"ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ საშინელ ფიქრებს ისევ ხატვა მაშორებს"
21-11-2016
"ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ საშინელ ფიქრებს ისევ ხატვა მაშორებს"
"ნესტი და ბაღლინჯოა სახლში, რამდენჯერმე გადავყარე თეთრეული. ამის გამო მაქვს საწოლზე ფიცარი და მუყაო. ცოტა ხნის წინ ექიმებმა ტროფიკული წყლული დამიდგინეს. უსახსრობის გამო ვერ ვიმკურნალე..."

"ბანერებს ვხატავდი, თავიდან ფილარმონიისთვის ვქმნიდი აფიშებს, შემდეგ სპორტის სასახლისთვის, "დინამოს" სტადიონისა და თოჯინების თეატრისთვისაც. ხმის ჩამწერ სტუდია "მელოდიაში" ფირფიტების გარეკანს ვაფორმებდი. ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი ფირფიტა ჩემი გაფორმებულია..."


ავლაბარში, სამების ტაძრისკენ მიმავალ აღმართზე, ერთ პატარა თბილისურ ეზოში, პირველ სართულზე, პოლიეთილენის პარკებაკრული სარკმლიდან სუსტი სინათლე მოჩანს. ფანჯრის
მიღმა, 6 კვადრატულმეტრიანი ოთახის ოკრობოკრო კედლებზე რამდენიმე ნახატი კიდია. კუთხეში, რკინის საწოლზე, ფიცარზე მუყაოა დაფენილი, მაგიდა ფანქრებით, საღებავებით, საფერფლითა და უფილტრო სიგარეტის კოლოფებით არის სავსე... თამბაქოს კვამლში თმაშევერცხლილი შუახნის მამაკაცის სილუეტი ილანდება. აქ მხატვარ არჩილ ჯაფარიძეს საკუთარი სამყარო აქვს შექმნილი, ხატავს და დრო წარსულის მოგონებებში
გაჰყავს...

წლების წინ სახლიც დაკარგა, სამსახურიც და ოჯახიც, ახლა ამ ნაქირავებ ნესტიან ოთახშია... ექიმებმა ტროფიკული წყლულის დიაგნოზი დაუსვეს. დაავადება გაურთულდა, მტკივნეული ჭრილობებიდან სითხე სდის. მკურნალობას კი დიდი თანხები სჭირდება...

- მესამე კლასიდან ვხატავ - ეს ნიჭი დედისგან გამომყვა. სკოლის დამთავრების შემდეგ თოიძეში ჩავაბარე და მუშაობაც დავიწყე - ფინანსთა სამინისტროში განცხადებებსა და ლოზუნგებს ვწერდი, ბანერებს ვხატავდი, თავიდან ფილარმონიისთვის ვქმნიდი აფიშებს, შემდეგ სპორტის სასახლისთვის, "დინამოს" სტადიონისა და თოჯინების თეატრისთვისაც. "დინამოზე" 75 ათასი სკამი ეტევა და ყველას სათითაოდ ვაწერდი ნომერს. სწავლისა და მუშაობის პარალელურად სალონებში ნახატებს ვყიდდი - ყოველ მეორე-მესამე დღეს 10-15 ნამუშევარი მიმქონდა. ხმის ჩამწერ სტუდია "მელოდიაში" ფირფიტების გარეკანს ვაფორმებდი. ჰამლეტ გონაშვილის ცნობილი ფირფიტა ჩემი გაფორმებულია. 12 წელი ვიმუშავე ფილარმონიაში. 30-მეტრიან პლაკატს კვირაში რამდენჯერმე ვხატავდი. მაშინ დორიან კიტია გახლდათ ფილარმონიის დირექტორი. ერთ დღეს ცეკაში უკითხავთ, თქვენს მხატვარს ხელფასი რამდენი აქვსო. ასოცი მანეთიო, რომ უთქვამს, გადარეულან - პრემია გამოუწერეთო.

ფილარმონიიდან წამოსვლის შემდეგ გადავწყვიტე, რეზინის სათამაშოების ქარხანა გამეხსნა. ყველა დანადგარი საკუთარი ხელით ავაწყვე, მოსკოვის თოჯინების ქარხანაში გავიარე პრაქტიკა. მოვიპოვე დაფინანსება, ვიყიდე დიღომში ადგილი, გავმართე ქარხანა. მოსკოვიდან ჩამოვიტანე ხუთი ტონა ნედლეული, მაგრამ ქვეყანა აირია. ბანკში პროცენტის გადახდა ვეღარ შევძელი და ქარხანა დამიყადაღეს. მერე გაძარცვეს, დანადგარები განადგურდა. მხოლოდ რეზინის გაყიდვა მოვახერხე. ის ფულიც მალე გამომელია. ერთ დღესაც ქუჩაში აღმოვჩნდი. ნათესავიც არავინ აღმომაჩნდა ისეთი, რომელიც გვერდით დამიდგებოდა. ძმა მყავს, თუმცა მასთან ურთიერთობა არ მაქვს... ქუჩაში დარჩენილი, პარკში ვათევდი ღამეს. როცა აცივდა, ჯვარის მამის მონასტერში მივედი. მალევე გამომიშვეს. ამასობაში პენსიაც დამენიშნა და 70 ლარად ეს ბინა ვიქირავე. ნესტი და ბაღლინჯოა სახლში, რამდენჯერმე გადავყარე თეთრეული. ამის გამო მაქვს საწოლზე ფიცარი და მუყაო. ცოტა ხნის წინ ექიმებმა ტროფიკული წყლული დამიდგინეს. უსახსრობის გამო ვერ ვიმკურნალე. რაღაც მალამოს ვისვამ, იქნებ მიშველოს... ჩემი შემოსავლის წყარო პენსიაა, რომლის ნაწილიც წინასწარ მაქვს გამოტანილი და ნახევარი მიკავდება. ჩემი საკვები ნახატების გაყიდვაზეა დამოკიდებული. ვერსად გამაქვს, სიარული მიჭირს, თუ ვინმე დამიკვეთს, მაშინ ვხატავ.
ბევრ რამეს ვნანობ. ამ 45 წლის განმავლობაში ტკივილი უფრო ბევრი იყო, ვიდრე - სიხარული. ახლობლების დაკარგვა, გაუმართლებელი სიყვარული, რომელი ერთი ჩამოვთვალო..."

"დღესაც ის მიყვარს..."


თანაკლასელი გოგონა მიყვარდა, რამდენიმე წლის მერე გავიგე, რომ დედამისი ჩემი მოგვარე იყო და იქ დავამთავრე ყველაფერი. ორჯერ შევქმენი ოჯახი უსიყვარულოდ და ორჯერვე დავშორდით... სკოლის დამთავრებიდან 25 წლისთავზე ბანკეტი გადავიხადეთ. ჩემი ნამდვილი სიყვარულიც იქ იყო. ვეღარ დავფარე და სადღეგრძელოში ვაღიარე, რომ დღემდე ის მიყვარს. ყველა გაკვირვებული მიყურებდა...
დღეს მხოლოდ მეგობრებს ვახსოვვარ. მათაც თავიანთი ოჯახები ჰყავთ და ათასი პრობლემა აქვთ, ყოველთვის ჩემთან ხომ ვერ იქნებიან?
ბევრჯერ მიფიქრია თავის მოკვლაზე, მაგრამ საშინელ ფიქრებს ისევ ხატვა მაშორებს, ძალას მმატებს, რომ ცხოვრება გავაგრძელო...

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ "პალიტრანიუსზე"

ia tuxishvili
02 დეკემბერი 2016 08:38
nu ganvikitxavt gtxovt. aravin vicit ra gvelis momavslshi..
ზაირა
30 ნოემბერი 2016 19:12
ძალიან გთხოვთ მისამართი მიუთითეთ,შეკვეთებს მივცემ და დავახატინებ რამოდენიმე სურათს,ასე მირჩევია,ეს იქნება მისთვის დახმარებაც და გახალისებაც,რადგან თავისი მუშაობის შედეგად აღებულ თანხას უფრო გემრიელად მოიხმარს.
luxo
30 ნოემბერი 2016 09:28
მხოლოდ ერთი წამისთვის, მხოლოდ ერთი დღისათვის, მხოლოდ ერთი ღამისთვის, უფალს მადლობა შევწიროთ, თუნდაც მხოლოდ ამისთვის, არჩილ ძმაო ღმერთს ეხვეწოთ: ძელა მოგვცეს ხვალისთვის.

რედაქტორის რჩევით