მაკულიტერატურა - განაახლე შენი თარო, შეინარჩუნე გარემო - კვირის პალიტრა

მაკულიტერატურა - განაახლე შენი თარო, შეინარჩუნე გარემო

"ეს პროექტი ბიბლიოთეკებს აძლევს შანსს, განაახლონ საცავები და მკითხველს ახალი, თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. ამ პროექტის საშუალებით, უპირველესად, ბიბლიოთეკა თავისუფლდება იმ ბალასტისაგან, რაც წლების განმავლობაში დაზიანებული და არაღირებული წიგნების სახით დააგროვა"

"პალიტრა L"-ის წარმატებული პროექტი "მაკულიტერატურა" საქართველოში მოქმედ ყველა საჯარო ბიბლიოთეკას უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს - გადაცვალოს ძველი, უსარგებლო და არაღირებული წიგნები ახალ, მსოფლიო კლასიკად ქცეულ თუ თანამედროვე ლიტერატურაში. ამ მართლაც მასშტაბური შეთავაზებით უკვე ისარგებლა რამდენიმე საჯარო ბიბლიოთეკამ და ე.წ. ჩამოწერილი წიგნების ნაცვლად "პალიტრა L"-ის გამოცემული სასურველი წიგნები მიიღო.

"კვირის პალიტრასთან" საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტი რუსუდან ასათიანი აღნიშნავს, რომ პროექტი "მაკულიტერატურა" საჯარო ბიბლიოთეკების გადახალისებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:

- დრო ვერ ახუნებს წიგნსა და ბიბლიოთეკას. იცვლება მხოლოდ მოთხოვნა და დამოკიდებულება მის მიმართ. ოცი წლის განმავლობაში საჯარო ბიბლიოთეკების ქსელმა გლობალური გამოწვევებისა და შიდა პრობლემების გამო თითქმის დაკარგა ინფორმაციის მიმწოდებლის როლი, თითქოს ვერ შეძლეს ცვლილებებისთვის ფეხის აწყობა. მუდმივად იდგნენ პრობლემების წინაშე - თანხის ნაკლებობა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, თანამედროვე გამოცემები, კვალიფიციური ადამიანური რესურსი, ვიზიტორები და ა.შ. მიუხედავად ამისა, ენთუზიასტებისა და ბიბლიოთეკის მოყვარულთა წყალობით, განვითარებას მაინც ვახერხებდით. ამ რთულ გზაზე კი მნიშვნელოვანი პროექტები განსაკუთრებით გვეხმარებოდა...

თუ ბიბლიოთეკებს მოძველებული, ჩამოსაწერი წიგნების ახალ წიგნებში გადაცვლის შესაძლებლობა ექნებათ, ეს მოგვცემს შანსს, უსარგებლო წიგნები თანამედროვე ლიტერატურით ჩავანაცვლოთ და ბიბლიოთეკა გავამდიდროთ.

ეს მართლაც სახალხო პროექტია. ახალგაზრდებსაც იზიდავს განახლებული ბიბლიოთეკა. ბიბლიოთეკების პრობლემა განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში. ვფიქრობ, ასეთ პროექტებში ბიბლიოთეკები მაქსიმალურად უნდა ჩაერთონ.

ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თინა ლომჯარიას აზრითაც, პროექტი უნიკალურია:

- "მაკულიტერატურა" აძლევს შანსს ბიბლიოთეკებს, თავიანთი საცავები განაახლონ და მკითხველსაც ახალი, თანამედროვე ლიტერატურა შესთავაზონ. უპირველესად, ბიბლიოთეკა თავისუფლდება იმ ბალასტისაგან, რაც წლების განმავლობაში დაზიანებული და არაღირებული წიგნების სახით დააგროვა. არაერთი ასეთი ბიბლიოთეკაა საქართველოში, რომელსაც ჩამოწერილი წიგნების მოშორება სჭირდება. ფონდებს, სადაც დაზიანებული ან უსარგებლო წიგნები ინახება, ფართობი აღარ ჰყოფნით - იდეოლოგიურად მოძველებული ლიტერატურა, რომელიც დღეს არავის აინტერესებს, ჩამოწერის შემდეგ სწორედ ფონდებში იგზავნება. "პალიტრამედიის" ეს წამოწყება ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია - ფონდების განახლება სწორედ იმას გულისხმობს, რომ შინაარსობრივად მოძველებული და დაზიანებული ლიტერატურა ახალი ლიტერატურით შეიცვალოს.

ჩვენ ყველა წიგნის თითო ეგზემპლარს მაინც ვინახავთ, თუმცა მასობრივად მოძველებული წიგნების ბიბლიოთეკაში განთავსება მიზანშეწონილი არ არის და არც მკითხველს სჭირდება. ამ მხრივ პროცედურებია გათვალისწინებული: ჩამოწერილი წიგნები ბუღალტერიამ უნდა აღრიცხოს, აქტები შედგეს, კომისიამ დეტალები განიხილოს და ბალანსიც შეიქმნას. რამდენიმე საჯარო ბიბლიოთეკამ ეს პროცედურა უკვე გაიარა და კმაყოფილებიც არიან საკუთარი გადაწყვეტილებითა და განახლებული საცავებით. რაც მთავარია, ეს პროექტი მნიშვნელოვანია მკითხველისთვისაც - ლიტერატურის მოყვარულებს ხელი უნდა მიუწვდებოდეთ როგორც კლასიკად ქცეულ ლიტერატურაზე, ასევე - თანამედროვე წიგნებზე.

პროექტის ფარგლებში გორისა და ზუგდიდის ბიბლიოთეკებმა უკვე 40 ტონაზე მეტი დაზიანებული წიგნი ჩააბარეს "მაკულიტერატურას" და ბიბლიოთეკის თაროებიც ახალი წიგნებით შეავსეს.

რუსუდან შელია