"როცა ომი დაიწყო, ჩემი ბიჭები არც დაფიქრებულან, ისე წავიდნენ საომრად. მეც რა გამაჩერებდა... ბრძოლის ველზე წავედი"
21-12-2016
"როცა ომი დაიწყო, ჩემი ბიჭები არც დაფიქრებულან, ისე წავიდნენ საომრად. მეც რა გამაჩერებდა... ბრძოლის ველზე წავედი"
"სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა"

"ამ ომში კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს"


მას ომში იარაღით არ უბრძოლია, საკ­უთარი სიცოცხლის ფასად სხვების­ გადარჩენაზე ზრუნავდა და დაჭრილებს
საველე პირობებში მკურნალობდა... ლეგენდარული "ჯარისკაცის მამის" მსგავსად, შვილებს ჩააკითხა და ომის დამთავრებამდე მათთან ერთად იყო. ამ ისტორიის მთავარი პერსონაჟიც კახელი მშობელია - ოღონდ დედა. "ჯარისკაცის მამის" დრამატული ფინალისგან განსხვავებით, ბრძოლის ველიდან დედა შვილებთან ერთად ცოცხალი დაბრუნდა.

25 წლის გოჩა და 23 წლის ოთარ ჭიკაიძეებს აფხაზეთის
ომში დედამ ერთადერთი მიზეზით ჩააკითხა - სადაც ჩემი შვილები არიან, მეც იქ უნდა ვიყოო. ომი 13 თვესა­ და 13 დღეს გაგრძელდა. სოხუმის დაცემამდე 42 წლის მზია ჭიკაიძე ორ შვილთან ერთად გმირულად იბრძოდა, წამოსვლაზე არც უფიქრია. ერთი შეხედვით დაუჯერებელი ამბის მთავარი გმირი ახლა 65 წლისაა და ახმეტაში ცხოვრობს. ომის ქრონოლოგია და ყველა დეტალი კარგად ახსოვს.
თანამედროვე ჯარისკაცის დედა პირველად "კვირის პალიტრასთან" იხსენებს 23 წლის წინანდელ ამბებს:

"მთელი ცხოვრება რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვმუშაობდი. აფხაზეთის ომის დაწყებამდე ერთი წლით ადრე სამუშაოდ გვარდიის ჰოსპიტალში გადავედი. ორივე შვილი სამხედრო პირი მყავს, ოფიცრები არიან. 1992 წელს, როცა ომი დაიწყო, არც დაფიქრებულან, ისე წავიდნენ საომრად. მეც სახლში რა გამაჩერებდა, ექიმების ჯგუფში ჩავეწერე და ბრძოლის ველზე წავედი. ეს ამბავი ახლობლებსა და ოჯახის წევრებს­ დავუმალე, მხოლოდ ჩემმა დამ იცოდა, სად მივდიოდი. ისე განიცადა, რომ გულით დაავადდა... პირველად სოხუმში, რკინიგზის სადგურში ჩავედით, იქიდან ბაბუშერის აეროპორტში გადაგვიყვანეს. იქვე იყო საველე ჰოსპიტალი, რომელიც ვიღაცის აგარაკზე განეთავსებინათ. უმცროსი ვაჟი დაზვერვაში იყო, უფროსი - გია ყარყარაშვილის დაცვაში. მართალია, ვიცოდი, სად იყვნენ ჩემი შვილები, მაგრამ ვერ ვნახულობდი, იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. სიკვდილის შიში არ მქონდა, ან რა უფლება მქონდა, ამაზე მეფიქრა, როცა ვიცოდი, რომ ორივე შვილი ფრონტის წინა ხაზზე მყავდა. ომში ყოველი წამი გადამწყვეტია, რა დროს რა გელოდება, არავინ იცის. უამრავი დაჭრილი შემოჰყავდათ. ახალმოყვანილ პაციენტებში ჩემს შვილებს ვეძებდი...

მახსოვს, აღდგომის დღეები იყო და მითხრეს, რომ უმცროსი ვაჟი, გოჩა, გაუჩინარდა. 10 დღის განმავლობაში ვერაფერი გავიგე. მხოლოდ ის გავარკვიე, რომ ბოლოს ჩვენი ჰოსპიტლისგან მოშორებით მდებარე შტაბში ყოფილა. გადავწყვიტე, მარტოს მომეძებნა, თუმცა ჩვენი ჯარისკაცებიც­ თან გამომყვნენ. ჯერ შტაბამდე არ ვიყავით მისული, რომ გზაზე ტალახში ამოსვრილი ოთხი ჯარისკაცი შევნიშნეთ. ჩემი შვილი სიარულით ვიცანი. როგორც მიამბო, მთელი იმ ხნის განმავლობაში შტაბიდან მოშორებით, ჭაობში მყოფები მტერს ზვერავდნენ. გადაირია, რომ დამინახა. აქ რამ მოგიყვანა, შენზე ვინერვიულო თუ საქმე გავაკეთოო".

"ოთხი ახალგაზრდა ექიმი დამეღუპა"


"ექიმებს არ გვქონდა უფლება, ბრძოლის ველზე შევსულიყავით და დაჭრილები გამოგვეყვანა, მაგრამ დესანტის გადმოსხმის დროს იმდენი დაიჭრა, რომ მათ გადასარჩენად მაინც გვიწევდა გასვლა.

ერთ-ერთი გასვლის დროს ჰოსპიტალი დაბომბეს და ოთხი ახალგაზრდა ექიმი დამეღუპა,­ ჩემი შვილის ტოლები... მერე სოხუმში ჩვენს ექთანებს, გოგონებს, თავები დააჭრეს. ყოველივეს საშინლად განვიცდიდი, მაგრამ სასოწარკვეთილებაში ჩასავარდნად დრო არ მქონდა. არ დამავიწყდება ერთი დაჭრილი­ მებრძოლის თვალები, შველას რომ მთხოვდნენ. ამის გახსენებაც კი მზარავს.

სოხუმის დაცემამდე რამდენიმე დღით ადრე დაჭრილებს თბილისში ვგზავნიდით, სწორედ­ ამ დროს ჩვენს მანქანას ჭურვი ესროლეს. ანასხლეტი თავში მომხვდა და მძიმე ტრავმა მივიღე, თუმცა გონება არ დამიკარგავს. სხვა ავტომობილში გადაგვიყვანეს და ოჩამჩირის გავლით თბილისში დავბრუნდით. არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან გზიდან დანახული ოჩამჩირის დანგრეული საავადმყოფო და ეზოში მწოლიარე დაჭრილები. რამდენი კაცის მოთავსებაც შევძელით, წამოვიყვანეთ". "

დაკარგული დღიურები


"ომის დროს ჩანაწერებს ვაკეთებდი. იმდენად სწრაფად ვითარდებოდა მოვლენები, რომ 13 თვის განმავლობაში რამდენიმე რვეული შევავსე. დასანანია, რომ რვეულები ჩვენი სასწრაფოს აფეთქების დროს დავკარგე. დაჭრილები ვიყავით, ვინ დარდობდა ჩანაწერებს. ახლაც, როცა ომისდროინდელი ამბები მახსენდება, რვეულში ვინიშნავ ხოლმე. ალბათ, მოვა დრო და ჩანაწერები დღის სინათლეს ნახავს, ძალიან მინდა გამოვცე.

ფრონტის ხაზზეც მქონია ბედნიერების წამები - იქ გავიგე, რომ შვილიშვილი შემეძინა. ჩემთვის ძალიან მძიმე გასახსენებელია აფხაზეთის ომი. კარგი ახალგაზრდები დავკარგეთ. გული მწყდება, რომ ახალმა თაობამ მათ შესახებ არაფერი იცის. იყო შემთხვევები, როცა ხუთი კაცი ერთი იარაღით იბრძოდა. ეს ხომ არ უნდა მიეცეს დავიწყებას?! ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ჩვენი გმირები, რომლებმაც საქართველოს უახლესი ისტორია შექმნეს".

თორნიკე ყაჯრიშვილი
...
28 მარტი 2017 17:56
ჩემი გმირი ბიძაშვილი მენატრები
Natiaa
27 მარტი 2017 20:03
Mzia deida gmiri qali xar da dgemde gmirulad uzgvebi ojaxs,gmertma didxans gacocxlos.gvikvarxar ......
ilo-ilo
22 დეკემბერი 2016 14:40
...ერთ-ერთი გასვლის დროს ჰოსპიტალი დაბომბეს და ოთხი ახალგაზრდა ექიმი დამეღუპა,­ ჩემი შვილის ტოლები... მერე სოხუმში ჩვენს ექთანებს, გოგონებს, თავები დააჭრეს.ერთმორწმუნე ერის ნაკეთებს ჰგავს ეს საქმე...

რედაქტორის რჩევით