"ახლა მარტო ვარ ჩემს სიბნელეში და ვფიქრობ იმაზე, რისი დახატვაც ვერ მოვასწარი"
28-11-2016
"ახლა მარტო ვარ ჩემს სიბნელეში და ვფიქრობ იმაზე, რისი დახატვაც ვერ მოვასწარი"
"უკანასკნელი ტილო ერთი წლის წინ დავხატე - ჩემი სახე და ზედ ჩემი ხელი, რომელიც ასე დამრჩა ჰაერში გაწვდილი. მადლობას ვეუბნები, რომ მთელი სიცოცხლე მემსახურებოდა"

ერთხელ მხატვარმა გივი ვაშაკიძემ მითხრა, - დიდი ხნის წინ პარიზში­ მქონდა გამოფენა, მოვიდა პარიზის­ მერი და რამდენიმე ნახატი იყიდა. ერთი მწვანე მინდორზე გაფრენილი­ თეთრი ცხენები იყო. მითხრა, - ამ ნახატს კაბინეტში დავიკიდებ და როცა უგუნებოდ ვიქნები, შევხედავ და ყველაფერი ცუდი დამავიწყდებაო. ამ სიტყვებს არასოდეს დავივიწყებ, მით
უფრო, თუ მხატვარ გივი ვაშაკიძისა და მისი ვაჟის ნახატებს ვუყურებ - საკმარისია, მათ ნახატებს შეხედო, რომ უჩვეულო შვება იგრძნო.

სამწუხაროა, რომ უცხოეთში ნახატების გამოფენას ვეღარ ახერხებს, თორემ დღეს მათ ნაკლები პრობლემები ექნებოდათ. ყოველ შემთხვევაში, იქნებ არც ბატონ გივის დაჰკლებოდა თვალისჩინი და ბაჩო ვაშაკიძესაც უკეთესი პირობები
ჰქონოდა თავისი განუმეორებელი მხატვრობისთვის - მამისგან განსხვავებით, შვილის ნახატებს კიდევ­ ერთი ძალა აქვს: როცა ამ ტილოების წინ დგახარ, ასე გგონია, უცხო სამყაროში­ მიაბიჯებ, სადაც, უცხოობის მიუხედავად, ყველაფერი იმდენად ნათელია, გაოგნებული­ რჩები.

ასე იყო ამჯერადაც შარდენზე, სადაც მამა-შვილმა, სხვა ტილოებთან ერთად, სამტრედიაში, სოფელ დიდ ჯიხაიშში შესრ­ულებული ნახატებიც გამოფინა. თუ რატომ სოფელში, ამას თავისი სევდიანი ისტ­ორია აქვს, რომელიც მხატვრების დალხენილ ცხოვრებაზე ვერ მოგვიყვება... თუმცა, მთავარი ის არის, რომ დაუღალავად მუშაობდნენ, ვიდრე მამა თვალისჩინს დაკარგავდა. ასე დადგა სიბნელე გივი ვაშაკიძის ცხოვრებაში, რომლის მიღმა დარჩა მრავალი დაუწერელი ტილო და დიდი ტკივილი­ - სულიერიც და ფიზიკურიც - ბატონ გივის საკმაოდ რთული დაავადება - ლეიკემიაც სჭირს, რამაც სიბრმავე გამოიწვია. ამის მიუხედავად, ნახატები ხელის ცეცებით მოაგროვა, მოძველებულ ოჯახის მანქანაში ჩააწყო და თბილისში გამოეშურა. აქ კი, ამ სულით ძლიერი ადამიანის ხმაში სასოწარკვეთა კი არა, იმედი მომესმა. ასევე­ - სიხარულიც, რომ მისი გზა მხატვრობაში მისმა ვაჟმა ღირსეულად გააგრძელა.

- სუსტად ვარ, მაგრამ როცა ჩემი ვაჟის­ ნახატებზე მეუბნებიან, რა სილამაზეაო, ტკივილი მავიწყდება. ალბათ ამიტომაც მომეცა ძალა, თბილისში გამოფენაზე წამოვსულიყ­ავი, თორემ ძალიან ხშირად ვარ ცუდად, ჩემი ცოლიც სულ უფრო ხშირად იძახებს სოფელში სასწრაფოს. საავადმ­ყოფოში მაწვენენ და გადასხმებს მიკეთებენ. ხელები აღარ მემორჩილება. უკანასკნელი ტილო ერთი წლის წინ დავხატე. ზუსტად არ მახსოვს­ დრო, მაგრამ მახსოვს, რა დავხატე­ - ჩემი სახე და ზედ ჩემი ხელი, რომელიც ასე დამრჩა ჰაერში გაწვდილი - მადლობას ვეუბნები, რომ მთელი სიცოცხლე მემსახურა და მაკეთებინა საქმეს, რომელიც მიყვარდა. მართალია, ვერ ვხედავ, რა რეაქცია აქვს ხალხს მის დანახვაზე, სამაგიეროდ, ხმები მესმის, ვგრძნობ, როგორ ათვალიერებს ხალხი ჩემი ვაჟის ნახატებსაც და მეც ვცდილობ, ფეხზე ვიდგე, არ წავიქცე.

- თქვენი "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები ნებისმიერი "ვეფხისტყაოსნის" გამოცემისთვის ენითაუწერელი სიმდიდრეა... თუმცა,­ ალბათ, არის ნახატი, რომლის ნახვაც ისე გენატრებათ, როგორც საყვარელი ადამიანისა.

- ცნობილია, რომ მხატვარს ყველა ნახატი შვილივით უყვარს და რომელსაც გაყიდის, სწორედ ის ენატრება. მე ის გოგონა მენატრება, რომელიც ერთ ჩემს ნახატში მთვარეს უყურებს და ფიქრობს. ეს ნახატიც უცხოეთში გაიყიდა. ახლა მეც ამ გოგონასავით მარტო ვარ ჩემს სიბნელეში და მასავით ვფიქრობ.
ვფიქრობ სულ, გამუდმებით იმაზე, რისი ნახვაც ვერ მოვასწარი, რისი დახატვაც ვერ მოვასწარი და რაც წინ მაქვს...
საუბარი ვეღარ გავაგრძელეთ - ცუდად შეიქნა. არც იყო საჭირო - გარშემო ისედაც იყო ის ზღაპრული სამყარო, რის შესახებაც უნდა გვესაუბრა. ამიერიდან ამ სამყაროს კარს უკვე მისი ვაჟი, მხატვარი - ბაჩო (გიორგი) ვაშაკიძე შეგვიღებს.

ეთერ ერაძე
ნინო კობიძე
02 აპრილი 2018 12:41
დიდი ადამიანი იყო და შესაბამისად ვერ დაფასდა,სამწუხაროდ

რედაქტორის რჩევით