"მიხარია, რომ "მადაგასკარის პინგვინები" ქართველი ბავშვების საყვარელი მულტფილმია"
21-11-2016
"მიხარია, რომ "მადაგასკარის პინგვინები" ქართველი ბავშვების საყვარელი მულტფილმია"
ექსკლუზიური ინტერვიუ "მადაგასკარის პინგვინების" ანიმაციის შემქმნელთან, ცნობილ ილუსტრატორ პასკალ კამპიონთან

პასკალ კამპიონი: "სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში"

"ჩემი აზრით, ილუსტრაციების დანიშნულებაა, ადამიანში გააღვიძოს ოცნება და იმედი"


Dream Works Animation, Paramount Pictures, Disney Feature, Disney Toons, Cartoon Network, Hulu, PBS -ის ანიმაციის შემ­ქმნელი და ილუსტრატორი - პასკალ კამპიონ­ი "კვირის პალიტრას" ესაუბრა. ფრანგ-ამერიკელი მხატვარი უკვე 15 წელია­ ანიმაციის ინდუსტრიაშია, პასკალს ეკუთვნის ბავშვებისა და მათი მშობლებისთვის საყ­ვარელი "მადაგასკარის პინგვინების" ვიზუალიზაცია, მარველის კომიქსების მხატვრული გაფორმება და
ა.შ. ანიმაც­იაზე მუშაობის პარალელურად,­ 2005 წლიდან აქვს საკუთარი პროექტი Sketches of the Day, რომლის ფარგლებშიც­ 3 000 პერსონალური ნამუშევარი შექმნა, პროექტს სოციალურ ქსელში 400 000-მდე გამომწერი ჰყავს. ამჟამად პასკალ კამპიონი Netflix-სა და Warner Bros-ის ერთობლივი პროექტის Green Eggs and Ham-ის სამხატვრო დირექტორია.­ პასკალ კამპიონი ანიმაციაზე,
სიყვარულზე, ბავშვობასა და "მადაგასკარის პინგვინებზე" ექსკლუზიურად ლოს-ანჯელესიდან გვესა­უბრება:

- ხატვა პატარა ასაკში დაიწყეთ. დღეს ილუსტრაციებს ქმნით ცნობილი კომპანიე­ბისათვის. ბავშვობის ოცნება აგიხდათ?

- არ მივეკუთვნებოდი იმ ბავშვების რიცხვს, მუდმივად რომ ხატავენ... მეტსაც გეტყვით, სასკოლო დავალებებს ხატვაში­ ცუდად ვასრულებდი. კითხვა 6-7 წლის ასაკში ვისწავლე და კომიქსების კითხვაც მაშინ დავიწყე. ჩემს ძმას ვთხოვდი კომიქსებს­ და ის უფლებას მაძლევდა, ყდაზე წიგნის გმირები დამეხატა. ამის შემდეგ­ შემიჩნდა ხატვის"ჭია და უფრო სერიოზულად მივუდექი საქმეს, თუმცა კარგად მაინც არ გამომდიოდა. ასე გაგრძელდა სკოლის დამთავრებამდე. დაახლოებით ათი წლის ასაკში ოცნებად მექცა, დამეხატა მარველის კომიქსებისთვის და რამდენიმე წლის წინ ოცნება ამიხდა. კოლეჯში ჩაბარებამდე არ მქონდა გააზრებული, რომ ანიმატორობას ავირჩევდი პროფესიად,­ ასე იყო მანამ,­ სანამ The Iron Giant-ს არ ვუყურე, მან მთლიანად შეცვალა ჩემი შეხედულება ანიმაციის ხელოვნებაზე.

- რომელი წიგნი ან გმირი გიყვარდათ­ ბავშვობაში?

- ჟიულ ვერნის "80 დღე დედამიწის გარშემო", საყვარელი გმირი კი ფილეას ფოგია, რადგან მან ყოველთვის იცის, რა უნდა და არ ეპუება დაბრკოლებებს. დღემდე მიყვარს ეს წიგნი და მისი მთავარი გმირიც.

ბოლო რამდენიმე წელია, ანიმაციაზე­ არ მიმუშავია, რადგან ახლა ძირითადად, დიზაინზე ვმუშაობ, მაგრამ როცა ანიმაციას ვქმნიდი, იდეას უფრო მეტ დროს ვანდომებდი - მე არ ვადე­ვნებ თვალს სხვადასხვა­ ანიმაციის შემქმნელებს, რადგან ჩემი მუშაობის სტილი და ხედვა განსხვავებულია. სხვა საკითხია, ილუსტრაციის დიზაინი.­ ჩემზე გავლენას გრაფიკული ნოველები ახდენენ. ტინტინი, ასტერიქსი, ლეიტენანტი ბლუბერი... ყველა გმირი შემიძლია გადავიყვანო გრაფიკულიდან ილუსტრაციებში.
მახსოვს, სკოლის ასაკში აკირა (იაპონური ანიმაციური ფილმი) რომ აღმოვაჩინე, შოკში ვიყავი იმ კინეტიკური­ ენერგიით, რომელიც ხელოვნებიდან მოდიოდა.­ ბოლო დროს ალექს ტოთის (ამერიკელი მულტიპლიკატორი და ანიმაციის მხატვარი) ნამუშევრებმა დამაინტერესა. მის შესახებ მსმენოდა, მაგრამ არ ვიცნობდი ნამუშევრებს. ერთხელ მისი წიგნი მათხოვეს და მას შემდეგ შემიყვარდა შავის და თეთრის სინთეზი, ხატვისა და გადმოცემის სტილი.

- თვალს ვადევნებ თქვენს პროექტს Sketches of the Day. ჩემი აზრით, სკეტჩების მთავარი­ თემები ურთიერთობებია. გჯერათ, რომ სიყვა­რულია ის გრძნობა, რომელსაც მსოფლიოს შეცვლა შეუძლია?

- არ ვიცი, სიყვარულს შეუძლია თუ არა მსოფლიოს შეცვლა, ეს რთული შეკითხვაა, მაგრამ ვიცი, რომ მიყვარს ეს გრძნობა და ამიტომაც ვხატავ... სიყვარულს დრამატული მხარეც აქვს, მაგრამ ეს გრძნობა ყოვლისმომცველია და ყოველდღიურობას ავსებს. სკეტჩებზე მუშაობის დაწყებისას ჩემი მიზანი ადამიანების გაღიმება იყო, მათ დღეში თუნდაც ერთხელ უნდა გაეღიმათ და არ ეხარხარათ, ნახატს რომ დახედავდნენ. იდეა აქედან განვითარდა. დაახლოებით ორი წლის წინ მომინდა, დავკვირვებოდი განსხვავებულ სიტუაციებსა და გრძნობებს­ (ამის ინიციატორი იყო ჩემი მეუღლეც, რომელსაც დიდი გავლენა აქვს ჩემს ნამუშევრ­ებზე). მას შემდეგ, რაც ქალიშვილი შემეძინა, ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, მამობრივი გრძნობა უდევს საფუძვლად. ჩემი ტყუპი­ ბიჭი რომ გაჩნდა, ეს მოვლენა ახალ გამოწვევად მივიღე და უფრო სუპერგმირებზე გავხდი ორიენტირებული. ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენა დიდ გავლენას ახდენს ჩემს შემოქმედებაზე. ჩემი აზრით, ილუსტრაციების დანიშნულებაა, ადამიანში გააღვიძოს ოცნება და იმედი.

- "მადაგასკარის პინგვინები" ქართველი ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი მულტფილმია.­ იქნებ გაიხსენოთ მისი შექმნის პროცესი...

- მართლა? საინტერესოა. მიხარია, რომ ეს ქართველი ბავშვების საყვარელი მულტფილმია. პროცესი მარტივი იყო. შინ ვმუშაობდი, მაშინ Dream Work-ის პავილიონიდან 20 წუთის სავალზე ვცხოვრობდი. პროდაქშენის დიზაინერი მირეკავდა ხოლმე ან მეილს მწერდა, რომ შეხვედრაზე მივსულიყავი, მიხსნიდა, რაზე უნდა მემუშავა. შემდეგ სახლში­ ვაკეთებდი ჩანახატებს. მე ანიმაციური ფილმის ვიზუალურ მხარეზე ვმუშაობდი, ბევრი სასაცილო რაღაცების გაკეთება მომიხდა, რომ ბავშვების მოწონება დაემსახურებინა ფილმს. შევქმენი მულტფილმში არსებული ქუჩების დიზაინი, ასევე პოლარული პატრულის ვიზუალი, როგორი იქნებოდნენ პინგვინები სხვადასხვა რაკურსით და ა.შ. ეს ძალიან სახალისო იყო.

- წლების მანძილზე ანიმაციური ფილმების გმირები შეიცვალნენ, მულტფილმები, რომლებიც ადრე იყო პოპულარული, ჩვენი შვილების ინტერესს აღარ იწვევს. ახალი გმირები გაჩნდნენ.

- ეს ჩვეულებრივი ამბავია... ვიცი ბევრი­ ადამიანი, რომლებიც ამბობენ, რომ ძველი გაცილებით სჯობს ახალს, მაგრამ არ ვეთანხმები. წარსული დროის ანიმაციას რომ გადავავლოთ თვალი, მივხვდებით, რამდენად შეიცვალა და დაიხვეწა მულტფილმი ბოლო ათწლეულების მანძილზე. სამყაროც იცვლება, შესაბამისად, ადამიანები თითქოს ძირეულად არ იცვლებიან, მაგრამ პრობლემები, სოციალური მდგომარეობა და საერთოდ, გარე სამყარო იმდენად განსხვავებულია, რომ ეს შემოქმედებით მოთხოვნილებებზე აისახება. დღევანდელი პერსონაჟები ზუსტი ანარეკლია დღევანდელობის და არა წარსულის, თუმცა ძველი მულტფილმებიდან რამდენიმე დღესაც ძალიან მიყვარს. იქ სხვა დროა ასახული, მაგრამ სწორედ ეს არის მიმზიდველი და მისტიკური, ძველი ანიმაციის ზღაპრულობა მიზიდავს.

- იმედია, ახლო მომავალში საქართველოში ჩამობრძანდებით, ეს თქვენი ქართველი თაყვანისმცემლებისთვის სიურპრიზი იქნება.

- სიამოვნებით ჩამოვალ საქართველოში. დიდი მადლობა.

იხილეთ ინგლისურენოვანი ვერსია


ნინო წიფურია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით