იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე გაიხსნა - კვირის პალიტრა

იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხე გაიხსნა

"განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს ხატი მონასტერს უძღვნა არა ვინმე კერძო პირმა, არამედ ქართველმა ხალხმა, რომელსაც ამიერიდან მონასტერში თავისი კუთხე ექნება"

ჯვრის მონასტერში შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე მხარეს დააბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის, "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებლის" - პირველი ასლი

ახლახან იერუსალიმის ჯვრის მონასტერში ისტორიული მოვლენა მოხდა - საქართველოში საგანგებოდ მონასტრისთვის შექმნილი ივერიის ღვთისმშობლის ხატის ქართველთა უძველეს სავანეში სამუდამოდ დაბრძანების შემდეგ, "ქართველთა კუთხე" გაიხსნა. ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან რაც ჯვრის მონასტერი დავკარგეთ, არაერთხელ სცადეს ქართული კვალის წაშლა, წლების წინ კი შოთა რუსთაველის ერთადერთი ფრესკის განადგურებაც მოინდომეს.

30 ოქტომბერს იერუსალიმში, უძველეს ქართველთა ჯვრის მონასტერში, რომელსაც ბოლო საუკუნეებია, ბერძნები განაგებენ, დიდი სიხარულით შეეგებნენ და შოთა რუსთაველის ფრესკის მოპირდაპირე მხარეს დააბრძანეს ივერიის ღვთისმშობლის ხატის - "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებლის" - პირველი ასლი. ხატის მცველების - გიორგი ჭოლოკავასა და ზურაბ შიოშვილის თქმით, მონასტრის წინამძღვარ კლავდიოსის კურთხევით, შეიქმნა ქართველთა კუთხე. მამა კლავდიოსს ამ კუთხის შექმნა შარშანვე განუზრახავს. ხატის მცველების აზრით, ეს სასწაულმოქმედი ხატის კიდევ ერთი სასწაულია, ღვთისმშობელმა თავისი წილხვედრი ქვეყნის შვილები ღირსი გაგვხადა, ჯვრის მონასტერში მისი წინამძღვრობით დავბრუნებულიყავით.

ზურაბ შიოშვილი, ხატი "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებლის" მცველი: - ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საქართველოში შექმნილი ხატის ჯვრის მონასტერში დაბრძანებისას. შევხვდით იერუსალიმის პატრიარქს, უნეტარეს თეოფილე III-ს, რომელმაც შემოგვთავაზა,"ხატის იერუსალიმის საპატრიარქოში დაბრძანება. შევხვდით ღვთისმშობლის საფლავის, მაცხოვრის აღდგომის ტაძრის ეპისკოპოსებს და მაცხოვრისა და ღვთისმშობლის საფლავებს შევწირეთ მაცხოვრის საფლავზე გადასაფარებელი ძვირფასი ნაქარგი დაფარნები წარწერით "ქრისტე აღსდგა". დაფარნა ჯვრის მონასტერსაც შევწირეთ.

- ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხის შექმნის იდეა როგორ გაჩნდა?

- შარშან, ოქტომბერში, "დედოფალი - სიხარულის მომნიჭებლის" ხატთან ერთად ვიმყოფებოდით წმინდა მიწაზე. მრევლი უდიდესი პატივით ხვდებოდა "დედოფალს".

სიხარულით შეგვეგება იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარი კლავდიოსიც, რომელმაც ხატის მცველებს კურთხევა მოგვცა, შექმნილიყო "დედოფლის" ზუსტი ასლი, რომელიც ჯვრის მონასტერში, შოთა რუსთაველის ფრესკის გვერდით დაბრძანდებოდა და იმ ადგილს "ქართველთა კუთხე" დაერქმეოდა. ზუსტად წლისთავზე ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა.

დაუვიწყარი იყო შარშან "დედოფლის" მიბრძანება უდიდეს სავანეში. ძველი წესის თანახმად, როდესაც სავანეში "დედოფლის" ხატი მიბრძანდა, წინამძღვარმა გამოაბრძანა საკურთხევლიდან უძველესი მირონი და ხატს სცხო. სწორედ ამის შემდეგ მოგვცა "დედოფლის" ასლის შექმნისა და ქართველთა კუთხის გახსნის კურთხევა. მონასტრის წინამძღვარმა თვითონვე მორთო ღვთისმშობლის ხატის საბრძანებელი და ქართველთა კუთხე. კლავდიოსი ძალიან გაახარა ჩვენმა ცნობამ, ჯვრის მონასტრისთვის ხატის შესაქმნელად ქართველი მრევლის მიერ შემოწირულობის გაღების შესახებ."განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ეს ხატი მონასტერს უძღვნა არა ვინმე კერძო პირმა, არამედ ქართველმა ხალხმა, რომელსაც ამიერიდან მონასტერში თავისი კუთხე ექნება", - ბრძანა მონასტრის წინამძღვარმა.

ეკა ლომიძე