"მიწის რეგისტრაცია კი არ გამარტივდა, გართულდა!" - კვირის პალიტრა

"მიწის რეგისტრაცია კი არ გამარტივდა, გართულდა!"

რა შედეგი მოჰყვა "მიწის რეგისტრაციის შესახებ" კანონის ამოქმედებას? სახელმწიფო ბიუჯეტიდან რა თანხა დაიხარჯა ამისთვის და რაზე მეტყველებს ბოლო პერიოდში რეგისტრირებული მიწების სტატისტიკა? - ამ კითხვებზე პასუხის მიღება საზოგადოების დიდ ნაწილს აინტერესებს.

თეა ზაქარაშვილი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი: - უკვე მოვითხოვეთ მიწების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია, რომლის მიღების შემდეგაც დოკუმენტებსა და ფაქტებზე დაყრდნობით წარმოგიდგენთ დასკვნას, თუ როგორ წარიმართა ბოლო პერიოდში მიწების რეგისტრაცია. ამ კითხვით საზოგადოების არაერთი წარმომადგენელი მოგვმართავს და ვეცდებით, მათი ინტერესი უახლოეს მომავალში დავაკმაყოფილოთ.

გუგული შეროზია, მოქალაქე: - ჩემი აზრით, მიწის რეგისტრაცია კი არ გამარტივდა, პირიქით, გართულდა. წლების წინ ვიყიდე მიწა გაჩიანში, მაშინ რეესტრი არც არსებობდა. ხელთ მხოლოდ ამ მიწის მიღება-ჩაბარების აქტი მაქვს. მეგონა, ახლა დავირეგისტრირებდი, თუმცა არქივში ვერც ერთი საბუთი ვერ ვიპოვე, ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტის კანონიერება კი რეესტრმა საეჭვოდ მიიჩნია.

გაინტერესებთ, დარეგისტრირებისთვის რა გზა უნდა გავიარო? უნდა მივმართო გამგეობას, წარვადგინო აზომვითი ნახაზი და მოვითხოვო ჩემს მიწაზე აუქციონის ჩატარება, რათა ხელახლა ვიყიდო. არც ის არის გამორიცხული, რომ აუქციონზე სხვამ გაიმარჯვოს(?!).

იაგო ხვიჩია, "გირჩის" წარმომადგენელი: - ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ხელისუფლების მიერ ინიცირებულ კანონს "მიწის რეგისტრაციის შესახებ" დიდი შედეგი არ მოჰყვებოდა.

2018 წლის აგვისტომდე უნდა დასრულდეს მიწების რეგისტრაცია, თუმცა ამ პერიოდამდე ისე მივალთ, მიწების 60-70% დაურეგისტრირებელი დარჩება. ამის მიზეზი ის არის, რომ მოქალაქეებს არ გააჩნიათ საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ ნაკვეთებზე, რომელთაც რეალურად ფლობენ. მთავრობა კი მათ ეუბნება, მე მოგიძებნით დოკუმენტებს არქივშიო, მაგრამ რას მოძებნის, რაც არ არსებობს?

წლების წინ მიწის საკუთრებაში გადაცემა სხვადასხვა საბუთის საფუძველზე ხდებოდა. არსებობს საკომლო სიები, სარეგისტრაციო ჟურნალები, მიღება-ჩაბარების აქტები, ნებართვის წიგნაკები, გამოყოფის აქტები და ა.შ. ამ საბუთების დიდი ნაწილი კი ხარვეზიანია, ზოგს ბეჭედი აკლია, ზოგს საჭირო ხელმოწერა და ა.შ. მათი კანონიერების შესწავლა კი, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ასეთი საბუთების გაცემა ყველაზე მოწესრიგებული სამეგრელოში, ქართლსა და კახეთში იყო, მაგრამ ამ რეგიონებშიც კი ფაქტობრივ სარგებლობაში არსებული მიწების 50-60% დაურეგისტრირებელია. უფრო რთული მდგომარეობაა სხვა რეგიონებში, მაგალითად, თუშეთში ერთი მიწის ნაკვეთიც არ არის კერძო პირის სახელზე დარეგისტრირებული, სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და მაღალმთიანი აჭარის ზოგიერთ სოფელშიც იგივე მდგომარეობაა. მთავრობა როგორ იპოვის არქივში იმას, რაც არ არსებობს? ამ არაფრისთვის კი შრომითი რესურსი და საბიუჯეტო თანხები იხარჯება.

თუ ადრე მოქალაქე თავად მიდიოდა არქივში და მიწაზე დამადასტურებელი ცნობის ასაღებად 42 ლარს იხდიდა, ახლა მან მიწის რეგისტრაციის თაობაზე განცხადებით უნდა მიმართოს იუსტიციის სახლს და ეს უკანასკნელი თავად დაიწყებს არქივში საჭირო საბუთის მოძიებას... თუ იპოვის, მოქალაქე ამაში ფულს არ გადაიხდის, თუ არადა, ყველაფერი წყალში ჩაეყრება...

მიწის აზომვითი ნახაზის გაკეთებას სახელმწიფო აფინანსებს, რაც მეტად ძვირი უჯდება - ზომავს იმ მოქალაქის ფაქტობრივ სარგებლობაში არსებულ მიწას, რაც თითოეული მოქალაქის მიწის აზომვის შემთხვევაში 50 ლარი ჯდება. არადა, შესაძლებელი იყო სახელმწიფოს რომელიმე შპს-ისთვის დაევალებინა არა ერთი მიწის, არამედ იმ მოქალაქის სოფელში ყველა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწების აზომვაც. ამ სქემის გამოყენების შემთხვევაში, ერთ მიწაზე აზომვითი ნახაზი არა 50, არამედ 5 ლარიც კი შეიძლება დამჯდარიყო. ასე რომ, სახელმწიფოს ყოვლად გაუმართლებელი ხარჯი აქვს, სასურველი შედეგი კი, არა. მოქალაქეები მიწებს ვერ ირეგისტრირებენ, პირადად მეც ასეთი პრობლემა შემექმნა...

ჯერ კიდევ 2003 წლის იანვარში იგრძნობოდა, რომ სახელმწიფოს გლეხების ფაქტობრივ საკუთრებაში არსებული მიწების დაპატრონების სურვილი გაუჩნდა, თუმცა მაშინ ეს გავაპროტესტეთ და პროცესი შეფერხდა.

ახლა მთავრობა გვეუბნება, 5 წლის განმავლობაში მოქალაქეების ფაქტობრივ მფლობელობაში არსებულ მიწებს არაფერი ემუქრება, შემდეგ კი შესაძლებელია ისინი ისევ სახელმწიფოს ხელში გადავიდესო. მართალია, 5 წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის, მაგრამ ასეთი მიდგომა საქმეს მაინც აფუჭებს. გლეხი ასეთ მიწას ვერც გაყიდის, ვერც გააქირავებს, სამოქალაქო ბრუნვაში ვერ ჩადებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ მიწაზე ინვესტიცია ვერ განხორციელდება.

სამეგრელოში შეიქმნა ასეთი პრეცედენტი - სახელმწიფომ 3000 ჰა მიწა დაირეგისტრირა, რომელიც გლეხებს ჰქონდათ ფაქტობრივ საკუთრებაში. არადა, სახელმწიფო პირიქით უნდა იქცეოდეს - გლეხს მიწას აძლევდეს... გლეხები გაიძახიან, ჩინელები და ინდოელები ჩვენს მიწებს ეპატრონებიანო, ისინი მტრები ჰგონიათ. გლეხი თუ თავად გაყიდის მიწას (და სახელმწიფო არ გაუყიდის), პროტესტის გრძნობა აღარ გაუჩნდება.

ეკა ასათიანი