ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ ამბებს გაგაცნობთ - კვირის პალიტრა

ოთხტომეული საქართველოს პატრიარქზე დღემდე უცნობ ამბებს გაგაცნობთ

19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად მკითხველს შეეძლება ოთხტომეულის 1-ლი წიგნის შეძენა.

გამომცემლობა "პალიტრა L" უნიკალური წიგნის გამოსაცემად ემზადება. "ილია II - სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"- ამ სახელწოდების ოთხტომეული, რომელიც საქართველოს პატრიარქის ცხოვრების გზას გაგაცნობთ, 19 დეკემბრიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. დეტალებზე "პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი მაია ალუდაური საუბრობს:

- ოთხტომეული ასახავს პატრიარქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზას, რომელიც გადმოცემულია დოკუმენტებისა და რეალური პირადი თუ საქმიანი მიმოწერის სახით. ვგულისხმობ როგორც საოჯახო წერილებს, ისე მისი დიდი მოღვაწეობის ამსახველ გზავნილებს. კრებულში მოცულობითი ინფორმაციაა არა მხოლოდ პატრიარქის ცხოვრების, არამედ საქართველოს უახლოესი ისტორიის შესახებ. საოცარი სიყვარულითაა გადმოცემული, როგორ სცემენ პატივს მშობლები შვილის ცხოვრებისეულ არჩევანს, მკითხველი ნახავს, როგორი იყო ჩვენი პატრიარქის სიყმაწვილის წლები, სწავლის პერიოდი სემინარიაში და როგორ ემზადებოდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. მკითხველი პირველივე ფურცლებიდან იგრძნობს, რამდენად დიდი ტვირთი ზიდა ამ ადამიანმა თითქმის ოთხი ათეული წლის განმავლობაში, როდესაც ის ქართული ეკლესიის სათავეში იდგა.

- პატრიარქის მსგავსი წერილები პირველად საჯაროვდება?

- ეს არის საქართველოს საპატრიარქოში დაცული არქივი. შესაძლოა, ამ არქივიდან გარკვეული წერილები გამოქვეყნდა, თუმცა მსოფლიოს მასშტაბით არა მხოლოდ სასულიერო პირებთან, არამედ სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერებისთვის გაგზავნილი წერილები ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, მათ შორის, რუსეთის აგრესიაზე, ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა და აქამდე უცნობი იყო. მაგალითად, პატრიარქმა ჯერ კიდევ 1986 წელს დაიწყო მიმოწერა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნებასთან დაკავშირებით. ამ საკითხზე იერუსალიმის პოლიტიკურ თუ რელიგიურ ლიდერებსა და პატრიარქს შორის წერილების გაგზავნა 4-5 წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

- საინტერესოა, თავად პატრიარქი თუ გაეცნო წიგნს და როგორია მისი დამოკიდებულება მისი ცხოვრების ამსახველი ოთხტომეულის მიმართ?

- წიგნზე საქართველოს საპატრიარქოს არქივი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა, იდეის ავტორი კი საპატრიარქოს არქივის ხელმძღვანელი მზია კაცაძეა, რომელიც თავადვე იყო ჩართული წიგნის შექმნაშიც. ქალბატონი მზია ჰყვება, რომ როდესაც პატრიარქს წიგნის შექმნის შესახებ ამცნო, უწმინდესმა უპასუხა: - შეეცადეთ, და არქივიც გაიხსნა. "პალიტრა L"-ს მართლაც უნიკალური შესაძლებლობა აქვს, წიგნი პატრიარქზე, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში იქმნებოდა, მკითხველთა ფართო მასებამდე მიიტანოს.

შვილო ილიკო, გლოცავ, იდღეგრძელე ჩემს იმედად!

გილოცავ ახალ წელს და მომავალ შობას; ვევედრები დედა ღვთისას მრავალს დასწრებოდე სულის და ხორცის ჯანმრთელობით და წარმატებით. დედ-მამა და ძვირფასი ნათესავები გიცოცხლოს.

კვირას და შობას ხალხს მიულოცე ჩემს მაგივრად ისე, როგორც შენ გილოცავ - ამბიონიდან გადაეცი - სახარების ან როდესაც შეამჩნიო ხალხის მოსვლის დროს. კრებულს გლოცავთ ყველას, იდღეგრძელეთ, ცხონდით!

ილიკო, ვინიცობაა ბინისათვის, ფეჩისათვის, შეშისათვის მიშას დასჭირდეს გროშები - გთხოვ, თუ შენ გაქვს, ასესხო და თუ არა გაქვს - შენი სახელით ივდითის ესესხე და მე, ალბათ, უნდა ამოვიდე 10-14 დღეში და აქედან წამოგიღებ... თუ ისესხო, ქალბატონ ივდითის ბარათი მიეცი. თუ ასესხო, მე მაცნობე. ვინიცობაა მე დამაგვიანდეს ამოსვლა, თვითონ მიშა უნდა ჩამოვიდეს ოჯახის წასაყვანად და მას გამოვატან. ასე, ჩემო ილიკო, კვლავაც გლოცავ და გისურვებ კეთილად გაატარო შენი ჯიელობა, ხანში შესულობაში უხვად დაგაჯილდოოს მოწყალე ღმერთმა და ჩემთვისაც ერთი ჩალა სანთელი არ დაგვიწყებოდეს ასანთებად: "რასაც დასთესავ, იმას მოიმკიო!"

შენი კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემი

29 დეკემბერი, 1961 წელი, თბილისი

რუსუდან შელია