მიზანმიმართული ბოროტება! - კვირის პალიტრა

მიზანმიმართული ბოროტება!

გოგა ჩანადირი: "მემორიალს რომ მივუახლოვდი, ელდა მეცა, - რუსთაველს სახე აღარ ჰქონდა"

2004 წელს, იერუსალიმში, შოთას ფრესკას სახე გადაუფხიკეს, ახლა კი მემორიალი გაანადგურეს!

KvirisPalitra.Geსიმწარე და ავბედობა არ გვაკლია ქართველებს. ომგამოვლილ, ნახევრად ოკუპირებულ ქვეყანაში თითქოს უარესი რაღა უნდა მოხდეს, მაგრამ გასაჭირი არა და არ გველევა.  ცოტა ხნის წინ ისრაელიდან შემაშფოთებელი ინფორმაცია მივიღეთ, - ამჯერად შოთა რუსთაველის ახალდადგმული მემორიალი შეურაცხყვეს.

როცა საქმე წმინდა მიწაზე არსებულ სიძველესა და სიწმინდეების შეურაცხყოფას ეხება, უგულებელყოფილია ყოველგვარი ცივილიზებული, გნებავთ, რელიგიური პრინციპები. ხშირად ინტერესთა კონფლიქტი ისეთი მასშტაბურია, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო პირები ერთმანეთის ცემა-ტყეპასაც არ ერიდებიან.

ჯვრის მონასტერი მეტად მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობაა და მისთვის ბრძოლა გამუდმებით გვიხდებოდა. იყო დრო, როცა ჯვრის მონასტერი მეჩეთად იყო გადაქცეული. მართალია, ახლა მართლმადიდებელი ბერძნები განაგებენ, მაგრამ არც მათ ხელშია დაცული.

ვიღაც დაბეჯითებით ცდილობს როგორმე გააქროს ყოველივე ქართულის კვალი წმინდა მიწიდან. მას შემდეგ, რაც 2004 წელს ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყვეს - მისი სახე მოშალეს, საქმე საერთაშორისო სკანდალამდე მივიდა. როგორც ჩანს, ამ სკანდალის დეტალები, თუ ვინ ჩაიდინა ეს გაუგონარი დანაშაული, მავანთათვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ეს ამბავი ტაბუდადებულია.

ვიდრე ოფიციალური თბილისი მკაცრად იცავს დიპლომატიურ ნორმებს და დამნაშავეების მითითებას არ ჩქარობს, "ვიღაც" გამალებით მუშაობს და ყოველივე ქართულის ამოშანთვას ცდილობს.

KvirisPalitra.Geრამდენიმე დღის წინ იერუსალიმიდან ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი დაბრუნდა და გულისშემძვრელი ამბავი ჩამოგვიტანა - იერუსალიმში შოთა რუსთაველის მემორიალი გაანადგურეს(!). სწორედ ისე მოექცნენ, როგორც 2004 წელს შოთას ფრესკას - სახე დაუჩეჩქვესო.  მაშინ ბერძნები გვიმტკიცებდნენ, ფრესკა ალბათ ვინმე ბოროტმა ტურისტმა დაამახინჯაო, მაგრამ ახლა იგივე ვერსია საეჭვო ჩანს, ნაკლებსავარაუდოა მემორიალი შემთხვევით პირს დაეზიანებინა.

გოგა ჩანადირი: - ისრაელში აღდგომას, ტურისტულ ჯგუფთან ერთად წავედი. წმინდა ცეცხლის გადმოსვლის შემდეგ ქართველ მომლოცველებთან ერთად ჯვრის მონასტრის დათვალიერება გადავწყვიტე. მონასტერთან მისვლამდე ერთ-ერთ პატარა მონაკვეთს შოთა რუსთაველის სახელი აქვს მინიჭებული, აქვე,  80-100 მეტრში დგას რუსთაველის მემორიალი.

როგორც ვიცი, ის მას შემდეგ დადგეს, რაც ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკა წაშალეს. მემორიალს რომ მივუახლოვდი, ელდა მეცა, - რუსთაველს სახე აღარ ჰქონდა. ვიღაცას საგულდაგულოდ ამოუმტვრევია სახე. კარგა ხანს დამუნჯებული და გაოგნებული ვიდექი, უძლურებისა და ბრაზის ცრემლი მახრჩობდა. ეს დანაშაულია არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოსა და ღმერთის წინაშე.

KvirisPalitra.Geმეშინია, შემდეგ ჩასვლაზე კიდევ უარესი "სიურპრიზი" არ შემოგვთავაზონ. მას შემდეგ, რაც შოთა რუსთაველის ფრესკა შეურაცხყვეს და ამას ქართველების მძაფრი რეაქცია მოჰყვა, არ მეგონა, თუ ამგვარი ვანდალიზმი განმეორდებოდა. სად არის გარანტია, რომ არ წაშლიან იმ ქართულ წარწერებსაც, რომლებიც ჯვრის მონასტერში ჯერ კიდევ არის შემორჩენილი?

მკითხველს შევახსენებთ, რომ მემორიალი იერუსალიმში ბადრი პატარკაციშვილის სახსრებითა და მისი ძალისხმევით დაიდგა.

მზია პატარკაციშვილი, ბადრი პატარკაციშვილის და: "15-20 დღის წინ მეც ვიყავი იერუსალიმში, ყვავილები მივიტანეთ მემორიალთან. ყველაფერი წესრიგში იყო. რა მითხარით! ძალიან მეტკინა გული".

ამ ვანდალიზმის ამბავი კულტურის სამინისტრომაც ჩვენგან შეიტყო.

დათო ცხადაძე, კულტურის მინისტრის მოადგილე: - შოთა რუსთაველის ფრესკა აღდგენილი გვეგონა ბერძნების მიერ. იმ პერიოდში იერუსალიმში ვიზიტი პრეზიდენტ სააკაშვილს ჰქონდა დაგეგმილი, ჯვრის მონასტერიც უნდა მოენახულებინა. ვიზიტის წინა ღამეს ფრესკას ერთ-ერთი ბერძენი რესტავრატორის მიერ დახატული სურათი მიაკრეს.

მოგვიანებით ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტმა მისი აღდგენა რესტავრატორ ხაიმ კაპშიცის მიანდო. მან თავისი სახე დაუბრუნა ფრესკას, - რესტავრაცია გაუკეთა ზუსტად წაშლილი გამოსახულების მიხედვით, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რესტავრაციის კვალი არ წაუშლია. მას პირადად შევხვდი და ველაპარაკე. მითხრა, ჩემთვის დიდი პატივი იყო ჯვრის მონასტერში მუშაობა, მით უმეტეს, შოთა რუსთაველის ფრესკაზეო.

KvirisPalitra.Geიქნებ ოდესმე შესაძლებელი გახდეს ის ჩემზე უკეთ ვინმემ აღადგინოსო. სხვათა შორის,  მეორე დღეს საავადმყოფოში დაწვა, მძიმედ იყო ავად. მითხრა,  ჩემი ცხოვრება შოთა რუსთაველით დაიწყო, მოსკოველი ბებია "ვეფხისტყაოსანს" ძილის წინ ზღაპარივით მიკითხავდა, და ეტყობა, შოთა რუსთაველით მთავრდებაო...

შოთა რუსთაველის ფრესკა კონტროლზე აიყვანა იერუსალიმის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტმა.

მემორიალის შეურაცხყოფა არის დანაშაული არა მარტო ქართველების, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს წინაშე, თანაც სწორედაც მაშინ, როცა რომში შოთა რუსთაველის ძეგლი იხსნებოდა.

- იერუსალიმის ჯვრის მონასტერი ახლა ბერძნების ხელშია...

- ეს როგორც ქართველების, ასევე ბერძნებისთვის გამიზნულ პროვოკაციას ჰგავს და სწორედ იმას ისახავს მიზნად, ქართველებსა და ბერძნებს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთპატივისცემისა და მეგობრობის ტრადიცია დაინგრეს და წავეკიდოთ ერთმანეთს.

KvirisPalitra.Geვინ განაგებს მონასტერს? - ბერძნები! თუ რამე გაფუჭდება, მარტივი ლოგიკით ბერძნებს უნდა დაჰბრალდეს, არა? ურთიერთობაც უნდა გაფუჭდეს ქართველებსა და ბერძნებს შორის. ახლა საკითხავი ის არის, ვის აძლევს ხელს ეს?

შოთას მემორიალი არ იყო ქართული სიძველე და ვინც ეს ჩაიდინა, ხაზი გაუსვა სწორედ თავის დამოკიდებულებას ყოველივე ქართულის მიმართ. ის, რომ ბოროტი ტურისტები მაინცდამაინც ჯერ შოთა რუსთაველის ფრესკას, შემდეგ კი მემორიალს ებდღვნენ, რა თქმა უნდა, არ არის სარწმუნო ვერსია.

ეს საგანგებოდ გაკეთდა, მაგრამ ვისი ნახელავია, ნამდვილად გამოძიების საგანია. ეს ამბავი თქვენგან შევიტყვეთ თუ არა, ინფორმაცია მივაწოდეთ ისრაელის სიძველეთა დაცვის დეპარტამენტს, საქართველოს საელჩოს ისრაელში. სამინისტრო სპეციალურ წერილსაც ამზადებს. მეტსაც გეტყვით, ცოტა ხნის წინ შემატყობინეს, რომ დამცავი მინა, რომელიც შოთა რუსთაველის ფრესკას ჰქონდა მიფარებული, ჯერ ჩაუმტვრევიათ, მერე კი სულ გაუქრიათ..."

ქართული ფრესკების ჩამოჭრა, ჩვენი წარწერების განადგურება და შავი საღებავებით გადაღებვა ახალი ამბავი არ არის. პირველად ფრესკები ჯვრის მონასტერში (რაც დღეისათვის ქართველი მეცნიერებისთვის არის ცნობილი) 1909-1910 წლებში ერთ-ერთმა კოლექციონერმა ჩამოაჭრევინა, 1970-1971 წლებში და მოგვიანებითაც ფრესკების ჩამოჭრა გაგრძელდა. მონასტრის 4 ფრესკა ამჯერად საქართველოშია, ზოგიერთი კი - ამერიკის სამ მუზეუმში.

KvirisPalitra.Geთუ ადრე ფრესკების ჩამოჭრა ფინანსურ ინტერესებს უკავშირდებოდა, ახლა აშკარა გახდა, რომ ინტერესი ქართული ფრესკებისადმი და წარწერებისადმი დანაშაულებრივ ხასიათს იღებს. ვინ დგას ამ ბოროტების უკან, საიდუმლოებით არის მოცული, მაგრამ ეჭვი, ბუნებრივია, არსებობს.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს:

მეუფე გერასიმე: "მეტად სამწუხარო ამბავი შემატყობინეთ. ვის შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? ბუნებრივია, მას, ვისაც საქართველოს წინსვლა გულში ეკლად ესობა. შემთხვევითობა აქ გამორიცხულია. ეს არის მიზანმიმართული ბოროტება".

პ.ს. სტატია დასაბეჭდად მზად იყო, როცა შეგვატყობინეს, რომ ამ ვანდალიზმით მეტად შეწუხებულა ბერძნული მხარეც. ჩვენი ინფორმაციით, იერუსალიმის ბერძნული საპატრიარქო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად ერთობლივი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

P.P.S. ძნელია ამ ფაქტმა სულით ხორცამდე არ შეგძრას. ნეტავ, რით დავიმსახურეთ ასეთი აგრესია? ფაქტია, ის "ვიღაც", რომლის სახელი ჯერაც უცნობია ჩვენთვის, ძალზე ძლიერია და მეტად მიზანდასახულიც. მან  კარგად იცის, რომ რუსთაველი და "ვეფხისტყაოსანი" ქართული ცნობიერების საყრდენია, არც შოთა რუსთაველია ჩვენთვის მხოლოდ პოეტი და არც "ვეფხისტყაოსანი" მხოლოდ გენიალური ნაწარმოები.

ეტყობა, მავანს სწორედ ჩვენი ცნობიერების შეურაცხყოფა და განადგურება განუზრახავს, ქართველთა სიძულვილით ისე დაბრმავებულა, რომ წმინდა მიწაზე ღვთის გმობასაც არ ერიდება!

KvirisPalitra.Geჯვრის მონასტერი

ქართული რელიგიური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი პალესტინაში (დღევანდელი ისრაელი), იერუსალიმის ჯვრის მონასტერი XI ს-ის 30-50-იან წლებში დააარსა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ გიორგი-პროხორე შავშელმა. გადმოცემით, მონასტრის ადგილას მოჭრილი ხისგან გაკეთებულ ჯვარზე გააკრეს ქრისტე.

1071 წელს თურქ-სელჩუკებმა იერუსალიმის აღებისას მონასტერი დაარბიეს და ნაწილობრივ დაანგრიეს, ხოლო XII ს-ის დამდეგს მეფე დავით IV აღმაშენებლის თანადგომით აღადგინეს, განაახლეს და მოხატეს. ეგვიპტის სულთნის სალადინის (სალაჰ ალ-დინი) მიერ იერუსალიმის დაპყრობის (1187 წ.) შემდეგ, მონასტერი კვლავ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. თამარ მეფემ (1184-1213) არაერთხელ გაუწია დახმარება სავანეს, ხოლო 1192 წელს საგანგებო ელჩობა მიავლინა მისი უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

1272 წელს მონასტერი ჩამოერთვათ ქართველებს და მეჩეთად გადაკეთდა. 1305 წელს კი მეფე დავით VIII-ს მცდელობით იგი ქართველებს დაუბრუნდა. 1400 წელს ჯვრის მონასტერი კვლავ დაარბიეს. XV ს-ში მონასტერს მატერიალური დახმარება გაუწიეს ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილმა და მზეჭაბუკ ათაბაგმა.

მას შემდეგ, რაც პალესტინა ოსმალებმა დაიკავეს, მონასტერს ნაწილობრივ შეეკვეცა უფლებები. XVII ს-ის დასასრულს ჯვრის მონასტერი, სხვა ქართულ სავანეებთან ერთად, იერუსალიმის საპატრიარქოს დაექვემდებარა. 1855 წელს აქ ბერძნული სასულიერო სემინარია გაიხსნა. ბერძნული სამღვდელოება ჩქმალავდა ჯვრის მონასტრის ქართულ კულტურასთან კავშირსა და ქართველთა მოღვაწეობის ფაქტებს, ამიტომ ფრესკები თავის დროზე საგანგებოდ შეათეთრეს.

გადმოცემით, ჯვრის მონასტერში მოღვაწეობდა დიდი ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი. ერთი ვერსიით, ის ამ სავანეში აღიკვეცა ბერად. ამ მოსაზრებას ამაგრებს ჯვრის მონასტრის ერთ-ერთ კედელზე შოთა რუსთაველის ფრესკა. ღვთისკენ სასოებით ხელაპყრობილ პოეტს საერო სამოსი აცვია. ასომთავრული წარწერა კი გვამცნობს: "ამის დამხატავსა შოთას შეუნდვნეს ღმერთმა. ამინ. რუსთველი".