"ვეძებ ბაბუას" - სანქტპეტერბურგელი კაცი მთელ სამეგრელოში კარდაკარ დადის და ქართველი ბაბუის კვალს დაეძებს - კვირის პალიტრა

"ვეძებ ბაბუას" - სანქტპეტერბურგელი კაცი მთელ სამეგრელოში კარდაკარ დადის და ქართველი ბაბუის კვალს დაეძებს

"ჩემმა ჯარის მეგობარმა თემურმა ინტერნეტში მომძებნა და მომწერა, - შენ ის არკადი არ ხარ, ჩემთან რომ იყო ჯარშიო?"

2 წელიწადია, რაც სამეგრელოს სოფლებში სიმპათიური უცხოელი ბაბუას დაეძებს - დედის მამას, ვლადიმერ ჯალაღონიას. მისი დანახვა ძალიან ახარებთ და ერთმანეთს გადასძახებენ ხოლმე - ის კაცი ჩამოსულა, ბაბუას რომ დაეძებსო. ალბათ ჰგონიათ, სტუმარმა ქართული არ იცის. არკადი ჩეპმა კი ქართული სიტყვები ჯერ კიდევ 41 წლის წინ ისწავლა, თუმცა, მაშინ ძალიან ახალგაზრდას არც მოგზაურობის შესაძლებლობა ჰქონდა და არც დრო. დღეს კი ყოფილ პოლიციის ოფიცერს, როცა სანქტ-პეტერბურგში თითქმის ყველაფერი აქვს, დაკარგული ფესვების პოვნა უნდა - თავისთვის, თავის ძმის და თავისი ვაჟების გამო. არკადი ჩეპი ქართველმა მეგობარმა თემურ ცხვედიანმა რედაქციაში მოიყვანა, - მთელი საქართველო გკითხულობთ და ეგებ ეს ამბავი ვინმეს ეცნოსო.

თემურ ცხვედიანი: - 41 წლის წინ საბჭოთა არმიაში გამიწვიეს. ლენინგრადთან ახლოს მოვხვდი. ჩვენს სამხედრო ნაწილში ლენინგრადელი ბიჭებიც იყვნენ, მე და არკადი ერთმანეთს მაშინვე დავუახლოვდით. ერთხელ ფეხბურთის თამაშის შემდეგ არკადიმ გვთხოვა, - რომელიმე ქართული სიტყვა მასწავლეთო. ერთმა ჩვენგანმა იკვიმატა - აბა, "ბაყაყი წყალში ყიყინებს" თქვიო. ამ ფრაზას რუსები სასაცილოდ გამოთქვამენ ხოლმე, არკადიმ კი ენაგაუტეხლად წარმოთქვა. ავუშარდით - მაგ სიტყვების წარმოთქმაში ალბათ ნავარჯიშევი იყავი, ან ვინმე ქართველი გყავს ოჯახშიო. იფიცებოდა, არც ქართველი ახლობელი მყავს და ეს სიტყვებიც პირველად მოვისმინეო.

არკადი ჩეპი: - მართლა ასე იყო. მეც კი გაოცებული დავრჩი. მერე დედას მივწერე, - ჯარში ქართველი ბიჭები ქართულს მასწავლიან. ლაპარაკი რომ კარგად გამომივიდა, გაუკვირდათ-მეთქი. მიპასუხა, - იმიტომ გამოგივიდა, რომ ქართველი ბაბუა გყავდა, მამაჩემი ქართველი იყოო. ასე გავიგე ქართველი ბაბუის ამბავი და იმასაც მივხვდი, რატომ მინდოდა ქართველებთან დაახლოება, განსაკუთრებით - თემურთან. თემური მღეროდა, ხელში სულ გიტარა ეჭირა და თითქოს ეს გიტარაც მეძახდა, - იმღერეო. ასე ვისწავლე გიტარაზე სიმღერაც. სხვათა შორის, ჩემი ვაჟიც მღერის და კარგადაც.

- დედამ რატომ არ გითხრათ ბაბუის შესახებ?

- არც ერთ ბლოკადაგადატანილ ლენინგრადელს არ უყვარს იმ დღეების გახსენება - საშინელ ტკივილს აყენებს. დედაჩემისთვის მამის დაკარგვაც ამ ტკივილთან იყო დაკავშირებული. ჯარი რომ მოვილიე, დედამ ყველაფერი მიამბო. თითქოს თავიდან ზღაპარივით ყოფილა... ლენინგრადში ერთ ლამაზ გოგოს შეუყვარდა ლამაზი ქართველი ბიჭი, ვლადიმერ ჯალაღონია (ალბათ ეს იყო 1934-35 წლები). დაქორწინდნენ და 2 ლამაზი გოგონაც შეეძინათ - დედაჩემი ვლადილენა და ლილია. ვლადილენა ბაბუას დედაჩემისთვის ვლადიმერ ლენინის პატივსაცემად დაურქმევია, რადგან მის იდეებს სულითა და გულით იზიარებდა. ბებიაჩემიც ქმრის გვარზე გადასულა და ნატალია ჯალაღონია გამხდარა. დედას ახსოვს, რომ ერთხელ მათთან ლენინგრადში მამამისის ძმაც ყოფილა სტუმრად - შავგვრემანი, მამაჩემისაგან განსხვავებით, მზესავით თმა ჰქონდაო...

უკანასკნელად დედამ ბაბუაჩემი მაშინ ნახა, როცა ის ომში გაიწვიეს. ამ დროს საქართველოში ყოფილა და იქიდან გაუწვევიათ. მაგრამ ცოლ-შვილთან ჩასვლა და გამომშვიდობება მოუხერხებია. დედას ახსოვდა, სამხედრო ფარაჯაში გამოწყობილ მამას როგორ აუყვანია ხელში და გულში ჩაუკრავს...

მას მერე ბაბუაჩემი გაქრა. ლენინგრადი კი ბლოკადაში მოექცა. ამ ჯოჯოხეთმა შეიწირა დედაჩემის უმცროსი და ლილია - ის შიმშილით მოკვდა... ბებიაჩემმა 6 წლის დედაჩემს ხელი დაავლო და ალყაშემორტყმული ლენინგრადიდან როგორღაც გააღწია ქალაქ უფაში, სადაც ბებიაჩემმა, ნატალია ჯალაღონიამ, გვარი გამოიცვალა. გვარი გამოეცვალა დედაჩემსაც...

- რატომ?

- არ ვიცი. დედამაც არ იცოდა, რატომ... ბებიაჩემი უფაშივე გარდაიცვალა, როცა დედა 11 წლის იყო (ავადმყოფობით). უკვე დედითაც დაობლებული დედაჩემი გასაზრდელად კვლავ ლენინგრადში დააბრუნეს ნათესავებმა...

სავარაუდოდ, ბაბუა ომში მოკლეს, მაგრამ ცოცხალიც რომ დარჩენილიყო და ცოლ-შვილი მოეკითხა, როგორ უნდა ეპოვა - დედაჩემი და ბებიაჩემი ისე გაიქცნენ ქალაქიდან, მათი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა. ყველა ფოტო და დოკუმენტი კი ლენინგრადის დაბომბვისას სახლთან ერთად დაიფერფლა. მეზობლებიც ან დაიხოცნენ, ან გაიფანტნენ.

ახლა, როცა ბაბუას ნაკვალევის ძებნა დავიწყე, მაინც იმ იმედს ვებღაუჭები - იქნებ გადარჩა, ცოლი კვლავ შეირთო და საქართველოში ნათესავებიც მყავდეს-მეთქი.

დედაჩემი ფიქრობდა, რომ ბაბუაჩემი ლენინგრადში სწავლობდა და სწორედ ამ დროს გაიცნო ბებიაჩემი. თუმცა ისიც შესაძლოა, რომ რახან ბაბუა ლენინის იდეოლოგიას ემხრობოდა, ის პარტიული მუშაკიც ყოფილიყო და საქართველოს ბოლშევიკურ მთავრობას პარტიულ სამუშაოზე გამოეშვა ლენინგრადში. ამიტომ ვლადიმერ ჯალაღონია თბილისის არქივშიც მოვიკითხე. სამწუხაროდ, ეს დოკუმენტაცია თბილისის ომისას დამწვარა...

მოკლედ, რაც ჩემი წარმომავლობა გავიგე, თავს ჰაერში გამოკიდებულივით ვგრძნობდი, აქამდე ბევრი რამ მიშლიდა ხელს საქართველოში ჩამოსაღწევად. ჩემს ასაკში კი უფრო მეტად ვფიქრობ ცხოვრებაზე, - ვინ ვარ, საიდან მოვდივართ, ნათესავების პოვნა ჩემს ძმასაც უნდა... სულ ერთი ბიძგი მეყო, რომ საქართველოში წამოვსულიყავი, - ჩემმა ჯარის მეგობარმა თემურმა ინტერნეტში 2014 წელს მომძებნა და მომწერა, - შენ ის არკადი არ ხარ, ჩემთან რომ იყავი ჯარშიო? უკვე მეორეჯერ ჩამოვედი და მთელ სამეგრელოში დავეძებ იმ ქვეყნად წასული ვლადიმერ ჯალაღონიების შთამომავლებს. ამისთვის ომის დროს საძმო საფლავებზე დაკრძალული ვლადიმერ ჯალაღონიებიც კი გამოვიკვლიე. მოკლედ, ვიპოვი რომელიმე ვლადიმერ ჯალაღონიას ოჯახს, მივადგები ჭიშკართან, შევაღებ კარს იმ იმედით, იქნებ იქ ჩემი სისხლი და ხორცი ცხოვრობს, მაგრამ ამაოდ...

მთელი მსოფლიო მაქვს შემოვლილი, სად აღარ მივლია, ჩემს სანქტ-პეტერბურგზეც მითქვამს, ყველაზე სტუმართმოყვარე ქალაქია-მეთქი, მაგრამ საქართველოსთან ვერავინ მოვა. სადაც კი ფეხს შევდგამ, მთელი სოფელი ბაბუაჩემის ძებნაში ერთვება; ნათესავიდან ნათესავებში დამატარებენ. რომელ ღობესაც უნდა მივადგე, შინ მეპატიჟებიან, ისეთ სუფრას შლიან, რომ უხერხულობისაგან აღარ ვიცი, რა ვქნა; ამ ბოლო ჩამოსვლაზე ზუგდიდში სულ გამაოგნეს, - ბაბუის საძებნელად რომ ჩამოხვალ აწი, ჩვენთან იცხოვრე, ჩვენ გაპოვნინებთ ბაბუაშენსო. იმედი მაქვს - მაპოვნინებენ. როგორ დავიჯერო, ჯალაღონიების იმ შტოდან არავინ იყოს ცოცხალი, ვისაც ბაბუაჩემი და მისი ამბავი ეხსომება? საქართველოში წინაპრების ამბები ასე ადვილად ხომ არ იკარგება, - როცა სამეგრელოს სოფლებში კარდაკარ დავდივარ, ამას ვგრძნობ. და კიდევ ერთი: ახლა გამომგზავრებისას ცოლმა მითხრა, - შენ უკვე ბაბუაშენის მოსაძებნად კი არა, საქართველოში მიდიხარო. იქნებ ასეც არის, მაგრამ ნათესავების პოვნა ჩემი ოცნებაა და ყველას გთხოვთ, ამ ოცნების ახდენაში დამეხმარეთ,

- ბაბუაჩემის ნაკვალევი მაპოვნინეთ - გვითხრა გამომშვიდობებისას არკადი ჩეპიმ. აუცილებლად დაგეხმარებით-მეთქი, - დავპირდი და ჯარის მეგობართან ერთად გულაჩუყებულმა გავაცილე.

მჯერა, რომ ვაპოვნინებთ, - გენი გენს ყოველთვის პოულობს, სხვანაირად არც ამჯერად იქნება.

ეთერ ერაძე