"მე არ მოვკვდები, როცა მოვკვდები..." - კვირის პალიტრა

"მე არ მოვკვდები, როცა მოვკვდები..."

ლეილა გამსახურდიამ პირველმა გამოსცა ქართულ-ინგლისური სასაუბრო. ინგლისურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას პროზა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით გამოვიდა. ასევე ქართულად თარგმნა ინგლისურენოვანი ლიტერატურის შედევრები. ედგარ პოს შესანიშნავი ლირიკის კრებულის თარგმანი კი თავისი პედაგოგის, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას უძღვნა...

"ადამიანს ყოველთვის ჰქონდა განცდა იმისა, რომ იგი სამყაროს ნაწილია. თანაც ისიც გააცნობიერა, რომ სამყაროს მიკროსკოპული ასლიც არის. მასში, ისევე როგორც უსასრულო სამყაროში, ყოველ წუთს რაღაც ახალი ჩნდება და რაღაც კვდება. ჩადგება ჭიდილი სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. ცვალებადობის მარადიულობა ადამიანის საკუთარი გარდასახვის, გარდაცვალების განცდას გადაეჭდობა. ეს განცდა ადამიანის სიცოცხლის მეორე ნახევარში განსაკუთრებულ სიმძაფრეს იჩენს. აქ ახალი არაფერია, ყველამ უნდა გაიაროს თავისი სიცოცხლის გზა და თავისებურად გადააფასოს საკუთარი სულიერი ღირებულებანი. მაგრამ ყოველი საღად მოაზროვნე ხვდება, რომ ამქვეყნიური სიცოცხლის წარმავლობა მას კიდევ უფრო დასანანსა და მშვენიერს ხდის. ადამიანიც, ისევე როგორც ყველაფერი წარმავალი ამქვეყნად, სათუთად მოსავლელი და ძვირფასია"," - წერს ლეილა გამსახურდია და მისი ლექსებიც ასეთივე განცდების გამოძახილია. ცნობილ მეცნიერს, მთარგმნელს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა. "მე არ მოვკვდები, როცა მოვკვდები", - ამბობს იგი ერთი-ერთ ლექსში. მისი ღვაწლი, ყოველი ნაშრომი მიძღვნილი ქართული ანგლისტიკის განვითარებისათვის, თარგმანები თუ სასაუბროები, მთელი მისი ბიოგრაფია ამასვე ცხადყოფს.

ქალბატონი ლამარა გამსახურდია დის, ლეილა გამსახურდიას ცხოვრების რამდენიმე მნიშვნელოვან ეპიზოდზე გვესაუბრა:

- არაჩვეულებრივი მშობლები გვყავდა. დედა - ალექსანდრა მუჯირი ექიმი გახლდათ, მამა - კარლო გამსახურდია ეკონომისტი. 1938 წელს მამას ტროცკისტობა დასწამეს, რადგან ერთ კრებაზე თქვა, ყველა მოღალატე როგორ არისო და დახვრიტეს. ლეილა მაშინ 12 წლის იყო, მე - ხუთისა. საოცრად წიგნიერი და წესიერი ადამიანი იყო, მახსოვს, როგორ მეთამაშებოდა და ლექსებს მასწავლიდა, ლეილასთან კი დიდხანს საუბრობდა ხოლმე, ხშირად რომელიმე წიგნს განიხილავდნენ.

ქალთა პირველ სკოლაში ვსწავლობდით. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ძალიან მკაცრი სწავლება იყო, ლეილას ხუთიანის გარდა სხვა ნიშანი არასდროს მიუღია. უნივერსიტეტში 1943 წელს ჩააბარა. იყო ღირსეული პედაგოგისა და მოაზროვნის, ერეკლე ტატიშვილის გამორჩეული სტუდენტი. ლეილას ფენომენალური მეხსიერება ჰქონდა, შეეძლო, ერთ დღეში 200 სიტყვა შეესწავლა. მოსკოვში, მორის ტორეზის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტის ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად წარადგინეს. თუმცა, როგორც ტროცკისტის შვილს, პრობლემა შეექმნა და აკადემიკოსი გიორგი ახვლედიანი დიდი რისკის ფასად დაეხმარა. იმხანად მთაწმინდაზე ვცხოვრობდით, მაშინ ტელეფონები არ იყო და ბატონი გიორგი ყოველკვირა ამოდიოდა ჩვენთან და კითხულობდა ჩემი დის ამბავს, ხოლო მოსკოვში ყოფნისას უსათუოდ მოინახულებდა ხოლმე.

ლეილამ მოსკოვშივე დაიცვა სამეცნიერო ხარისხი, რომელიც იმ დროს იყო ქართულ-ინგლისურენოვან სპეციალისტთა შორის პირველი საკანდიდატო დისერტაცია. თბილისში დაბრუნდა და უნივერსიტეტში განაგრძო მოღვაწეობა, კითხულობდა ლექციებს, უამრავი შრომის ავტორი იყო და კონფერენციებზეც ხშირად გამოდიოდა, მოგვიანებით დააარსა ზეპირმეტყველების ლაბორატორია.

ძალიან ყურადღებიანი და მოსიყვარულე იყო. ჩემს განვითარებაზე მშობელივით ზრუნავდა. ის იყო ჩემი ყველაზე დიდი გულშემატკივარი.

იყო სანიმუშო პედაგოგი, პატიოსანი, გულმართალი, კეთილზნეობის და დელიკატურობის მეტრი, განუმეორებელი დედა და ბებია. მისი შვილიშვილები - ქეთი და ანდრო ალექსიძეები დიდი სიყვარულით აღნიშნავენ, რომ მათ ცხოვრებაზე ბებიამ დიდი გავლენა მოახდინა.

ლეილამ ცხოვრება გამოჩენილ იურისტ ლევან ალექსიძეს დაუკავშირა. შემდეგ ისინი დაშორდნენ. მოგვიანებით ცნობილ ფიზიოლოგ ქუჯი ძიძიშვილს გაჰყვა ცოლად.

35 წლისას პოლიართრიტი დაემართა. ძალიან ძლიერი ნებისყოფა ჰქონდა, რაც ავადმყოფობასთან გამკლავებაში დაეხმარა. 65 წლისა უნივერსიტეტიდან წამოვიდა, რადგან სიარული უჭირდა, მაგრამ ასპირანტებთან მუშაობას კვლავ განაგრძობდა. ინგლისურად თარგმნა ვაჟა-ფშაველას პროზა, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ილუსტრაციებით გამოვიდა. ქართულად თარგმნა ინგლისურენოვანი ლიტერატურის შედევრები. ედგარ პოს შესანიშნავი ლირიკის კრებულის თარგმანი უძღვნა თავისი პედაგოგის, ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას... პირველმა გამოსცა ქართულ-ინგლისური სასაუბრო. სიბერის ჟამს დაიწყო ლექსების წერა - ქართულად და ინგლისურად. მისი ლექსების ერთი კრებული გამოიცა კიდეც. ლეილას ერთი ლექსი შეტანილია აშშ-ის პოეზიის ანთოლოგიაში. ზეპირმეტყველების საკითხებთან დაკავშირებით სადოქტორო ნაშრომიც მოამზადა, დაცვა ვერ მოასწრო - 2003 წელს 76 წლისა გარდაიცვალა...

ეკა სალაღაია