საქართველო მზად არის, უმასპინძლოს "საბავშვო ევროვიზია 2017"-ს - კვირის პალიტრა

საქართველო მზად არის, უმასპინძლოს "საბავშვო ევროვიზია 2017"-ს

2016 წლის "საბავშვო ევროვიზიის" რიგით მე-14 კონკურსზე, რომელიც 20 ნოემბერს ჩატარდა მალტის დედაქალაქ ლა-ვალეტაში, გამარჯვება 239 ქულით 10 წლის მარიამ მამადაშვილმა მოიპოვა, მეორე ადგილი სომხეთის წარმომადგენელს ერგო - 232 ქულით, მესამე ადგილი კი იტალიელმა მომღერალმა დაიმსახურა 209 ქულით.

საქართველო "საბავშვო ევროვიზიის" კონკურსში მესამედ გახდა გამარჯვებული. კონკურსში გამარჯვება პირველად 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" პირველი ადგილი დაიმსახურა. მეორედ, 2011 წელს, ჯგუფი ჩანდყ გახდა ფინალისტი, წელს კი გაგვახარა მარიამმა, რომელიც წარდგა სიმღერით "მზეო" (სამივე კონკურსზე კომპოზიტორ გიორგი კუხიანიძის სიმღერები შესრულდა).

თუ "საბავშვო ევროვიზიაზე" წარმატებით გამოვდივართ, დიდების "ევროვიზიაზე" ბედი არ გვწყალობს. უფროსი თაობის შემსრულებლები ამბობენ, რომ ეს პოლიტიკური კონკურსია. თუმცა ევროვიზიის პროდიუსერი ნათია უზნაძე ამას არ იზიარებს:

- "ევროვიზია" სიმღერის კონკურსია, რომელზეც ფასდება კარგი სიმღერა და კარგი შოუ. საქმე ის არის, რომ მოზრდილებს მხოლოდ ჟიური არ აფასებს, იქ მნიშვნელოვანია ეს-ემ-ესები და ზარები, რაც ყოველთვის ძალიან ცოტა გვაქვს ხოლმე, ბავშვებს კი მხოლოდ ჟიური აფასებს.

- ბავშვების კონკურსმა აჩვენა, რომ კომპოზიტორ გიორგი კუხიანიძის ჩართვა ამ პროექტში ნაყოფიერია. არ გიცდიათ, რომ დიდების კონკურსის სიმღერაც მისთვის დაგეკვეთათ?

- ჩვენ მზად ვართ ვუმასპინძლოთ გიორგისაც, წარმოადგინოს თავისი მომღერალი და პროექტი. უკვე გამოცხადდა შიდაშესარჩევი კონკურსი. წლის დასაწყისში ქვეყანა აირჩევს ერთ კონკურსანტს, რომელიც საქართველოს სახელით წარდგება "ევროვიზიაზე".

- მარიამ მამადაშვილის გამარჯვება არის თუ არა იმის წინა პირობა, რომ "საბავშვო ევროვიზია 2017" საქართველოში ჩატარდება?

- საქართველომ გააკეთა განაცხადი, რომ მზად არის, უმასპინძლოს "საბავშვო ევროვიზია 2017"-ს და გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ევროპის მაუწყებელთა კავშირმა.

"ამ გამარჯვებით ბევრი ქართველი გავახარე"

მარიამ მამადაშვილი: "ვსწავლობდი ევგენი მიქელაძის სახელობის მუსიკალურ სკოლაში, ასევე დავდიოდი სტუდია "ბზიკებში". 2015 წელს აშშ-ში გავემგზავრე და ახლა კონექტიკუტის შტატში, სკოლა Tomlinson-ის მეექვსე კლასში ვსწავლობ. ჩემი საყვარელი მომღერალი მაიკლ ჯექსონია. როდესაც გავიზრდები, მინდა მომღერალი გამოვიდე. მიხარია, რომ ამ გამარჯვებით ბევრი ქართველი გავახარე".

ეკა სალაღაია