"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია" - 79 წლის მოყვარულმა ალპინისტმა "ხევის პატარძალი" დაიპყრო - კვირის პალიტრა

"დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია" - 79 წლის მოყვარულმა ალპინისტმა "ხევის პატარძალი" დაიპყრო

"მყინვარზე ასასვლელი რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი"

"მთას ქალის ხასიათი აქვს - არ იცი, როდის გაგიღიმებს, როდის მოგიალერსებს, რა დროს დაგატეხს მეხსა და ჭექა-ქუხილს. ამიტომ ფრთხილი უნდა იყო", - ამბობს 79 წლის მოყვარული ალპინისტი, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის თანამშრომელი ავთანდილ ჩხიკვაძე, რომელმაც ორი თვის წინ მყინვარწვერის ღამით დაპყრობა გადაწყვიტა.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, აქ ვაპირებ სიცოცხლის დამთავრებას. მქონდა პატივი, ნიკო კეცხოველთან მემუშავა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომლის დირექტორიც ეს ბუმბერაზი ადამიანი გახლდათ. 1964 წლიდან მაღალ მთის სამეცნიერო ბაზის გამგე ვიყავი ყაზბეგში, სადაც მსოფლიოს ეკოლოგები მუშაობდნენ. მთელი ცხოვრება გავატარე ყაზბეგში და, ფაქტობრივად, 2000 მეტრზე დაბლა არ ჩამოვსულვარ. ყოველთვის მიზიდავდა მყინვარწვერი. მას ტყუილად არ უწოდებენ ხევის პატარძალს, ისე მედიდურად დგას ეს ულამაზესი მწვერვალი... ის ყველას არ ენახვება - შეიძლება კაცი ავიდეს ყაზბეგში, მთელი კვირა იყოს, მაგრამ ვერ დაინახოს.

- რატომ გადაწყვიტეთ "ხევის პატარძლის" ღამით დაპყრობა?

- წარმოუდგენელია, ამ მწვერვალს წლები უყურო და იქ ასვლა არ მოგინდეს. პირველად რომ ავედი მწვერვალზე, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. პირველ სიხარულს მეორე, მესამე... და მეხუთე მოჰყვა. ასე თანდათან გავუშინაურდი დათოვლილ მწვერვალს. მყინვარზე ასასვლელი რთული გზაც არსებობს და იოლიც. ჩემს ასაკში გაცილებით რთულია, მაგრამ ერთი რამ, რაც მთებში სიარულმა მასწავლა, ძალისა და ენერგიის განაწილებაა. მიზნის მიღწევაში, რა თქმა უნდა, ბუნებამ და ამინდმაც უნდა შეგიწყოს ხელი. ხუთჯერ ვცადე მყინვარზე ღამით ასვლა. დღისით რამდენჯერ ავსულვარ, აღარც დამითვლია. მინდოდა, მზის ამოსვლა მენახა და გადამეღო. სექტემბერში სამნი წავედით - მე, ჩემი მეგობარი ვაჟა ჩაგელიშვილი და მისი ახალგაზრდა ძმისშვილი ზურა, რომელიც 14 წლის იყო, პირველად რომ ავიყვანეთ მწვერვალზე. მინდოდა, განთიადი გადამეღო, მაგრამ ფოტოაპარატმა კარგად ვერ იმუშავა, სიცივეში გაიყინა. ღამის პირველ საათზე დავიძარით და 5 საათზე უკვე მწვერვალზე ვიყავით. მზე 7-ის 20 წუთზე ამოვიდა, ეს საოცრება იყო, რომელიც არავის უნახავს. მყინვარწვერის უკან არის მწვერვალი ყურო, რომელზეც მზის ჩასვლის დროს მყინვარწვერის ჩრდილი საოცრად აცოცდება ხოლმე. აი, მზის ამოსვლის დროს ეს ჩრდილი არავის უნახავს - პირამიდასავით ჩანს მასზე მყინვარწვერი. დგახარ 5049 მეტრ სიმაღლეზე და ქვეყანა შენი გგონია. ალპინისტობის დროს შეძენილი მეგობრები სულ სხვაა, მათ შენს სიცოცხლეს ანდობ. გარდა ამისა, სიმაღლეების დაპყრობა სტიქიაა ალპინისტისთვის.

აგვისტოში კიდევ ვაპირებ მყინვარწვერზე ასვლას. მინდა, სტუდენტებიც ავიყოლიოთ. ასევე, ვაპირებთ ამ აქციაში შშმ პირების ჩართვას, სადამდეც წამოვლენ, წამოვიდნენ, 100 მეტრიც რომ გაიარონ, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება მსოფლიო რბენის მსგავსი აქცია, რომელშიც ვმონაწილეობდი და ჩემი ასაკის მორბენლებს შორის პირველი ადგილი მოვიპოვე, მსოფლიოში კი მე-15, ლოპოტის ხეობიდან ლაგოდეხამდე 8 კმ ვირბინე.

- მწვერვალების დაპყრობა ჟინია?

- მიზნის მისაღწევად მთებთან ჟინიანობა არ შეიძლება. მთებს ლამაზ ქალს ვადარებ - მასავით უნდა ეფერო, დაიმორჩილო, მთასთან ჟინიანობა არ შეიძლება. როცა ხვდები, მკაცრია და არ გიშვებს, თავი უნდა გაანებო, მერე კიდევ სცადო... ვინც ჩვენი ფოტოები ნახა, არც უკითხავთ, ასე რატომ გავრისკეთ. რისკი მთაში ყოველთვის არის. გზად ნაპრალებია და შეიძლება ჩავარდე, ნისლი თუ წამოგეწია, უნდა შეჩერდე, თორემ დამთავრებული საქმეა...

მთას მართლაც ქალის ხასიათი აქვს - არ იცი, როდის გაგიღიმებს, როდის მოგიალერსებს, რა დროს დაგატეხს მეხსა და ჭექა-ქუხილს. ამიტომ მასთან ურთიერთობაში ფრთხილი უნდა იყო. ქალივით არც მთამ იცის შეცდომის პატიება და თუ შეგეშალა, მიწასთან გაგასწორებს, ზემოდან დაგიწყებს ცქერას, აქაოდა, როგორ გაბედე ჩემთან ახლოს მოსვლა და ხელის ხლებაო. ეს რომ არ მოხდეს, მასზე ძლიერი უნდა იყო, ყველა კუთხიდან უნდა იცნობდე მის ხასიათს და ბუნებას, დიდი ნებისყოფა, სიყვარული და მიზანი უნდა გამოძრავებდეს.

ნანა ფიცხელაური