"ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ..." - ქართველი სუმოისტის იაპონური ქორწილი
28-11-2016
"ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ..." - ქართველი სუმოისტის იაპონური ქორწილი
"ქორწილი 3 საათს­ გაგრძელდა, საქართველოში რომ მოვილხენთ ხოლმე ცეკვებითა და თამადის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, აქ ასე არ იციან. ვიჯექი მორჩილად, ლუკმაც არ ჩამიდვია პირში, თუმცა, ცერემონია რომ დასრულდა, ახლობლებთან ერთად მამაპაპურად მოვილხინეთ"

"სუმო იაპონელისთვის უფრო ტრადიციაა, ვიდრე სპორტი. მას თავისი წესები აქვს. მაგალითად, ქუჩაში ტრადიციული სამოსითა და ვარცხნილობით გავდივართ. არ გვაქვს უფლება, გვყავდეს საკუთარი მანქანა..."


12 წელია, რაც 29 წლის ლევან გორგაძე იაპონიაში ცხოვრობს, იქ მას ტოჩინოშინის სახელით იცნობენ. წარმატებული სუმოისტია,
ისევე როგორც კიდევ ერთი ჩვენი თანამემამულე, გაგამარუდ ცნობილი თეიმურაზ ჯუღელი. "კვირის პალიტრა" ლევან გორგაძეს იაპო­ნიაში დაუკავშირდა.

- სოფელ ძეგვიდან ვარ. წარსულში სამ­ბოს­ მოჭიდავე პაპამ 6 წლისა ძიუდოზე შემიყვანა. 18 წლის ვიყავი, იაპონიაში რომ ჩამოვედი ჭაბუკთა შორის სუმოს მსოფლიო ჩემპიონატზე. მომდევნო წლებშიც მივიღე ჩემპიონატებში მონაწილეობა და
დავრჩი იაპონიაში. 12 წელია სუმოისტი ვარ, მაგრამ ძიუდო მხიბლავს. აქ რომ ჩამოვედით, სუმოს ცნობილი მოჭიდავე ლევან ცაგურია მოვიდა და დაგვარწმუნა, იაპონიაში თუ დავრჩებოდით, წარმატებას მივაღწევდით. ასე დავრჩით ამ ქვეყანაში მე და გაგამარუ. თავდაპირველად ადამიანებს ერთმანეთისგან ვერ ვარჩევდი, ჩემს თვალში ყველას ერთი სახე ჰქონდა, სახელების დამახსოვრებაც კი მიჭირდა, ენა არ ვიცოდი,­ ცხოვრების­ წესიც უცხო იყო. იაპონ­ელები ძირითადად, უმი პროდუქტით იკვებებიან. ძალიან გამიჭირდა შეგუება, თუმცა, დრო რომ გავიდა, შემიყვარდა და გავსუქდი კიდეც.

- გასასუქებლად სპეციალურ მენიუს გიდგენენ?

- არანაირი მენიუ. დღის რეჟიმს ვიცავთ, კვებით კი ჩვეულებრივად ვიკვებებით, დღეში ორჯერ.

- მაშ, რა გასუქებთ?

- ბრინჯი.

- მთელი იაპონია ბრინჯს ჭამს...

- მე ბევრ ბრინჯს ვჭამ... სუმოისტს წონა სჭირდება, თორემ მოწინააღმდეგეს ვერ გაუმკლავდება... სუმოში ასეთი წესია - კლუბში რომ ახალი წევრი შეჰყავთ,­ სახელს პრეზიდენტი­ არქმევს. მეც ასე მეწოდა ტოჩინოშინი, რაც გულს ნიშნავს. აქ სულ 50 კლუბია და თითოში მხოლოდ ერთი უცხოელია.

- სტანდარტი თუ არსებობს, რა წონა ან სიმაღ­ლე უნდა ჰქონდეს სუმოისტს?

- სიმაღლეში 165 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. მე 192 სმ ვარ. წონის სტანდარტი არ არსებობს. აქ რომ ჩამოვედი, 115 კილოგრამი ვიყავი. ახლა 170 კგ-ს ვიწონი. მიხარია, რომ ქართველმა სუმო­ისტებმა­ ბევრ იაპონელს გავაცანით საქართველო. შარშანდლამდე მეც და გაგამარუსაც გვაცხადებდნენ­ - "გრუზია". ახლა "გრუზია" "ჯორჯიათი" ჩაანაცვლეს...

- რას ნიშნავს იაპონელებისთვის სუმო?

- სუმო იაპონელისთვის უფრო ტრადიციაა, ვიდრე სპორტი. მას თავისი წესები აქვს. მაგალითად, ტრადიციული სამოსითა და ვარცხნილობით გავდივართ. არ გვაქვს უფლება, გვყავდეს საკუთარი ავტომანქანა. წესებს მკაცრად ვიცავთ. წელიწადში ექვსი ოფიციალური შეჯიბრება გვაქვს, მათგან­ სამი - ტოკიოში, სამიც - სხვადასხვა ქალაქში. ასე რომ, ტოკიოში კი ვცხოვრობთ, მაგრამ წლის განმავლობაში 5 თვეს თუ ვატარებთ ამ ქალაქში. ახლაც ფუკოკაში­ ვარ შეჯიბრებაზე.

- მეუღლე თან დაგყვებათ?

- არა, მეუღლე ტოკიოშია. სუმოს ტრადიციებიდან გამომდინარე, არ მაქვს უფლება, ორთაბრძოლებზე წავიყვანო. სანამ ელიტაში არ ხარ, სულ კლუბში ცხოვრობ და არც დაოჯახების უფლება გაქვს.

- ქორწილი იაპონიაში გადაიხადეთ?

- მე და ნინო სოფელში, ერთ სკოლაში­ ვსწავლობდით. ჩვენი სიყვარულის ისტორია­ მე-6 კლასში დაიწყო. შარშან გადა­ვწყვიტეთ, გვექორწინა. ხელი მოვაწერეთ და ჩამოვიყ­ვანე იაპონიაში, ქორწილი ტოკიოში გადავ­იხადეთ 31 იანვარს. ნინომაც საქორწინო კიმონო შეიძინა. ასე რომ, ორივემ კიმონოში გამოწყობილებმა ვიქორწინეთ...
იაპონიაში ოცამდე ქართველი­ თუ ვიქნებით. ყველა დავპატიჟე. ცერემონია 3 საათს­ გაგრძელდა, საქართველოში რომ მოვილხენთ ხოლმე ცეკვებითა და თამადის გრძელ-გრძელი სადღეგრძელოებით, აქ ასე არ იციან. ვიჯექი მორჩილად, ლუკმაც არ ჩამიდვია პირში, თუმცა, ცერემონია რომ დასრულდა, ახლობლებთან ერთად მამაპაპურად მოვილხინეთ.

- მომავალს როგორ ხედავთ, იაპონიაში აპირებთ დარჩენას?

- სულ აქ ყოფნას არ ვაპირებ, ბოლოს აუცილებლად დავბრუნდები. სანამ ორთაბრძოლას შევძლებ, ვიასპარეზებ. დარწმუნებული ვარ, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადამდე ვიჭიდავებ და ბევრი გულშემატკივრის გულსაც გავახარებ.
როდესაც საქართველოდან წამოვედი, მაშინ არც დენი იყო, არც გაზი, არც წყალი,­ ყველაფერი - ანგრეულ-დანგრეული. ახლა რომ ჩამოვდივარ, ვხედავ, ბევრი რამ გაკეთდა და სიტუაცია უკეთესობისკენ იცვლება.

- ვინც დიდი ხნის განმავლობაში თბილისში­ არ ყოფილა, საცობების გამო შეწუხებულია.

- საცობები თქვენ აქ უნდა ნახოთ - მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ავტობანი და ტრასაა, მაინც საოცრად გადაჭედილია ქუჩები. ჩვენ ძირითადად, ტაქსით გადავადგილდებით, მაგრამ აქ მატარებელი ყველაზე მოთხოვნადი ტრანსპორტია.
იაპონიაში მომსახურების სფერო უმაღლეს საფეხურზეა - ყველა გიღიმის, პუნქტუალობით გამოირჩევიან... აქ სხვადასხვა რელიგიის მიმდევრები ცხოვრობენ, ათეისტიც ბევრია. მე და ჩემი მეუღლე ტოკიოში წმინდა ნიკოლოზის რუსულ ეკლესიაში დავდივართ.

ეკა სალაღაია
nana
29 იანვარი 2018 10:41
წარმატებები და ვფიქრობ უკვე მიაღწიეთ წარმატებებს ასახელეთ საქართველო და ახლა მგონი სჯობია თქვენს თავს, წონას და ჯანმრთელობას მიხედოთ!
ნოდარი
08 დეკემბერი 2016 16:34
საამაყო ადამიანი ხარ ლევან...ვამაყობ რომ სკოლაში შენი კლასის დამრიგებელი ვიყავი..მიხარია შენი წარმატებები..ღმერთმა მშვიდობით დაგაბრუნოს სამშობლოში...
NONA CHOCHELİ
07 დეკემბერი 2016 14:29
LEVAN SUL WARMATEBULİ YOPİLİYAVİ MTELİ CXOVREBA SHENS SAYVAREL NİNİKOSTAN ERTAD



რედაქტორის რჩევით