"ოჯახის მკურნალმა" სულზე მოგვისწრო..."
21-11-2016
"ოჯახის მკურნალმა" სულზე მოგვისწრო..."
"ქველმოქმედება მარტივია!" - ამ ლოზუნგით ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად კლინიკა "ლაიფმედს" ესტუმრა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა

სოლიდარობა ყველაზე დიდი ნიჭია, რაც კი კაცობრიობას შემორჩა. შეუძლებელია, მხარდაჭერის სურვილი არ გაგიჩნდეს, როდესაც ხედავ, რომ შენ გვერდით, თუნდაც სრულიად უცხო ბავშვები სხვადასხვა დაავადებას ებრძვიან. შეუძლებელია, ამ მოსიყვარულე ბავშვებისა და მათი მშობლების გაცნობის შემდეგ მათი ტკივილის შემსუბუქება არ სცადოთ. დიახ, ქველმოქმედება იოლია, ამის შესაძლებლობას კი
ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" გაძლევთ - ოქტომბრის ნომრის გაყიდვის შედეგად შემოსული თანხის ნაწილი - 4.000 ლარი - უკვე გადაირიცხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება. მომავალში ფონდში ოქტომბრისა და ნოემბრის ნომრების რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის სრულად გადარიცხვა იგეგმება.

"ქველმოქმედება მარტივია!"
- ამ ლოზუნგით
"ოჯახის მკურნალი" ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად 17 ნოემბერს პარტნიორებთან ერთად ესტუმრა კლინიკა "ლაიფმედს" და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის" ბენეფიციარ ბავშვებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცა. ალბათ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო მათთვის გულშემატკივართა ყურადღება.

კახა ჯანაშვილი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის დამფუძნებელი: - მადლობას ვუხდი "ოჯახის მკურნალს", რადგან მათმა დახმარებამ, როგორც ამბობენ, სულზე მოგვისწრო. ჩვენი ფონდის ანგარიშზე თანხა უკვე იწურებოდა, როდესაც შევიტყვეთ, რომ ჟურნალი დიდი თანხის გადმორიცხვას გეგმავდა. ასეთი აქციები მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის, ვისაც საზოგადოების ყურადღება ახარებს და, რაც მთავარია, სიცოცხლეს უხანგრძლივებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ამ დაავადებებს­ ერთად ვებრძოლოთ და დავამარცხოთ.
ნათია ზაქრაძე, გამომცემლობა "პალიტრა L"-ის წარმომადგენელი: - "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო აქციაში გამომცემლობა "პალიტრა L"-იც ჩაერთო. ქველმოქმედება მართლაც მარტივია, სულაც არ არის საჭირო სოლიდური თანხების გადარიცხვა. მთავარია, ყველანი ერთ დიდ ჯგუფად ვიქცეთ და ბავშვების დახმარება მოვინდომოთ. დიმიტრი ცინცაძის ფონდის ბენეფიციარებს სიმბოლური საჩუქრები გადავეცით, მათ შორის - წიგნებიც. მოვუწოდებ ყველას, ჩაერთონ აქციებში.

ნათია ზუბიაშვილი, ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი:
- "ოჯახის მკურნალი" რამდენიმე თვეა, რაც ამ აქციის ინიციატო­რია. ვცდილო­ბდით, ბიზნესსექტორისა თუ საზოგადო­ებისთვის შეგვეხსენებინა, რომ ქველმოქმედება მართლაც იოლია. 17 ნოემბერს კლინიკა "ლაიფმედში" დიმიტრი ცინცაძის ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს­ ვესტუმრეთ და საჩუქრები გადავეცით. ფონდს ჩვენი ჟურნალის რეალიზაციის შედეგად შემოსული თანხის ნაწილი - 4.000 ლარიც - ჩავურიცხეთ. ამით ყველაფერი არ მთავრდება. აქცია მომავალშიც შემოკრებს საზოგადოებას იმ ბავშვების ირგვლივ, ვისაც გადასარჩენად ჩვენი დახმარება სჭირდება.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით