" ("სიტყვა და საქმის") საფოსტო ყუთების მეშვეობით.