"ჯეჯელავამ ტელეღიპუცებს უყუროს" - კვირის პალიტრა

"ჯეჯელავამ ტელეღიპუცებს უყუროს"

"კომბლე რა კაცია?!"- განათლების მინისტრი ქართულ ზღაპრებს იწუნებს

რამდენიმე დღის წინ რადიო "პალიტრის" ეთერში მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა, სადაც ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენენ.

"შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი, მაგალითად, შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია", - აღნიშნა მან. შემდეგ საუბარი ქართული ზღაპრების გმირების შესახებ გაგრძელდა."

"კომბლე მოძალადეა და ცუდი მეცხვარეა. ორი პრეტენზია მაქვს: ორი ცხვარი ჰყავს და მეცხვარეს რატომ უნდა ჰყავდეს ორი ცხვარი? თუ დაფიქრდებით, მიხვდებით - იმიტომ არის ცუდი მეცხვარე, რომ ცხვრის მოვლით არ არის დაკავებული, კომბლის მთლელია".

ამ განცხადებას საზოგადოების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

"თავის საქმეს მიხედოს - ბავშვი რომ გამოვა სკოლიდან, იცოდეს, რომ ორჯერ ორი ოთხია"

ბაადურ წულაძე: - მაშინ მოვსპოთ ყველაფერი ქართული! ავუხსნათ, რომ ეს არ შეიძლება! ეს ზღაპრები ჩვენი საუნჯეა! განათლების მინისტრმა მიხედოს თავის საქმეს - ბავშვი რომ გამოვა სკოლიდან, იცოდეს, რომ ორჯერ ორი ოთხია. ეტყობა, არ იცის, როგორ უნდა მიხედოს და ამიტომ ამბობს ამგვარ სისულელეებს. აქამდე რომ მივა მაღალჩიIნოსანი, ზღაპრის გმირებისა და მულტფილმების რევიზიას დაიწყებს, ესე იგი... რა უბედურებაა! საქმეს მიხედონ! აიღოს განათლების მინისტრმა და დაწეროს სხვა ზღაპარი, უკეთესი, სადაც კომბლე უნაკლო და გენიალური იქნება, რომელთანაც პრეტენზია არ ექნება. ვნახოთ, რამდენი წაიკითხავს ძველ კომბლეს და რამდენი - მის დაწერილს. შეიძლება ისეთი კარგი იყოს, გადაირიოს ერი, ვნახოთ...

"ჩვენს ზღაპრებს შეეშვან"

ვაჟა აზარაშვილი: - ჯობია იმ სისტემას მიხედოს, რომელიც დიდი ხანია არეულ-დარეულია, დაწყებული ლომაიას მინისტრობით. ჩვენს ზღაპრებს კი მოევლება, შეეშვან, სერიოზული საქმე აქვთ.

"არ ვარ ზღაპართმცოდნე, მაგრამ..."

ეთერ თათარაიძე: - ასეთ რამეზე კომენტარს არც გავაკეთებ, რადგან არ ვთვლი, რომ ასეთ ადამიანს რამეზე უნდა დაველაპარაკო. არ იცის თავისი საუკუნოვანი ფესვი და ძირი და არც ის იცის, როგორ აზროვნებს მისი ხალხი და რა ბედნიერებაა, რომ ერს აქვს ზღაპრები, რომელშიც ბოროტს უეჭველად ამარცხებს კეთილი. მე არა ვარ ზღაპართმცოდნე, მაგრამ ვიცი, რას ნიშნავს ჩვენი ზეპირსიტყვიერება ჩვენი რეალობისთვის, ხვალინდელი არსებობისთვის, იმისათვის, რომ ქართველები გვერქვას. თუ აღარ უნდათ ქართველობა, მაშინ საზეპიროც მოსპონ, ქართული მწერლობაც აკრძალონ, ზღაპარიც და მითიც... ასე გაუცხოება საკუთარ ქვეყანასთან მიუღებელია. ის ხომ განათლების მინისტრია და არა შემთხვევითი პიროვნება, რომელსაც შეხება არა აქვს თავისი ქვეყნის კულტურასთან.

"ეროვნულ ფენომენს, ჩემო პატარა ძმაო, ბევრი მტერი ჰყავს"

რეზო მიშველაძე: - არა მგონია, ჯეჯელავა სერიოზულად ფიქრობდეს ისე, როგორც ეს გამოსვლაში გამოჩნდა. არსებობს ზღაპრები, რომლებმაც ერის ფსიქიკაში ასწლეულების განმავლობაში დაიმკვიდრეს ადგილი. ამ ზღაპრებმა სულიერად ჩამოგვაყალიბეს, ჩვენში სიკეთის, რაინდობის, პატრიოტიზმის თვისებები შთანერგეს, შრომისმოყვარეობა გვიქადაგეს. არა მგონია, ჯეჯელავას გადასაგდებად მიაჩნდეს "ნაცარქექია" - ამ ზღაპარში გონებამახვილობის ზეიმია, ან სძულდეს "ხუთკუნჭულა"... არაერთი ზღაპარია, რომელთაც თავიანთი ნოველური არსის გამო არასოდეს შეელევა გონიერი მკითხველი. ჯეჯელავას რამდენიმე გამოსვლა გულწრფელად მომეწონა და არა მგონია, მას ქართულ კლასიკურ ნაწარმოებებზე იერიშის მიტანა სურდეს. ქართულ ეროვნულ ფენომენს, ჩემო პატარა ძმაო, ჩემო ალექსანდრე, ძალიან ბევრი მტერი ჰყავს. 9 წლის განმავლობაში ერთი ქართველი პრეზიდენტი ყოველგვარ ქართულს და ეროვნულს წიგნებიდან იღებდა. ნუ ვიზამთ ამას, არ შეიძლება ჩვენი ეროვნული ნაწარმოებები რაღაც პოსტმოდერნისტული ნაწარმოებებით შევცვალოთ. ჩვენი სახელმძღვანელოები მინისტრ ლომაიას დააგლეჯინეს. ჯობია აიღოთ კურსი ნამდვილ ქართველ მწერლებზე, ხოლო ქართველ მწერლებს მოვუწოდებ, კალმებს ხელი არ გაუშვან და გააგრძელონ ნოველებისა და ზღაპრების წერა. გურამ პეტრიაშვილის მშვენიერი ნაწერები იაპონიაში გამოიცა, საქართველოში კი არც ერთ სახელმძღვანელოში არ არის შეტანილი, რატომ? იმიტომ, რომ უწიგნურები არიან ის მეთოდისტები, რომლებიც სახელმძღვანელოებს ადგენენ.

"ალბათ, ჩვენს მინისტრს მძიმე ბავშვობა ჰქონდა"

გია კორკოტაშვილი: - შეიძლება მძიმე ბავშვობა ჰქონდა და მაშინ კითხულობდა ჩვენი განათლების მინისტრი "კომბლეს", თორემ ბავშვობა ჩვენც გავიარეთ და არანაკლები განათლება - კომბლე ჩვენთვის გმირია. მან თუ ნებისმიერ ქართულ ზღაპარში -""ჭინჭრაქა" იქნება, "სიზმარა" თუ "ნაცარქექია", ვერ დაინახა სიბრძნე, ტელეღიპუცებს უყუროს, ვფიქრობ, მისთვის მომგებიანი იქნება. ვისაც არ უნდა ქართველობა, "ღამურა" წაიკითხოს და ცხოვრებაში გამოადგება!

"არ მოგწონს? - არ წაუკითხო!"

ნანიკო ხაზარაძე: - ჩემს შვილს როდესაც ზღაპრებს ვუკითხავდი, ზოგი გმირი მოძალადე მეჩვენებოდა, ზოგი ზედმეტად მომთხოვნი და ვკითხე ფსიქოლოგს, რამდენად მართებულია, რომ პატარა ასაკში ასეთი დრამატული ზღაპრები წავუკითხო, ხომ არ ჯობს, გადავაკეთო-მეთქი. რაზეც მიპასუხა, ზღაპარი არასოდეს არ უნდა შეცვალოო. ეს ზღაპრები და მათი გმირები ჩვენი ერის საგანძურია. ასევე ძვირფასია ქართული მულტფილმები. არ მოგწონს? - არ ნახო! არ წაუკითხო! ხელის ხლება არ შეიძლება!

ეკა სალაღაია