"უცხოელი მძღოლები სექსმომსახურებაში არასრულწლოვან გოგო-ბიჭებს დიდ თანხას უხდიან" - კვირის პალიტრა

"უცხოელი მძღოლები სექსმომსახურებაში არასრულწლოვან გოგო-ბიჭებს დიდ თანხას უხდიან"

"ქუჩის ბავშვები ძირითადად, პროსტიტუციაში არიან ჩაბმული. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ბიჭებზეც დიდი მოთხოვნაა"

იმ ბავშვებზე მინდა გესაუბროთ, რომელთა სახლიც ქუჩაა, ამ ცხოვრებაზე გულგატეხილი, მარტოსულები არიან. ყველას თავისი სიმართლე აქვს, რომელმაც დეფორმირებულად აღაქმევინა სამყარო. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)" 2010 წლიდან შეუდგა მათი რეაბილიტაციის საკითხების შესწავლას. "კვირის პალიტრას" ცენტრის დირექტორი ნინო თოდუა ესაუბრა:

- ქუჩაში არასრულწლოვნები 3 ძირითადი მიზეზით ხვდებიან: იქ ნახავთ ბავშვებს, რომლებსაც არა ჰყავთ მშობლები და 24 საათს ქუჩაში ატარებენ; ბავშვებს, რომლებიც მათხოვრობენ და შინ ბრუნდებიან და ბავშვებს, რომელთაც ჰყავთ ოჯახები, თანაც არცთუ გაჭირვებული, მაგრამ დღე-ღამის უმეტეს ნაწილს ქუჩაში, ღამის კლუბებსა თუ ინტერნეტკაფეებში ატარებენ თავიანთი შეხედულების მქონე რეალურ თუ ვირტუალურ ადამიანებთან.

ბოლო 2 წელია ვმუშაობთ იმ საკითხებზე, თუ რა სახის სირთულეებს აწყდებიან ბავშვები ქუჩაში. ჩვენი კვლევით, ძირითადად, პროსტიტუციაში არიან ჩაბმული. უფრო სამწუხარო კი ის არის, რომ ბიჭებზეც დიდი მოთხოვნაა. გარყვნილების თავშესაყარია სასტუმრო "რედისონთან" მიწისქვეშა გადასასვლელი და ისანი-სამგორის რაიონში დიდი ტრაილერების სადგომი - უცხოელი მძღოლები არასრულწლოვან გოგო-ბიჭებს სექსმომსახურებაში დიდ თანხას უხდიან. "რედისონის" ახლოს არის არაერთი ჩინური ბარიც, სადაც სექსმუშაკებად არასრულწლოვანი გოგო-ბიჭები ჰყავთ.

- თუ აცნობეთ სამართალდამცავებს?

- გავაკეთეთ რადიოგადაცემა, სადაც დეტალურად ვისაუბრეთ. კიდევ აუცილებელი იყო წერილობითი მიმართვა?!

ამ მიდამოებში ხშირად შეგხვდებათ ნასვამი, ტოქსიკური ნივთიერებებით ან სხვადასხვა მედიკამენტური კოქტეილით გაბრუებული ბავშვები. ვიცი, რომ არაერთ რიტუალსაც ასრულებენ, მაგალითად, ფიქრობენ, რომ საზოგადოებას მათი არ ესმის და თვითგვემით გამოხატავენ პროტესტს - სხეულს ისერავენ ბასრი საგნებით და ა.შ.

- არსებობს ამ ბავშვების სტატისტიკა?

- ბოლო კვლევა 2008 წელს ჩატარდა თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. მაშინ დაახლოებით 1500 ბავშვი დაფიქსირდა. თუმცა მას შემდეგ 8 წელი გავიდა და სტატისტიკა გასაახლებელია.

2015 წელს ჩვენმა ორგანიზაციამ ჩაატარა მოკვლევა თბილისის მასშტაბით. გაირკვა, რომ აზერბაიჯანელი ბავშვები უფრო მეტია ქუჩაში, მეორე ადგილს ბოშები იკავებენ, მესამეს - ქართველები.

- რატომ ლიდერობენ აზერბაიჯანელები?

- დაახლოებით 2 წლის წინ აზერბაიჯანში საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მათხოვრობა აიკრძალა. ამას ის მოჰყვა, რომ ჩვენმა მეზობლებმა გადმოკვეთეს საზღვარი, დახიეს ან გადამალეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და აქ მათხოვრობენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს ბავშვები ყოველდღიურად დაახლოებით 80 ლარს აგროვებენ.

თავშესაფარში მოხვედრილ ბავშვს 18 წლამდე აქვს სხვადასხვა სერვისით სარგებლობის უფლება. შემდეგ კი არანაირი სერვისი აღარ არსებობს და ამ რეაბილიტირებულ ბავშვს ისევ ქუჩაში უშვებენ.

ნინო ბუაძე, "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის" (CSDC) ფსიქოლოგი: - გარდატეხის ასაკისთვის დამახასიათებელია, რომ ბავშვი ყველაფერს აპროტესტებს. ქუჩაში მხოლოდ სოციალურად დაუცველი ფენა არ ხვდება, ქუჩაში ცხოვრებას სხვადასხვა მოტივი შეიძლება ჰქონდეს, მაგალითად, ცნობისმოყვარეობა, ბავშვს სურს თვითდამკვიდრება, ამის შესაძლებლობა კი ქუჩაში ეძლევათ. "მომაქციეთ ყურადღება! მე განსხვავებული ვარ!". მეორე ფაქტორია სოციალურად დაუცველი ფენა, სიღარიბე, ძალადობა, როდესაც მეურვე, მშობელი ან ლიდერი აიძულებს მათხოვრობას... კრიზისულ ცენტრში ბავშვს უთქვამს ჩემთვის: გეხვეწებით, ჩემი მშობელი რომ მოვა, არ უთხრათ, რომ კარგად ვსწავლობ. არ უნდა, რომ ვისწავლო... მისთვის მთავარია, ფულის თვლა ვიცოდე, რომ კარგი ვაჭარი გამოვიდეო.

- ჰყავთ თუ არა ამ ბავშვებს ლიდერები, დამცველები, "პატრონები"?

- ნებისმიერ სისტემას სჭირდება მართვა. ვიღაც უფრო გამოცდილია, ხშირად ასაკითაც უფროსი და ის ხდება დომინანტი, მის ზეგავლენაში ექცევიან.

- რა გამოსავალს ხედავთ?

- თითოეულ ბავშვში არის ბევრი პოზიტიური მარცვალი. მათ ისტორიებს რომ მოისმენთ, მიხვდებით, რომ ყველას თავისი მიზეზი აქვს. მათ დახმარება სჭირდებათ, რათა შეიცვალონ დამოკიდებულება სამყაროსადმი და არ ფიქრობდნენ, რომ ცხოვრება ომია და თუ არ დაჩაგრე და იძალადე, აქეთ დაგჩაგრავენ და იძალადებენ შენზე.

ეკა სალაღაია