"დონალდ ტრამპსაც ვუმღერე და ჰილარი კლინტონსაც" - კვირის პალიტრა

"დონალდ ტრამპსაც ვუმღერე და ჰილარი კლინტონსაც"

დონალდ ტრამპს ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და საჯაროდ მითხრა, ამერიკაში თუ ჩამოხვალ, ცნობილი ვარსკვლავი გახდებიო. გამოთქვა სურვილი, ფოტო გადაგვეღო, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, პოლიტიკისგან შორს ვარ, გამიკვირდა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტი გახდა

2011 წელს დონიცეტის ოპერაში "სიყვარულის ნექტარი" ცნობილ საოპერო მომღერალს, მსოფლიო პრიმადონად აღიარებულ ანა ნეტრებკოს უნდა შეესრულებინა პარტია. ვინაიდან იმავე პერიოდში ლა სკალას სეზონის გახსნაში მონაწილეობდა, მისი შეცვლა პეტერბურგის მარიას თეატრის ქართველ მომღერალს, თეონა დვალს მიანდვეს... მის წარმატებულ გამოსვლას კიდევ ბევრი მსოფლიო წარმატება მოჰყვა... "კვირის პალიტრას" თეონა დვალი ესაუბრა:

- 2012 წელს კახეთში ვიმყოფებოდი, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, ბათუმში დონალდ ტრამპი ჩამოდის და მის პატივსაცემად გამართულ კონცერტზე უნდა იმღეროო... შეხვედრა ვიწრო წრეში შედგა - მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რამდენიმე სამთავრობო პირი და ხელოვანები ესწრებოდნენ... ტრამპი საქმიანი ვიზიტით იყო ჩამოსული, ბევრი შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი და განტვირთვის საუკეთესო საშუალება იყო მისთვის ის მინიკონცერტი, რომელიც მოეწყო. ძალიან მოეწონა ჩემი ნამღერი და საჯაროდ მითხრა, ამერიკაში თუ ჩამოხვალ, ცნობილი ვარსკვლავი გახდებიო. თვითონ გამოთქვა სურვილი, ფოტო გადაგვეღო, რასაც სიამოვნებით დავთანხმდი. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისგან შორს ვარ, გამიკვირდა, რომ ის ამერიკის პრეზიდენტი გახდა. წარმატებას ვუსურვებ მთელი გულით!

- როგორც ვიცი, ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტის დროსაც იმღერეთ...

- დიახ, იტალიაში ვიყავი და ბათუმში კონცერტისთვის საგანგებოდ ჩამოვედი... თუმცა პირისპირ არ შევხვედრივარ. კონცერტის შემდეგ დარბაზიდან სასწრაფოდ გაიყვანეს.

- არჩევნებზე რომელ მათგანს გულშემატკივრობდით?

- როგორც მოგახსენეთ, პოლიტიკისგან შორს ვარ. ამერიკის არჩევნებს მხოლოდ შორიდან ვადევნებდი თვალყურს.

- თქვენზეც გვიამბეთ...

- ამჯერად იტალიაში ვარ. სამწუხაროდ, ცოტა ხნის წინ ჩემი აგენტი გარდაიცვალა, ამიტომაც მეც პატარა პაუზა მქონდა. ამჯერად დიდ სააგენტოებთან მაქვს მოლაპარაკება... თუმცა ისე მოხდა, რომ ამ მცირე შესვენებისას ჩემი პირადი ცხოვრება აეწყო... წინ საინტერესო გეგმებია - მარიას თეატრში სპექტაკლები, საქართველოში სოლო კონცერტი... მომავალ წელს მიწვევა მაქვს იაპონიასა და სხვა ქვეყნებში...

- როგორც კრიტიკოსები ამბობენ, დღეს საოპერო სცენაზე დიდი ყურადღება ექცევა გარეგნობას, თქვენ ამ მხრივაც ზუსტად შეესაბამებით თანამედროვეობას...

- დიდი მადლობა ყველას, ვინც ასე თვლის! არანაირი პლასტიკური ოპერაცია არ გამიკეთებია. 48-50 კილოგრამს შორის ვმერყეობ და სიამოვნებით მოვიმატებდი ერთ-ორ კილოგრამს... აქტიურად ვვარჯიშობ, დავეუფლე იოგას, რაც ძალიან მეხმარება. რაც შეეხება ჯანსაღ კვებას, ნამდვილად არ მივდევ და არანაირი შეზღუდვები არა მაქვს. თუმცა არ გეახლებით სპაგეტის, პასტას, პიცას, რადგან არ მიყვარს... იტალიელები გაკვირვებული მეკითხებიან, აბა, რით იკვებებიო...

- თქვით, რომ პირადი ცხოვრება აიწყვეთ...

- დიახ, არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს გვერდით. ჯერჯერობით, მხოლოდ იმას გაგიმხელთ, რომ ქართველი არ არის.

მანანა გაბრიჭიძე