"ამ გადაცემის ამოცანა ისიც იყო, რომ ადამიანს უპერსპექტივობის განცდა გასჩენოდა" - კვირის პალიტრა

"ამ გადაცემის ამოცანა ისიც იყო, რომ ადამიანს უპერსპექტივობის განცდა გასჩენოდა"

"თუ პრეზიდენტი  ნაკლებად გაგვახსენდება, სწორედ ეს იქნება სიმპტომი, რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ"

"როგორ შეიძლება ქართული ენა საქართველოში დისკრედიტებული იყოს?"

რუსეთის პრეზიდენტის განცხადება, ყირგიზეთის სცენარი შეიძლება ნებისმიერ ქვეყანაში განმეორდესო," ბევრმა საქართველოს ხელისუფლებისათვის გზავნილად მიიჩნია. გაჩნდა მოსაზრება, რომ მედვედევი საქართველოს უკრაინასა და ყირგიზეთში განვითარებულ მოვლენებს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობს.

რა არჩევანის წინაშე დგას ქართველი საზოგადოება, რა გზას უნდა დავადგეთ და რა არის შექმნილ ვითარებაში ჩვენთვის პრიორიტეტული, ამ საკითხებზე ფსიქოლოგი ზურაბ მხეიძე გვესაუბრება:

- რაც ჩვენი ქვეყნის გარშემო ხდება, კრიზისის შედეგია, გარე საკითხებზე კი აქცენტი იმიტომ გადააქვთ, რომ ყურადღება არ გამახვილდეს ქვეყნის შიდა პრობლემებზე.

როდესაც ყირგიზეთისა და უკრაინის სცენარებზე გველაპარაკებიან, ხელოვნურად გვიზღუდავენ არჩევანს, რომ ჩიხში მომწყვდეულად ვიგრძნოთ თავი. თითქოს სხვა არჩევანი არ არსებობს, არადა არჩევანი, შესაძლოა, ოთხიც იყოს და მეტიც. რადგან ხალხი ასე უკმაყოფილოა, ხომ შეიძლება ხელისუფლება გადადგეს და დანიშნოს ვადამდე საპარლამენტო არჩევნები, ან სხვა გამოსავალი მოძებნოს და არჩევნები ობიექტურად ჩაატაროს ქვეყანაში.

რამდენიმე წლის წინ ერთმა ამერიკელმა ქართველ ჟურნალისტს უთხრა, პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებები უნდა ჩაინიშნოთ და მას უნდა ენდოთ, ვინც დაპირებებს შეასრულებსო. ასეთ პოლიტიკოსს უნდა ენდოთ და არა იმას, ვინც "კარგი ტიპია" ან სასურველი სასიძო. ქართველებს დემონსტრაციულობა გვახასიათებს, თავს იმაზე უკეთესად ვაჩვენებთ, ვიდრე სინამდვილეში ვართ.

გვახასიათებს ინფანტილურობა და ისტერიულობაც - სწორედ ეს თვისებები გვიშლის ხელს. საქართველოში არჩევანს კომპეტენტურობისა და პროფესიონალობის ნიშნით არასოდეს აკეთებენ. რატომღაც აუცილებლად მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი უნდა გვიყვარდეს, არადა, თუ პრეზიდენტი  ნაკლებად გაგვახსენდება, სწორედ ეს იქნება სიმპტომი, რომ კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

საზოგადოებამ მოვლენების კრიტიკულად შეფასება უნდა ისწავლოს. კარგად უნდა გავიაზროთ, რას გვეუბნებიან პოლიტიკოსები, რომლებიც ხშირად დემაგოგობენ. ამ მხრივ მეტი გაწაფულობა ხელისუფლებას ეტყობა. ერთნაირი სტილი აქვთ, ყველა ერთნაირად ლაპარაკობს.

ერთხელ, როდესაც ხელისუფლების წევრებისაგან რომელიღაც საკითხზე რამდენიმე ერთი და იგივე კომენტარი მოვისმინე, დავინტერესდი და გავარკვიე, რომ თურმე ტექსტები ურიგდებათ. აბა, გაბედოს ვინმემ და სხვანაირად თქვას.

რეალურად ჩვენი პრობლემა არც ხელისუფლების და არც ოპოზიციის ბრალია, პრობლემის თავიდათავი საზოგადოებაშია საძებნი. რომელ საზოგადოებას გაუბედავდნენ იმას, რასაც ხელისუფლება ან ოპოზიცია ჩვენსას უბედავს? რომელ ნორმალურ ქვეყანაშია, ხელისუფალი საზოგადოებას ატყუებდეს და თანამდებობაზე რჩებოდეს.

ამ საზოგადოებამ გადაყლაპა რობაქიძის ამბავი, ჟვანიას მკვლელობა და ისიც, რომ მის გარდაცვალებაზე ეფ-ბი-აის დასკვნა უკუღმა წაგვიკითხეს. როდესაც ამ ტყუილს მივხვდით, ეს თარჯიმანს დააბრალეს. ყველაფერი ეს საზოგადოებამ გადაყლაპა და რა შუაშია ოპოზიცია? ეს ჩვენი საზოგადოების ინფანტილურობის შედეგია, რომლის მიზეზიც აღზრდაა.

გადამეტებული მზრუნველობა ბავშვს ართმევს პასუხისმგებლობის განცდას და შემდეგ თავისი ქცევისა და ყველა შედეგის სხვაზე გადაბრალებას ცდილობს. ადამიანს, ძირითადად, აღიარება და ზრუნვა სჭირდება. ჩვენთან ზრუნვას იღებენ, მაგრამ აღიარებას - არა.

ამიტომ მოზრდილობაში ცდილობენ კომპენსირებას და ეს ხდება ატრიბუტიკის მეშვეობით. აღიარება ჰგონიათ თანამდებობები, პრესტიჟული ნივთები და ა.შ. ატრიბუტიკას კი კავშირი არა აქვს პიროვნულ აღიარებასთან. იმიტომ, რომ სანამ ატრიბუტები გაქვს, მანამდე "გაფასებენ". ამიტომაც ვერ ელევიან თანამდებობებსა და ნივთებს.

საზოგადოება მომთხოვნი რომ იყოს, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც აიძულებდა,  ანგარიში მეტად გაეწიათ მისთვის.

- საზოგადოება რატომღაც ექსპერიმენტის ობიექტად იქცა. გავრცელებული ინფორმაციით, მოდელირებული "ქრონიკის" შემდეგ ქვეყნიდან გასვლის მსურველთა რაოდენობა ძალზე გაიზარდა.

- იქნებ ამ გადაცემის ამოცანა ისიც იყო, რომ ადამიანს უპერსპექტივობის განცდა გასჩენოდა და ამით უფრო პასიური გამხდარიყო. ხალხი რომ ხედავს, პერსპექტივა არა აქვს, ქვეყნიდან მიდის. თუმც არა მგონია, ამის გამო ვინმე წუხდეს ხელისუფლებაში. მხოლოდ თავად თუ დარჩებიან, ხომ უკეთ გადაწყვეტენ უმუშევრობის პრობლემას.

- "კვირის პალიტრაში" თურქეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის წერილი დაიბეჭდა, რომელიც გაოცებას ვერ მალავდა, ქართველი ქალები საშოვარზე არიან უცხოეთში, კაცები კი ან შინ რჩებიან, ან სხვა ქვეყანაში მუშაობენო. ასე დაფანტული ოჯახი ხომ, ფაქტობრივად, არ არსებობს?

- როდესაც ოჯახში ძირითადი შემომტანი ქალი ხდება, ეს მიმანიშნებელია, რომ ქვეყანაში ძალიან ცუდი მდგომარეობაა. თუ გადახედავთ მსოფლიო ისტორიას, აღმოაჩენთ, რომ ქალი ომის ან ძალიან დიდი კატაკლიზმების შემდეგ აქტიურდება. ქართველს ძალიან უჭირს თავისი სოციუმისგან მოწყვეტა. თუ ქართველმა გადაწყვიტა, რომ სხვაგან სამუდამოდ წავიდეს, ეს ძალიან ცუდი ვითარების მაჩვენებელია.

2008 წელს ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ მოსახლეობის 36%-ს საზღვარგარეთ წასვლა უნდოდა, უმრავლესობას - სასწავლებლად. ხელისუფლებამ შემოიღო მოდად, თუ ჩამოიტანთ ინგლისურ ენაზე სერტიფიკატს, გარანტირებული სამსახური გექნებათო და ახალგაზრდებიც მიდიან. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ აქაური განათლება და დიპლომი დისკრედიტებული იყოს.

რა მნიშვნელობა აქვს, კონსტიტუციაში ბრეჟნევი ჩამიწერს, ქართული სახელმწიფო ენა არ იყოსო თუ სახელმწიფო დაადგენს, თუკი ინგლისური არ იცი, სამსახურში არ მიგიღებთო. რატომ ვკლავთ ქართულ ენას, როგორ შეიძლება ქართული ენა საქართველოში დისკრედიტებული იყოს? შედით და ნახეთ, რა უცნაური დასახელებები გაჩნდა ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში: ტუტორები, ქვიზები, სქინზები, ფულ-პროფესორები.

რა არის ეს?!  ამას წინათ უნივერსიტეტში პლაკატი დავინახე - "ფართი ყველა სტუდენტისათვის". მეგონა, სტუდენტებს ფართს ურიგებენ-მეთქი და ვიკითხე, ამდენ სტუდენტს ფართს როგორ ურიგებთ-მეთქი. თურმე წვეულება ჰქონიათ სტუდენტებისთვის. ტელევიზიით გამოვიდა ერთი და თქვა, კახეთში ივენთი გვქონდაო. განგებ ვუკეთებთ ამას ქართულ ენას?!

წაკითხული მაქვს ერთი კონცეფცია, რომლის თანახმადაც საქართველოში სოფლები აღარ უნდა იყოს, მხოლოდ ხუთი დასახლებული ძირითადი პუნქტი იარსებებს. ლევან რამიშვილის სტატიაში კი წავიკითხე, 30 წლის მერე მივიღებთ ისეთ ადამიანს, როგორიც გვინდაო. ქართული ენა რა დღეშია, ხომ მოგახსენეთ? აი, ამ სამ სამკუთხედს თუ შევკრავთ, რა გამოვა? ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტი მხოლოდ საგანმანათლებლო ცენტრი არ არის.

ძალიან ბევრი რამის სიმბოლოა. ქართული მენტალიტეტის  მოსაშლელად და 30 წლის მერე სასურველი პროდუქტის მისაღებად  გახდა საჭირო უნივერსიტეტის დისკრედიტაცია. სოფელი კი კონსერვატორია თავისი ბუნებით, ღირებულებებსა და ტრადიციებს დიდხანს ინარჩუნებს.

თუ სოფელი გაქრება, მენტალიტეტიც იოლად შეიცვლება. რატომ არ ესმით, რომ გადაკეთებული ქართველი არავის სჭირდება? რატომღაც ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება დარჩე ქართველად, განვითარდე და სწორედ იმით მიიღო უპირატესობა, რომ ასეთი თვითმყოფადი ხარ. ასეთ ვითარებაში გამოსავლად მიმაჩნია, რომ საკუთარი თავის დანახვა ვისწავლოთ.

აუცილებელია ზოგადი განათლება, რომ მოვლენებს კრიტიკულად შევხედოთ, პოლიტიკოსები გაკეთებული საქმეებით შევაფასოთ. კრიზისს ერთი დადებითი თვისება აქვს: კრიტიკულ აზროვნებას ჩართავს ხოლმე და იმედია, ჩვენს ცნობიერებაშიც მოხდება გარდატეხა. თავი დავანებოთ ოპოზიციის ან ხელისუფლების იმედად ყოფნას, საკუთარი თავის იმედი გვქონდეს. ვიყოთ მეტად მომთხოვნები და ანგარიშსაც მეტად გაგვიწევენ.