რატომ მარცხენა, და არა - მარჯვენა?! - კვირის პალიტრა

რატომ მარცხენა, და არა - მარჯვენა?!

მარცხენა თუ მარჯვენასაჭიანი? - ეს შეკითხვა განსაკუთრებით მწვავედ მას შემდეგ დაისვა, რაც ხელისუფლებამ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაზე დაიწყო საუბარი. სპეციალისტები რამდენიმე გარემოებაზე მიგვითითებენ, რისი ცოდნაც აუცილებელია ნებისმიერი მძღოლისთვის...

მევლუდ მელაძე, ავტომრბოლელი, საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი: - რატომ მარცხენასაჭიანი? - პირველ რიგში იმიტომ, რომ საქართველოში საავტომობილო მოძრაობა დაწესებულია მარცხენასაჭიანი ავტომობილებისთვის და შესაბამისად, როცა ვუსწრებთ წინ მიმავალ ავტომობილს, გადავდივართ მარცხნივ, მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს. ასეთ დროს დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ შემხვედრი ავტომობილი არ მოდის, შესაბამისად, ხედვის ფართო არეალი გვჭირდება, ამის შესაძლებლობას კი მარცხენასაჭიანი ავტომობილი გვაძლევს. წინ მიმავალი ავტომობილი სარისკოა კარგი ხედვის პირობებშიც კი, რადგან, შესაძლოა, არასწორად განვსაზღვროთ როგორც ჩვენი, ისე შემხვედრი ავტომობილის სიჩქარე. თუმცა, როცა ამ მანევრს მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ასრულებს, რისკი ორმაგდება, რადგან მძღოლმა ვითარების შესაფასებლად ან გვერდით მჯდომი მგზავრი უნდა გამოიყენოს და, ფაქტობრივად, სხვისი თვალით დანახულით მიიღოს გასწრების გადაწყვეტილება, ან იმდენად გასწიოს ავტომობილი მარცხნივ, რომ შესაძლოა, შეეჯახოს შემხვედრ ავტომობილს, რომელიც თავის გზაზე მოდის...

საგზაო ინფრასტრუქტურაც მარცხენასაჭიანი ავტომობილისთვის არის მოწყობილი. ერთი მაგალითი: როცა მარცხენასაჭიანი ავტომობილით მივადგებით გზაჯვარედინს, ბუნებრივია, მარცხენა მხრიდან უკეთ ვაკონტროლებთ ვითარებას, ვიდრე მარჯვნიდან. სწორედ ამიტომ ენიჭება გზაჯვარედინზე უპირატესობა მარჯვნიდან მომავალ ავტომობილს - ის უკეთ გვხედავს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ მას. როცა ამ წესის შესაბამისად გზას ვუთმობთ ავტომობილს, რომელსაც საჭე მარჯვნივ აქვს, მხედველობის არე მის მძღოლს ჩვენსავით აქვს შეზღუდული, ანუ არა აქვს ის უპირატესობა, რის გამოც მისთვის გზის დათმობაა დაწესებული.

ძალიან მნიშვნელოვანია ფარების მდებარეობაც. განათების კონტური მარცხენასაჭიანს მარცხნივ უფრო მოკლე აქვს, მარჯვნივ კი უფრო გრძელი, რომ კიდეც და მის მიღმაც კარგად დაინახო და არც შემხვედრს შეანათო თვალებში. მარჯვენასაჭიანის ფარის კონტური კი მარცხენა მხარეს უფრო გრძელია, შემხვედრს თვალებში ანათებს და იმის ალბათობა, რომ თვალი მოვჭრათ და მოვყვეთ ავტოსაგზაო შემთხვევაში, იმატებს.

ამასთან, ავტომობილის მართვას ყველა მარცხენასაჭიან ავტომობილზე სწავლობს, ანუ ჩვენმა ინსტინქტებმა უკვე ჩაწერეს მეხსიერებაში, როგორ იქცევიან მართვისას ხელები და ფეხები. მაგალითად, სიჩქარეების ბერკეტს, მით უფრო, თუ მექანიკურია, მარჯვენა ხელით ვრთავთ, მარჯვენა ხელს ვიყენებთ მუხრუჭის ამოწევისას. მარჯვენასაჭიანში კი ამის გაკეთება მარცხენა ხელით გვიწევს, ეს კი ზოგჯერ რეაქციის შეყოვნებას განაპირობებს, ანუ მძღოლი საჭირო დროს სწორ მოქმედებას ვერ აკეთებს.

საჭის მდებარეობა მნიშვნელოვანია პარკირების დროსაც. ძნელია პარკირებიდან გამოსვლა, როცა მანქანებს შორის მჭიდროდ ხარ მოქცეული. პარკირება, როგორც წესი, გზის მარჯვენა კიდეზეა. მარცხენასაჭიანი ავტომობილის მარჯვენა მხარე ახლოს არის ბორდიურთან, მარცხენა კი გზას ხედავს. როცა გზა თავისუფალია, ჩართავ ციმციმას და გზის სავალ ნაწილზე გამოხვალ. მარჯვენასაჭიან ავტომობილში კი მხოლოდ სარკის იმედად ვართ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ სარკეს აქვს ე.წ. მკვდარი ზონა, სადაც უკნიდან მომავალი მანქანა არ ჩანს. მარჯვენასაჭიანით პარკირებიდან გამოსვლისას თითქმის ვერ ვხედავთ შემხვედრი მიმართულებიდან მომავალ ავტომობილს, თუ არავინ გვეხმარება გამოყვანაში, ძნელია დამოუკიდებლად თავის გართმევა.

სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ტექნიკურად კარგად არის გამართული, იაფია და დიდხანსაც მოგემსახურებათ, რასაც ვერ ვიტყვით ამერიკულ მანქანებზე. კარგად გამართული ავტომობილი ამერიკაშიც კი ძვირია და მით უფრო მაღალია მისი ფასი საქართველოს ბაზრისთვის. ამერიკიდან დაზიანებული ავტომობილი ჩამოდის, შემდეგ მას შეაკეთებენ და იმაზე ძვირად ყიდიან, ვიდრე უფრო ახალი და კარგად გამართული მარჯვენასაჭიანი ავტომობილი ღირს.

ავტომატური ჩვევები

ავტომობილის მართვას, როგორც წესი, მარცხენასაჭიან ავტომობილზე სწავლობენ და მეხსიერებაში მართვის ჩვევები ინსტინქტის დონეზე იწერება. მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვისას ინსტინქტური რეაქციების კონტროლი ხშირად მძღოლის რეაქციის შეყოვნებას განაპირობებს.

გზაჯვარედინი

როცა გზაჯვარედინზე გავდივართ, უპირატესობა მარჯვნიდან მომავალ ავტომობილს იმიტომ ენიჭება, რომ მისი მძღოლი უკეთ გვხედავს ჩვენ, ვიდრე ჩვენ ვხედავთ მას. და თუ გზას მარჯვენასაჭიან ავტომობილს ვუთმობთ, მხედველობის არე მის მძღოლს ჩვენს მსგავსად აქვს შეზღუდული. ანუ არ აქვს ის უპირატესობა, რის გამოც მისთვის გზის დათმობაა დაწესებული.

მაშუქები

განათების კონტური მარცხენასაჭიანი ავტომობილის შემთხვევაში მარცხნივ უფრო მოკლეა, ხოლო მარჯვნივ უფრო გრძელი. მარჯვენასაჭიანის შემთხვევაში კი პირიქით არის და შემხვედრს თვალებში ანათებს. ამასთან, ძალიან ხშირ შემთხვევაში, ავტომობილის ფარების გადაწყობა არ გამოდის და მათი მხოლოდ რეგულირება საქმეს არ შველის.

სერვისები

ქალაქის სხვა ინფრასტრუქტურაც, მაგალითად, "თან წაიღე", ყავისა და საკვების სერვისი, შლაგბაუმები და სხვა, მარცხენამხრიანი მოძრაობისთვის არის მოწყობილი.

გასწრება

გასწრების დროს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მძღოლს მხედველობის არე შეზღუდული აქვს.

პარკირება

მარჯვენასაჭიანი ავტომობილისთვის უფრო ძნელია პარკირებიდან გამოსვლა, რადგან ის, როგორც წესი, გზის მარჯვენა კიდეზეა.

"ზოგი ჭირი მარგებელია..."

ზოგიერთი სამსახურისთვის ხელსაყრელია მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. მაგალითად, ამერიკის ფოსტა განგებ იყენებს მარჯვენასაჭიან მანქანებს, რათა ფოსტალიონს არ დასჭირდეს გადმოსვლა და პირდაპირ ავტომობილიდან მოათავსოს გზავნილი საფოსტო ყუთში. კომფორტის გარდა, ეს მძღოლის უსაფრთხოებისთვისაც კეთდება, რათა ყოველ ჯერზე, მანქანიდან გადმოსვლისას, უკნიდან მომავალმა ან შემხვედრმა ავტომობილმა საფრთხე არ შეუქმნას. საქართველოშიც არის რამდენიმე სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ამ პრინციპით მუშაობს და ძირითადად საგაზეთო და სხვა დანიშნულების ჯიხურებს მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით ამარაგებს სწორედ იმიტომ, რომ ასე უფრო მოსახერხებელია.

ემა ტუხიაშვილი